ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

დაასახელეთ 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი – გამოკითხვა

დაასახელეთ 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი?!

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...

2018 წელი დასასრულს მიუახლოვდა. სპორტული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, დასრულდა კიდეც. წელი, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში გამოირჩა მნიშვნელოვანი გამარჯვებებით და ისტორიული შედეგებით.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მოგებული ATP ტურნირები, ლაშა ტალახაძის წარმოუდგენელი რეკორდები, გურამ თუშიშვილისა და გენო პეტრიაშვილის მსოფლიოს ჩემპიონობა, ზაზა ფაჩულიას ზედიზედ მეორე საჩემპიონო ბეჭედი, ზაზა ნადირაძის ისტორიული ევროპის ჩემპიონის ტიტული და იმპერატორის თასი – ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელმაც 2018 წელს არაერთხელ ასახელა თავისი სამშობლო შორეულ იაპონიაში.

WORLDSPORT.GE გთავაზობთ გამოკითხვას, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ სურვილისამებრ აირჩიოთ საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი. გამოკითხვა ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ყველაფერი თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. არჩევანის გაკეთება კი, ზემოხსენებულ სპორტსმენებს შორის მოგიწევთ…

ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)

26 წლის ჩოგბურთელისთვის 2018 წელი კარიერის პიკი გამოდგა. ასეთი წარმატებული პერიოდი არათუ ბასილაშვილის, არამედ დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაშიც არ ყოფილა. ნიკოლოზმა 2018 წელს ორი 500-იანი ATP-ის ტურნირი მოიგო. პირველ, ისტორიულ წარმატებას ივლისში უწია, როდესაც გერმანიის ღია პირველობაზე იჩემპიონა. ჩვენებურმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო, სადაც პირველ წრეში მასპინძელი ტობიას კამკე ორ სეტში 7:5, 6:2 დაამარცხა. შემდეგ კი, ავსტრიელ იურგენ მელცერს დაძაბულ ბრძოლაში 6:4, 4:6, 7:5 აჯობა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

1/16 ფინალში ნიკას მეტოქე გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იყო და სამ სეტში, 7:5, 1:6, 6:4 მოუგო. მერე კი, ჯერი მერვედფინალზე და ურუგვაელ პაბლო კუევასზე მიდგა, რომელსაც ქართველმა 7:6, 6:4 სძლია და მეოთხედფინალს უწია. აქ ბასილაშვილი ფავორიტად ნამდვილად არ ითვლებოდა, რადგან იმ დროისთვის მსოფლიოს მე-13 და ტურნირის მე-3 ჩოგან პაბლო კარენო ბუსტას ხვდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენებურმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და გაცილებით გამოცდილი მეტოქე 7:6, 6:4 დაამარცხა. ნახევარფინალში 26 წლის ჩოგბურთელმა ჩილელ ნიკოლას იარს 7:5, 0:6, 6:1 აჯობა და ჰამბურგის ტურნირის ფინალში აღმოჩნდა.

2018 წლის 29 ივლისს, ბასილაშვილმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ის გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP 500-ქულიანი ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ მატჩში ნიკამ არგენტინელი ლეონარდო მაიერი 6:4, 0:6, 7:5 დაამარცხა!

  • ბასილაშვილის ისტორიული შედეგი

ეს ყველაფერი არ ყოფილა. 2 ოქტომბერს საქმე ჩინეთის ღია პირველობაზე მიდგა, რომლის პირველ წრეში ამერიკელ ჯეკ სოკს 6:7, 7:5, 6:2 აჯობა და პეკინში წარმატებული სტარტი აიღო. მერვედფინალში ნიკამ გამოცდილი ფერნანდო ვერდასკო დაამარცხა ორ სეტში. ესპანელს ბასილაშვილმა 7:6, 6:4 აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ძალიან ადვილად იმარჯვა.

