ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

დაუნდობელი მუშტი-კრივი და მშვიდი ინაუგურაცია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე ოფიციალურად სალომე ზურაბიშვილია. ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში, ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად სიტუაცია კახეთში უკიდურესად დაძაბული იყო.

გაერთიანებული ოპოზიციის კოლონა, რომელიც თელავში აქციის ჩასატარებლად მიემართებოდა, გომბორის გზაზე არ გაუშვეს. ამის შემდეგ მათ გურჯანიის გავლით გადაწყვიტეს წასვლა, თუმცა სოფელ ველისციხესთან პოლიციის კოლონამ გზა გადაუღობა და ამიტომაც გურჯაანიდან თელავის მიმართულებით გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

პოლიციამ გზის გადაკეტვის მოტივად მოძრაობის გადატვირთვა დაასახელა. მათი განცხადებით, ოპოზიციას ყვარლის შემოვლითი გზით სარგებლობა შესთავაზეს, მაგრამ აქციის მონაწილეებმა ამაზე თავად თქვეს უარი.

რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო. დაპირისპირება სამართალდამცავებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოხდა. პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიცია თელავში აქციის გამართვს გეგმავდა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის გამართვის შესახებ ინფორმაცია მათ რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.

ამის საპასუხოდ “ნაციონალური მოძრაობის” თელავის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უშუალოდ თელავში ერეკლე მეფის სასახლისაკენ მიმავალი გზები გადაკეტეს და ცდილობდნენ, ინაუგურაციაზე მიმავალი სტუმრები არ გაეტარებინათ.

ველისციხესთან დეპუტატ ნიკა მელიასა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა. დაპირისპირების გამო აქციის მონაწილე ქალბატონი შეუძლოდ გახდა. ნაცემია აქციის ერთი მონაწილე. მისი თქმით, მოულოდნელად უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინაუგურაციის დასრულების შემდეგ თელავშიც ვითარება დაიძაბა. გაერთიანებული ოპოზიცის აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდა. დაზიანდა ერთ-ერთი სახელმწიფო მანქანა. აქაც მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება. სიტუაცია მოგვიანებით კვლავ განიმუხტა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე დასრულდა. თუმცა პოლიცია აქციის მონაწილეებს თელავში წასვლის უფლებას კიდევ დიდხანს არ აძლევდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე იქ იმყოფებოდა და ამბობდა, რომ დღის ბოლომდე გზას არ გახსნიდნენ.

აქციის მონაწილეები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, ხელოვნურად შექმნილი ბარიერები საკუთარი ძალებით გაერღვიათ და ავტომობილებისგან გზა გაეთავისუფლებინათ. დაპირისპირების გამო რამდენიმე ავტომობილია დაზიანებული, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის კოლონის შემადგენელი ავტომობილებიც.

“ორჯერ მითხრა, რომ გახსნიდა გზას, ორივეჯერ მოიტყუა და პირიქით, სპეცნაზი მოიყვანა, დაამატა ძალები იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია ჩვენი ხალხისთვის. ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა, ჩენ მივდივართ მოლაპარაკებაზე, გვინდა, რომ შევთანხმდეთ და ისინი ყველა შეთანხმებას არღვევენ,” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ, რომელიც სოფელ ველისციხეში აქციის კოლონასთან ერთად იმყოფებოდა.

 საპატრულო პოლიციის უფროს თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დაპირისპირების დროს სამი პოლიციელი დაშავდა. ოპოზიციას კი გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდა და მათი ლიდერების ნაწილი ყვარლის მიმართულებით წავიდა. სამართალდამცავებს აქციის მონაწილეებისთვის არც ფეხით წასვლაში შეუშლიათ ხელი.

შექმნილი ბარიერების შემდეგ კახეთში აქცია აღარ გამართულა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკან დაბრუნებისა და აქციის თბილისში გამართვისკენ მოუწოდა.

შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მომხდარის გამო ყველა დამნაშავეს მოეთხოვება შესაბამისი პასუხი, რაც მან სოფელ ველისციხეში 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა.

“იქ, სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი, მათ შორის ნიკანორ მელიასაც,” – უთხრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სამართლებრივად გაანალიზებული იქნება ყველა პროვოკაციული ქმედება, რომელიც კვირას სხვადასხვა წერტილში გამოვლინდა. სამართალდამცველებმა პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს და იმაზე უფრო მეტიც მოითმინეს, ვიდრე მათ ეს თმენის ვალდებულებით ევალებათ.

“სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას, მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა, მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. კიდევ ერთხელ მინდა, მათ ავუხსნა და ვუთხრა, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ.

“განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი. ნიკანორ მელიას ერთხელ დავპირდი, რომ როდესაც მსგავს საქციელს ექნებოდა ადგილი, როგორიც ჰქონდა წინა შემთხვევაში, შედეგი დადგებოდა იგივე. თუ ნიკანორ მელიას საქციელში სისხლის სამართლებრივი შემადგენლობა გამოიკვეთება, შედეგი იქნება იგივე,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 დაპირისპირების პარალელურად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფიცი დადო და სიტყვა წარმოთქვა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თანამოქალაქეებს თავად მისცემს მაგალითს და დაარწმუნებს, რომ ეროვნული თანხმობა არსებითად მნიშვნელოვანია.

“თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა: ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.

“ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე გადავწყვიტე, დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება. საქართველოს კი აქვს ძლიერი ადამიანური რესურსი, აქვს ეკონომიკური პოტენციალი, მოდის შესანიშნავი, ნიჭიერი თაობა.

“მთავარია, დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალზე. მე ჩამოვედი, მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა. ჩვენ უნდა გვჯეროდეს საქართველოს მომავლის. დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული, ღირსეული ქვეყანა – ეს არის საქართველოს მომავალი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზურაბიშვილის ინაუგურაციას “ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ დასწრებია. ინაუგურაციის დასკვნითი ღონისძიება და მიღება თელავის თეატრში გაიმართა. ზურაბიშვილი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და სომხეთის მოქმედ პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

კახეთში მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გახარია არის იშვიათი გამონაკლისი ხელისუფლებაში, ვისაც გააჩნია დასახული ამოცანის გადაწყვეტისა და კრიზისების მართვის უნარი. ბრიყვები უფრო და უფრო რთულ ამოცანებს სვამენ მის წინაშე. ისიც ჯერჯერობით ართმევს თავს ყველაფერს. სამწუხარო ის არის, რომ სიბრიყვეს საზღვარი არა აქვს, ადამიანურ შესაძლებლობებს კი – აქვს,” – წერს ხუხაშვილი.

 ანალიტიკოსი ლადო პაპავა კი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისადმი თავიდანვე მერყევმა, ჩამოუყალიბებელმა დამოკიდებულებამ, საბოლოო ჯამში, წყალი “ნაცების” წისქვილზე დაასხა და დღეს უკვე ჩანს მოძლიერებული “ნაცმოძრაობა”, რაც “ქართული ოცნების” პოლიტიკურ და საკადრო გადაწყვეტილებებში შეცდომების შედეგია.

მისი აზრით, ხელისუფლების არჩევანი სწორია, რომ ოპოზიციას არეულობის საშუალება არ მისცა, რაც მათი პირდაპირი მოვალეობაც იყო.

“ქართული ოცნების” მიერ ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, მხარდაჭერაც პირველ ტურში ფორმალური იყო, ხოლო ამ ტურის სავალალო შედეგებმა “მეოცნებეთა” პარტია აქცია უკვე არა დამოუკიდებელი, არამედ მისი უშუალო კანდიდატის ძლიერ მხარდამჭერად.

“საპრეზიდენტო არჩევნებისადმი თავიდანვე მერყევმა, ჩამოუყალიბებელმა დამოკიდებულებამ, საბოლოო ჯამში, წყალი “ნაცების” წისქვილზე დაასხა და დღეს უკვე სახეზეა მოძლიერებული “ნაციონალური მოძრაობა”, რაც “ქართული ოცნების” პოლიტიკურ და საკადრო გადაწყვეტილებებში შეცდომების შედეგია.

“ოცნებამ” თავის დროზე არათუ არ მისცა “ნაცების” ცხრაწლიან დანაშაულებრივ მმართველობას პოლიტიკური შეფასება და სათანადო სამართლებრივი რეაგირება, არამედ “ნაცების” გუნდის ზოგიერთი წევრის “ქოცების” გუნდში პორტირებასაც კი შეუწყო ხელი. ხოლო რაც ინაუგურაციის დღეს მოხდა, ეს ყველაფერი ამის გამოძახილია. ხელისუფლებას ჰქონდა ვალდებულება უსაფრთხოების და მან თავი გაართვა”, – აღნიშნა პაპავამ.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: GNN.GE

x

ასევე ნახეთ

რუსთავში ბუნებრივი აირით მამა-შვილი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირით მამა-შვილი მოიწამლა. შუა ხნის მამაკაცი და 17 წლის ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ...