საზოგადოება

“პოლიციური გამოსახლების’’ გაუქმება მესაკუთრეებს პრობლემას ვერ უგვარებს

იპოთეკარების აქციებით შეწუხებულმა ხელისუფლებამ გამოსავალი ,,პოლიციური გამოსახლების’’ გაუქმებაში გამონახა. მთავრობას იმედი აქვს, რომ საკუთარი სახლებიდან გამოსახლების წინაშე მდგომ ათიათასობით ადამიანს პრობლემას ამით მოუგვარებს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ კანონპროექტით ყველა მხარე უკმაყოფილოა “ქართული ოცნების’’ გარდა. ბანკების და ბიზნესმენთა დამცველები ამბობენ, რომ კანონპროექტის კანონად ქცევა ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის, დაზარალებული მესაკუთრეების დამცველები აზრით კი, ეს კანონპროექტი დიდი პრობლემის გადაწყვეტისთვის ერთი მარცვალია, რომელიც პროცესს გაწელავს და არა მოაგვარებს.

მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს დიდი რუდუნებით განიხილავს და მის მიღებას წლის ბოლომდე გეგმავს. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით,  ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტთან ერთად, პოლიციის მიერ უძრავი ქონებიდან გამოსახლების საშუალებას იძლევა.  განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ კანონპროექტის შემუშავება  არსებითი ხასიათის სამართლებრივი ხარვეზითაა გამოწვეული, რაც არასასამართლო, მათ შორის საპოლიციო წესით უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების ინსტიტუტს ახასიათებს. ასევე, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

ამ ატაპზე კი ყველაზე მეტად  ქონებადაკარგულ ადამიანებს აინტერესებს რა შეღავათი იქნება მათთვის ამ კანონპროექტის ამოქმედება. საქართველოში საბანკო და სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა უფლებების დავის კომიტეტის წარმომადგენლის ნანა ჯაფარიძის განცხადებით, თუკი გამოსახლების პროცესი სასამართლოს გადაწყვეტილებით არის გამყარებული მაშინ ამ პროცესს წინ ვერავინ აღუდგება. ხოლო თუკი აღსრულების ფურცელი ნოტარიუსის მიერ არის გაცემული ის უნდა გასაჩივრდეს. გაცილებით რთულად იქნება იმ მესაკუთრის საქმე, რომლის ქონებაც უკვე აუქციონზეა გატანილი, თუმცა ნანა ჯაფარიძის განცხადებით, მესაკუთრემ ხელები არ უნდა ჩამოუშვას და ამ შემთხვევაშიც კონსულტაციები იურისტთან ერთად უნდა განიხილოს, თუ მის საქმეში რაიმე ხელჩასაჭიდი გამოიკვეთა, შესაძლებელია აუქციონი ჩაიშალოს და  ქონების გაყიდვის გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს.

“თუ აღსრულების ფურცელი  სასამართლოს გარეშე მხოლოდ ნოტარიუსის მიერ არის გაცემული აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს’’,

– ამბობს ნანა ჯაფარიძე.

ეს არის ის რჩევები, რომელიც კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მესაკუთრემ უნდა გაითვალისწინოს. თუმცა, ბანკების ასოციაციის მოთხოვნით, კანონპროექტში უნდა ჩაიწეროს, რომ სასამართლომ საკითხი მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს, ხოლო აღსრულების მიურომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღასრულოს. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, კანონპროექტი მესაკუთრეს საკუთარ სახლში ყოფნას მხოლოდ ერთი თვით უხანგრძლივებს და მისთვის შედეგი არ იცვლება.

ნანა ჯაფარიძის განცხადებით, ეს კანონპროექტი პრობლემას ბოლომდე მაინც ვერ მოაგვარებს. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ ამ ადამიანებისთვის დაბალპროცენტიანი სესხების გამოყოფა უზრუნველყოს და დააასქმოს, რათა ისინი გადახდისუნარიანები გახდნენ.

