ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ვის როგორ დაამახსოვრდა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა

„მე შევძელი და გავხდი ზეპარტიული პრეზიდენტი”, – ასე შეაფასა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წელი.

როგორი პრეზიდენტი იყო გიორგი მარგველაშვილი, რით დაამახსოვრა თავი პოლიტიკოსებს და პოლიტოლოგებს?

„ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მარგველაშვილმა თავი ყველას ვეტოს დადებით და კითხვის ნიშნებით სავსე პატიმართა შეწყალებებით დაამახსოვრა. ოპოზიცია კი თვლის, რომ მას შეეძლო ოპოზციის თვალსაჩინო ლიდერი გამხდარიყო და მან ამის ნაცვლად უმოქმედობა აირჩია.

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად 2013 წელს 62%-ით აირჩიეს. ის „ქართული ოცნების” კანდიდატი იყო. ინაუგურაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ მისი და ბიძინა ივანიშვილის გზები გაიყო – პრეზიდენტმა უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებული რეზიდენცია დაეტოვებინა, რის გამოც ყოფილმა პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მარგველაშვილმა „ხასიათი გამოავლინა” და მასში შეცდა.

მთელი 5 წლის განმავლობაში „ოცნებასა” და მარგველაშვილს შორის მუდმივი კინკლაობა-დაპირისპირება იყო. ერთ-ერთი ბოლო თემა, რის გამოც „ოცნებამ” პრეზიდენტი გააკრიტიკა პატიმრების შეწყალების საკითხი იყო.

პარლამენტის სპიკერის განცხადებით, „არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ უფრო „მოწყალე”, ვიდრე აშშ-ს ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი”.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, მარგველაშვილის რეპუტაცია იმდენად დაბალი იყო, არჩევნებში მონაწილეობაც ვერ გაბედა.

„ოცნების” დეპუტატი ნუკრი ქანთარია თვლის, რომ მარგველაშვილმა თავი ვეტოს დადებით დაამახსოვრა ყველას, თუმცა პრობლემები მაინც არავისთვის შეუქმნია.

„მთავარი ისაა, რომ მას არავითარი ზიანი არ მიუყენებია და მკვეთრი მოძრაობები არ ჰქონდა. მას ისტორია შეაფასებს. იყო რაღაც ხარვეზები. ვეტოების რეკორდსმენი აღმოჩნდა, ვეტოებით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ამ ვეტოებსაც არ მოუყენებია ზიანი, იმიტომ რომ, რომელსაც არ ვეთანხმებოდით, მაინც ვხსნიდით. დასაწყისში უფრო ბევრი პრეტენზია მქონდა, მაგრამ ახლა ექსპრეზიდენტზე მეტს აღარაფერს ვიტყვი,” – ამბობს „რეზონანსთან” საუბრისას ქანთარია.

თავად მარგველაშვილს წინამორბედი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობა „ერთი დიდი გაუგებრობა იყო” და მან თავი ხალხს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით და კარტოფილითა და წინდების ქსოვით დამაახსოვრა.

მისი თქმით, მარგველაშვილმა ხალხს თავი დაამახსოვრა იმით, რომ შევიდა მის მიერ აშენებულ სასახლეში, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა-კვალი მან გაუკაფა და იმით, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა.

„არამგონია, წინდების ქსოვა და კარტოფილის მოყვანა ისტორიაში შესვლის ღირსი იყოს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მარგველაშვილი, როგორც ქართული სახელმწიფოს მეთაური, ისტორიაში შევა არა როგორც “გიორგი ბრწყინვალე” ან “ავ-გიორგი”, არამედ როგორც “გიორგი უცნაური”.

„იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ ვიხსენებ რაიმე სერიოზულ პრობლემას, წმინდა საქმიანი თვალსაზრისით”,– განაცხადა უსუფაშვილმა.

„რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ მარგველაშვილი თავის საქმიანობით საერთოდ არ უქმნიდა ხელისუფლებას არანაირ პრობლემას და მას ჰქონდა არაერთი შანსი, რომ გამხდარიყო ოპოზიციაში თვალსაჩინო ფიგურა თავის პრეზიდენტის პოსტიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ მან არ ისურვა პოლიტიკაში ჩაბმა.

„საბოლოო ჯამში, გამოვიდა ისე, რომ ხელისუფლებაშიც არავინ დატოვა კმაყოფილი, ოპოზიციაშიც და მაინცდამაინც დიდი კვალიც ქვეყანას ვერ დააჩნია,” – მიიჩნევს ზურაბიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე თვლის, რომ მარგველაშვილმა არაფერი გააკეთა.

„ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, გიორგი მარგველაშვილმა, რომ არაფერი გააკეთა, ამას უთვლის საკუთარ თავს მიღწევად. მხოლოდ ის, რომ მან მოახდინა დემონსტრირება, რომ ის რაღაცნაირად არ ერთვება მწვავე პოლიტიკურ დებატებში თუ პაექრობაში და არ ეპოტინება თანამდებობას, დიდი ვერაფერი მიღწევაა, – აღნიშნა ბარამიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მარგველაშვილი დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად ხშირად კანონებს ვეტოს ადებდა, ამ ბავშვურობამ, მის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გააქრო.

„გიორგი მარგველაშვილი დამამახსოვრდა როგორც ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ ამ გაუგებარი ინსტიტუტისთვის, რასაც დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია, რაც შეიძლება მაღალი სტატუსი ჩამოეყალიბებინა.

“გაჩნდა რაღაც ბავშვური მომენტები, როდესაც სიმყარის, დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად ხშირად ვეტოს ადებდა იმას, რისთვისაც ვეტოს დადებას აზრი არ ჰქონდა, რადგან უმრავლესობა მაინც თავისას გადაწყვეტდა. ამ სიჯიუტემ, ცოტა ბავშვურობამ, მოსახლეობის დიდ ნაწილში მის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება გააქრო, თორემ თავისთავად, თუ ამ მოვლენას, როგორც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, გაგებით მოეკიდები, ალბათ ვეტოები ასე თვალშისაცემი აღარ იქნება”, – ამბობს საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მარგველაშვილმა შეძლო ყოფილიყო დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რის გამოც მისით კმაყოფილი არც ოპოზციაა და არც მმართველი ძალა.

„სააკაშვილის იმ მოსაზრებას არ ვიზიარებ, რომ მარგელაშვილმა ჩამოართვა მას მოქალაქეობა. კანონითაა განსაზღვრული, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებ, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას. ჩემი აზრით კი, მარგველაშვილი ისტორიაში შევა, როგორც პირველი პრეზიდენტი საპარლამენტო მმართველობის პირობებში.

“ეს საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ, ახალი ინსტიტუტი ახალი ფორმატით უნდა ჩამოყალიბებილიყო და მნიშვნელოვანი იყო პირველი პრეზიდენტი ამ პოსტზე როგორ მოიქცეოდა. საპარლამენტო მმართველობის ფორმიდან გამომდინარე მარგველაშვილი აკეთებდა ყველაფერს იმ ჩარჩოებში, რაც მას კონსტიტუციამ განუსაზღვრა.

“მან შეძლო ყოფილიყო მართლაც დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენ ასეთ რამეს მიჩვეულები არ ვართ, ამიტომაც ის ჯვარედინი დარტყმის ქვეშ მოექცა, როგორც ოპოზციიდან, ისე ხელისუფლებიდან. ვერც ერთმა მხარემ ბოლომდე ვერ ირწმუნა, რომ მარგველაშვილი დამოუკიდებეელი იყო და ორვე მხარე ერთმანეთზე ეჭვიანობდა – ვის პოზიციას იცავდა მარგველაშვილი,”– ამბობს ძაბირაძე.

მისი თქმით, ის, რომ მარგველაშვილი ხშირად იყენებდა ვეტოს – ამაში არაფერია დასაძრახი, რადგან საპარლამენტო მმართველობაში ვეტო ერთდაერთი მექანიზმია, სადაც პრეზიდენტი თავის პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს ამა თუ იმ კანონთან მიმართებაში.

„მარგველაშვილი იყო საკმაოდ წარმატებულ პრეზიდენტი იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც მას კონსტიტუციამ განუსაზღრა,” – დასძენს ძაბირაძე.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: GNN.GE

x

ასევე ნახეთ

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 დე­კემ­ბე­რის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დათ­ბე­ბა და ღა­მით 3-8 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, დღი­სით 15 ...