ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“აფხაზური ენის განვითარება ცალკე, განყენებულად ვერ მოხდება” – ნუკრი ქანთარია

საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის. საქართველოს პრემიერ მინიდტრის განცხადებით, ეს პროგრამა, რომელიც მრავალმხრივ ღონისძიებებს ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება აფხაზებთან ნდობის აღდგენის პროცესში. პრემიერი იმედოვნებს, რომ საზოგადოება ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

რამდენად მნიშვნელოვანია აფხაზური ენის დაცვის და განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, ხომ არ არის დაგვიანებული და რა რეაქციები მოყვება ამ ინიციატივას აფხაზეთის დეფაქტო და რუსეთის ხელისუფლებების მხრიდან? – ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი GNN-თან პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.

ბატონო ნუკრი, როგორ შეაფასებდით პრემიერის ინიციატივას და რამდენად შეუწყობს მსგავსი პროგრამის განხორციელება აფხაზებთან დაახლოვების პროცესს?

პირველ რიგში, მინდა აფხაზური ენის დღე მივულოცო ყველას და განსაკუთრებით ჩვენს აფხაზებს. მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას აფხაზური ენის დაცვის და განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით. აფხაზებმა და ქართველებმა უნდა გადალახონ ის ფსიქოლოგიური ბარიერები, რაც მათ ამ დამწვარი ხიდების აღდგენაში და ურთიერდაახლოვებაში ხელს უშლის. ამ პროცესში, ვფიქრობ, კულტურამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. მიმაჩნია, რომ პროგრამა გაწერილი უნდა იყოს და ვიცოდეთ, რა რის შემდეგ უნდა გაკეთდეს. აფხაზური ენის დაცვის კუთხით მუშაობაა საჭირო, ისევე როგორც სახელმწიფო ენას სჭირდება დაცვა. არაერთი ნაბიჯია ამ კუთხით გადასადგმელი, მათ შორის არის კულტურის კომიტეტის ცალკე შექმნა პარლამენტში. ერთობლიობაში უნდა მიდიოდეს მუშაობა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის პარალელურად პარლამენტში უნდა შეიქმნას აფხაზებთან და ოსებთან კულტურული და მეგობრული ურთიერთობის აღდგენის კომისია. ამას უნდა დაემატოს სხვა არაერთი ღონისძიების გატარება, რაც საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს. აფხაზური ენის განვითარება ცალკე, განყენებულად ვერ მოხდება, ეს უნდა მოხდეს სახელმწიფო ენის განვითარებასთან ერთად. ორივე სახელმწიფო ენაა და კონსტიტუცია იცავს. თუ სახელმწიფო ენას სათანადოდ არ დავიცავთ, მაშინ ცალკე აფხაზური ენის დაცვაზე ლაპარაკი, შედეგის მომცემი არ იქნება.

ანუ პრემიერის ინიციატივას მთელი რიგი კომპლექსური ნაბიჯები უნდა მოყვეს?..

რა თქმა უნდა. აფხაზური ენის პარალელურად ასეთივე ყურადღება უნდა დაეთმოს ოსურ ენასაც. ეს პროცესი ცალმხრივად არ შეიძლება განხორციელდეს. ზემოთაც აღვნიშნე, რომ აფხაზური ენის დაცვის და განვითარების სახელმწიფო პროგრამა მრავალმხრივი და მრავალასპექტიანი უნდა იყოს.

არ ფიქრობთ, რომ ცოტა დაგვიანებულია საქართველოს  ხელისუფლების მხრიდან იგივე აფხაზური ენის დაცვაზე ზრუნვა აფხაზებთან ჩატეხილი ხიდების აღდგენა-დაახლოების მიზნით?

დაგვიანებული არასდროს არაფერია. ჭრილობების მოშუშება იყო საჭირო. ამას დრო უნდა. რა თქმა უნდა, ყოველი გასული წელი სულ უფრო გვაშორებს აფხაზებს, გაუცხოვება მატულობს. მაგრამ ამ ყველაფერს სიფრთხილით უნდა მიდგომა. დაახლოებით ვიცით აფხაზი საზოგადოების განწყობები, ისევე როგორც ოსი ხალხის. თუმცა, ჯერ კიდევ არის ძაფები, რასაც შეიძლება ხელი მოვკიდოთ და უკეთესობისკენ წავიყვანოთ პროცესი.

როგორ მიიღებენ აფხაზები საქართველოს მთავრობის მხრიდან აფხაზური ენის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებს? ალბათ, არც რუსები იქნებიან უმოქმედოდ?!

დეფაქტო ხელისუფლება, ბუნებრივია, იმას იტყვის, რაც დაევალება. რა თქმა უნდა, ისინი თანმხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამენ. იტყვიან, ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და აფხაზური ენის დაცვაზე ჩვენ ვიზრუნებთ თუ საჭიროაო. დააფიქსირებენ, თქვენ დახმარებას არ ვსაჭიროებთო. მაგრამ აფხაზეთში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისშიც პრემიერის ეს ინიციატივა დადებით ემოციებს გამოიწვევს. აი, ეს ადამიანები უნდა გამოვიყენოთ ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის განხორციელებაში. ვგულისხმობ, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, სპორტსმენებს. აი, მაგალითად, ვიტალი დარასელიას საიუბილეო წელი სოხუმში მნიშვნელოვნად აღნიშნეს. ჩვენც შეგვეძლო აგვეღნიშნა. არ უნდა გამოგვრჩენოდა, თუმცა ვფიქრობ, ჯერ კიდევ გვიან არ არის. ესეც გარკვეული იმპულსი იქნებოდა აფხაზებისთვის. მსგავსი ღონისძიებები არ უნდა გამოგვრჩეს, თუ გვინდა რეალურად ვეძებოთ გადამწვარი ხიდების აღდგენის გზები და არა მხოლოდ დეკლარირების დონეზე დარჩეს. ვიმეორებ, ამას კომპლექსური ღონისძიებები უნდა მოყვეს.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...