 “ეს კანონპროექტი პრობლემის მოგვარებას ხელს ვერ შეუწყობს. საქართველოში  160 ათასი ოჯახია დგას  გამოსახლების წინაშე. შესაბამისად მათთვის ეს ყველაფერი   დიდი შეღავათი არ არის.  ნამცეცია საზოგადოებისთვის გადაგდებული და მიუხედავად ამისა მაინც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს,  ბიზნესომბუდსმენიც  კი მის წინააღმდეგ არის. მთავრობამ რეალურად უნდა შეასრულონ დაპირება. ყველაზე მართებული იქნებოდა დაბალპროცენტიანი სესხი მიეცათ ხალხისთვის და დაესაქმებინათ, რათა მათ ვალების გასტუმრება თავად მოახერხონ’’,

– აცხადებს ნანა ჯაფარიძე.

როგორც ცნობილია, განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატმაც. აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესი საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალებაა და აღნიშნული წესის გაუქმება მესაკუთრეთა უფლებრივ მდგომარეობას გააუარესებს. კერძოდ, გაზრდის ბიზნესსუბიექტების ხარჯებს და დროში გაახანგრძლივებს მათი უფლების დაცვის პროცესს.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ კანონპროექტის მიღება მდგომარეობას უფრო გაართულებს. მისი ინფორმაციით, პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას სასამართლოსა და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ ჰყავთ საკმარისი ადამიანური რესურსი საქმის ერთ თვეში განსახილველად და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

“როდესაც ვიკითხეთ, თუ რა იყო ამ კანონპროექტის შექმნის მიზანი,  გვიპასუხეს, რომ სასამართლო უფრო სამართლიან გადაწყვეტილებას ღებულობს. სასამართლოში ჩივილი არავის აუკრძალავს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა სასამართლოში ისედაც მიდის. ხომ არ გგონიათ, რომ უცებ მიადგება ვინმე სახლში და გამოასახლებს. ჯერ აფრთხილებენ და ვადას აძლევენ. ამ ვადაში მას თავისუფლად შეუძლია სასამართლოში სარჩელის შეტანა. თუ მისი უფლებები მართლა ირღვევა, გამომსახლებელი იზარალებს, ვინაიდან მომჩივანი უნდა აღადგინოს ძველ უფლებებში და გამოსახლებით მიყენებული ზარალიც აუნაზღაუროს. მსესხებლები იცით რატომ არ ჩივიან სასამარლოში? იმიტომ, რომ იციან არასწორად იქცევიან და სასამართლო მათ გაამტყუნებს’’,

– ამბობს ზურაბ გვასალია და არ იმას გამორიცხავს, რომ პროცესი დიდხანს გაიწელოს, რის გამოც ბიზნესი გათვლების გაკეთებას ვეღარ გააკეთებს.  შესაბამისად, ყველაზე ლიკვიდური ქონება, როგორიც არის საცხოვრებელი ბინა დაკარგავს ძალას ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობებში მონაწილეობის მისაღებად.

ამასთანვე, გვასალიას განცხადებით, ბანკის რისკები უფრო იზრდება. თუ ბანკები იპოთეკური სესხის დამტკიცებისას მსესხებელს ბინის ღირებულების 30%-იან თანამონაწილეობას თხოვენ, ამის შემდეგ მოითხოვენ 50-60%-იან თანადაფინანსებას. მისი აზრით, უფრო მეტად დაზარალდება მესაკუთრე, ვინაიდან მას სასამართლო აუცილებლად გაამტყუნებს და მის პრობლემას სასამართლოს ხარჯების გასტუმრებაც დაემატება.

ასე რომ, ამ პროცესში ჩართული ადამიანები კანონპროექტის მიღებით პრობლემის მოგვარებას ვერ ხედავენ და მთავრობას უფრო ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას სთხოვენ.

 

მაკა ვარადაშვილი

[wpolling id=”7″ width=”” height=””]