მისი მეტოქე ტუნისელი მალეკ ჯაზირი იყო, რომელსაც ქართველი ადვილად გაუმკლავდა – 6:2, 6:2. ნახევარფინალში მორიგი წინაღობა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კაილ ედმუნდი გახლდათ, მაგრამ ჩვენებური მასაც არ შეუშინდა და ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა. შედეგად, ნიკა მეორედ გავიდა 500-იანი ტურნირის ფინალში. ფინალში, სადაც ბასილაშვილს თვით ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა. მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერთან მან ორ სეტში გაიმარჯვა (6:4, 6:4) და მეორედ მოიგო ATP ტურნირი!

  • ბასილაშვილი China Open-ის ჩემპიონი გახდა

გარდა ამისა, ნიკას აქტივში უნდა შევიტანოთ ამერიკის ღია პირველობა. დიდი მუზარადის ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილმა სამი ეტაპი გადალახა და მერვედფინალს უწია. პირველ წრეში ქართველმა სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს 3:2 სძლია (6:2, 4:6, 6:2, 2:6, 6:4).

მეორე წრეში ჯეკ სოკი დაამარცხა. ამერიკელს 4 სეტში აჯობა – 3:1 (4:6, 6:3, 6:2, 7:6) და ჯერი 1/16 ფინალზე მიდგა. აქ, ბასილაშვილმა არგენტინელი გვიდო პელა 6:3, 6:4,1:6, 7:6 დაამარცხა და ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა – დიდი მუზარადის ტურნირის მერვედფინალში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა!

ამერიკის ღია პირველობის 1/8 ფინალში ბასილაშვილის მეტოქე თვით რაფაელ ნადალი გახლდათ. ქართველი დამარცხდა ლეგენდარულ ესპანელთან, მაგრამ გვარიანად ანერვიულა და სეტიც მოუგო – 3:6, 3:6, 7:6, 4:6. ნამატჩევს, ნადალმა ნიკაზე ისაუბრა და თქვა:

„ბასილაშვილი უბრალოდ ფანტასტიკური იყო და ყველაფერი მისი დამსახურებაა. ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს, რომელსაც ზოგჯერ ვერ ვაკონტროლებდი“.

  • ბასილაშვილმა ნადალთან ბრძოლაში წააგო

საბოლოო ჯამში, ბასილაშვილმა ორჯერ მოიგო ATP ტურნირი, რაც პირველად მოხდა დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში. გარდა ამისა, ასევე პირველად გავიდა დიდი მუზარადის ტურნირის მერვედფინალში და სეტი მოუგო რაფა ნადალს. 26 წლის ჩოგბურთელმა არნახული პროგრესი განიცადა რეიტინგშიც. 2018 წელი მან 59-ე ადგილზე დაიწყო და ამჟამად 21-ე პოზიციაზე იმყოფება, რაც ჩვენთვის სარეკორდო მაჩვენებელია. 2018 წელს გამომუშავებული თანხით კი, მსოფლიოში მე-15 პოზიცია დაიკავა.

ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)

ქართველი რეკორდსმენი, რომელმაც 2018 წელიც დიდებულად ჩაატარა. ტალახაძეს უბრალოდ ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში და რეკორდებს რეკორდებზე ამყარებს. შეიძლება ითქვას, თავისივე რეკორდებს ებრძვის. ლაშამ 2018 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ორივე შემთხვევაში ამის გაკეთება მიჯრით მესამედ მოახერხა.

თავდაპირველად, ბუქარესტში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. +105 კგ წონით კატეგორიაში ტალახაძემ ორივე მოძრაობაში დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს. ატაცში ქართველმა გოლიათმა 210 კგ დააფიქსირა და წინა წელს თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო აკვრაში 247 კგ-ის აწევა მოახერხა, ჯამში კი 457 კგ დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

  • ზედიზედ მესამედ – ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია

მერე იყო აშხაბადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი. 25 წლის ძალოსანმა (+109 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც ზედიზედ მესამედ მოიპოვა. გარდა ამისა, რეკორდებიც მრავლად დაამყარა. ატაცში 217 კგ დასძლია და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. აკვრაში კი, 257 კგ შტანგა ასწია და მსოფლიოს მესამე რეკორდის მფლობელიც გახდა. ჯამში, ქართველმა ძალოსანმა 474 კგ დააფიქსირა, კონკურენტს მთელი 24 კგ-ით გაუსწრო და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

  • ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია!

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი, სუმო)

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძისთვის 2018 წელი მართლაც გამორჩეული იყო. ქართველმა სუმოისტმა იანვრის ბაშოზე მე-3 მაეგაშირას რანგში 15-დან 14 ორთაბრძოლა მოიგო და არნახულ შედეგს უწია: კარიერაში პირველად „იმპერატორის თასი“ დაისაკუთრა!

  • ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია!

მარტისა და მაისის ბაშოებზე ტოჩინოშინი უკვე სეიკივაკეს წოდებით ირჯებოდა და ჯამში 23 მოგება მიითვალა, რისი წყალობითაც, რანგით მე-2 ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს უწია. სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა ივლისის სუპერტურნირზე ტრავმა მიიღო და მისი ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო. სექტემბრისა და ნოემბრის ბაშოებზე კი, კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) დააფიქსირა და ოძეკის წოდება შეინარჩუნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა სუმოისტმა 2018 წელს 59 გამარჯვება იზეიმა, რაც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ამასთან, ცალკე აღნიშვნის ღირსია იოკოძუნა ჰაკუჰოს ძლევაც!

ზაზა ფაჩულია (კალათბურთი)

ასეთი რამ ქართული კალათბურთის ისტორიაში მეორედ მოხდა – ქართველი კალათბურთელი NBA-ს ჩემპიონი გახდა. ზაზა ფაჩულიამ ეს ზედიზედ მეორედ შეძლო. მართალია, ფაჩულია „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ მთავარ როლში არ ყოფილა, მაგრამ კალათბურთი გუნდური სახეობაა და ამაში ნამდვილადაა მისი წვლილი.

ზაზამ საჩემპიონო ბეჭედი კარიერაში მეორედ მოიგო. ფაჩულიამ 2017-2018 წლების სეზონში „მეომართა“ რიგებში 69 თამაში ჩაატარა და საშუალოდ 14.1 წუთს თამაშობდა. ქართველი ცენტრში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 5.4 ქულას, 4.7 მოხსნას, 1.6 პასს, 0.2 დაფარებასა და 0.6 ჩაჭრას აგროვებდა.

  • ზაზა და “გოლდენ სტეიტი” – ჩემპიონები! (+VIDEO)

„გოლდენ სტეიტში“ მოგებული ზედიზედ მეორე ბეჭედის შემდეგ ზაზამ „უორიორზი“ დატოვა და „დეტროიტ პისტონსს“ შეუერთდა. ახალ გუნდში ზაზამ 26 თამაშის ჩატარება მოასწრო. საშუალოდ თამაშში კი, 12.9 წუთს თამაშობს და 4.3 ქულას, 4.4 მოხსნას, 1.4 პასს, 0.7 ჩაჭრასა და 0.2 დაფარებას აგროვებს.

ზაზა ნადირაძე (ნიჩბოსნობა)

წარმატებული წელი ჰქონდა ზაზა ნადირაძესაც, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ისტორია 10 ივნისს, ბელგრადში დაიწერა, სადაც ქართველმა 200 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალი მოიპოვა. ზაზამ ფინალურ შეჯიბრში საუკეთესო შედეგი 39.200 წამი დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატზე ერთი წლით ადრე მოგებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ ჩემპიონობა პირველად იზეიმა.

  • ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია

მერე იყო მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც რომ არა უიღბლობა უმედლოდ არ დარჩებოდა. ფინალურ შეჯიბრში ნადირაძე მეოთხე ადგილზე გავიდა. პირტუგალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ზაზა ძალიან ახლოს იყო ბრინჯაოს მედალთან, მაგრამ ფინიშის ხაზზე კანოე ამოუტრიალდა და ოდენ მეოთხე ადგილს შეწვდა.

გურამ თუშიშვილი (ძიუდო)

გურამ თუშიშვილისთვის 2018 წელი დაუვიწყარი იქნება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონი ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა. ეს, 26 სექტემბერს მოხდა. ბაქოში გამართულ პლანეტის პირველობაზე გურამმა 5 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო.

საწყის ეტაპზე ქართველმა ძიუდოისტმა რუმინელი დანიელ ნატეა სუფთა გდებით დაამარცხა და ამისთვის 2 წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა. მეორე შეხვედრა გურამმა უკრაინელ იაკივ ხამოვსაც იპონით მოუგო და ამ შემთხვევაში საკმარისი არასრული 3 წუთი გამოდგა.

მეოთხედფინალში თუშიშვილმა ასევე სუფთად დაამარცხა ჰოლანდიელი რეი მეიერი, ოღონდ ამჯერად ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა გამოდგა და გამარჯვებისთვის 8 წუთი დასჭირდა. ნახევარფინალში ჩვენებურმა მონღოლი დუურენბაიარ ულზიიბაიარი ულამაზესი კისრულით დაამარცხა.

და, ჯერი მიდგა ფინალზე, სადაც თუშიშვილის მეტოქე ქართველი, ოღონდ მასპინძელი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური გახლდათ. გადამწყვეტ ბრძოლაში 23 წლის გურამ თუშიშვილმა საფინალო სასტვენამდე 4 წამით ადრე შესრულებული იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

  • გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

გარდა ამ უდიდესი წარმატებისა, თუშიშვილმა 2018 წელს ზაგრებისა და თბილისის გრან პრიზე ჩემპიონობაც მოახერხა.

გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

2018 წელი წარმატებული იყო გენო პეტრიაშვილისთვის. თავისუფალი სტილით მოჭიდავე (125 კგ) ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გენომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 21 ოქტომბერს, ბუდაპეშტში შეინარჩუნა. 24 წლის ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტულის დაცვას მერვედფინალიდან შეუდგა და მისი პირველი მეტოქე დანიელ ლიგეტი იყო. მასპინძელ უნგრელთან გენომ ძალიან ადვილად მოიგო – 11:1. მეოთხედფინალში კი, რუს ანზორ ხიზრიევს 8:5 გაუსწორდა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალამდე ერთი ნაბიჯით ადრე პეტრიაშვილმა ირანელი პარვიზ ხოდავირდი სოლიდური უპირატესობით 13:6 დაჯაბნა და ტიტულის დაცვის შანსი მიეცა. ფინალში ჩინელ ჟივეი დენგის კი ადვილად გაუსწორდა – 6:0.

  • პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა!

ევროპის ჩემპიონატი კასპიისკში გაიმართა და პეტრიაშვილმა ვერცხლის მედლით შეავსო საქართველოს ყულაბა. ფინალამდე 24 წლის მოჭიდავემ ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი (11:0), ხოლო პოლონელი რობერტ ბარანი (10:0) დაამარცხა. მოკლედ, გადამწყვეტ შეხვედრას უბრძოლველად და ერთი ამოსუნთქვით უწია. თუმცა, ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება ვერ შეძლო. გენოსთვის მეტოქე კარგად ნაცნობი იყო – ოლიმპიური, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის აწ უკვე 6-გზის ჩემპიონი ტაჰა აკგული. აღსანიშნავია, რომ ერთი წლით ადრე, პეტრიაშვილმა თურქი ფალავანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა. შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა და აკგულის გამარჯვებით (2:1) დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: GNN.GE

x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...