29/03/2024
Latest:
საზოგადოება

2016 წლის არჩევნების ბედი ამ აგვისტოში წყდება

ბექა ციხისელის ბლოგი

ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილსრუსთავი2”– ედავება. აწევენ თუ ვერა ბუნტს ნაციონალები

ვინც ზაფხულის ხვატში, ივლისსა და აგვისტოში თავდადებით მუშაობს, ის შემოდგომასა და ზამთარში წარმატებას აღწევს. ექს–პრეზიდენტ სააკაშვილს ერთი ბრძნული აზრი უდაოდ ეკუთვნის. ერთხელ თქვა, ჩემი ტოლები და კონკურენტები მამიკოების ფულებით პრესტიჟულ აგარაკებს და ზღვისპირეთს რომ მიაშურებდნენ, მე პაპანაქება სიცხეში თბილისში ვიჯექი და ვმუშაობდიო. და მიაღწია კიდეც შედეგს: ცხრა წელი მართა საქართველო, დღეს კი ამერიკელების კაცია უკრაინაში და ოდესის გუბერნიას უდგას სათავეში. სააკაშვილმა ხელისუფლება, ფაქტობრივად, 2008 წლის აგვისტოში დაკარგა, როცა სამარცხვინოდ წააგო ომი, მართალია რუსეთთან, მაგრამ წააგო. წააგო ისე, რომ შანსიც არ ჰქონია. მას და მის ამფსონებს ეგონათ, რომ რუსეთი საერთაშორისო რეაქციას მოერიდებოდა და საქართველოში ჯარებს არ შემოიყვანდა. აღიარა კიდეც ეს გივი თარგამაძემ. აგვისტოში დამარცხებულმა სააკაშვილმა (ომი სააკაშვილმა წააგო და არა საქართველომ – ჩვენი ჯარისკაცების არნახული გმირობის მიუხედავად), აგვისტოში დაკარგა ძალაუფლება, რაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმდა. სააკაშვილი საკმაოდ გამჭრიახი გონების პატრონია. მან იცოდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ნაცემი ქართველები მას არაფერს აპატიებდნენ და არც 2008 წლის 5 იანვრის გაყალბებულ არჩევნებს შეარჩენდნენ, როცა თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ბათუმის და თითქმის ყველა დიდი ქალაქის წაგების შემდეგ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამიტომ მას სჭირდებოდა ტრიუმფი, ცხინვალში დროშების ფრიალი და აღლუმის მიღება. ამიტომ წამოიწყო აბსოლუტურად გაუთვლელი ავანტიურა. მას სხვა გზა არ ჰქონდა. და ის აგვისტოში დამარცხდა.

ახლაც აგვისტოა. არჩევნები ახლოვდება. წინ მაინც “ქართული ოცნებაა”, მაგრამ ნაციონალებს აქვთ შანსი. თუმცა თუ ისინი ვითარების დესტაბილიზაციას ვერ შეძლებენ, მათი შანსი განულდება. ამიტომ იყენებენ ბოლო კოზირებს: ეროვნულ ბანკში მათი 2007 წელს გადასხმული დესანტი, გიორგი ქადაგიძის ხელმძღვანელობით, ცდილობს ეროვნული ვალუტის ძირითადად საგარეო ფაქტორებით გამოწვეული დევალვაცია ვარდნად და კატასტროფად აქციოს. ხოლო ნაციონალების ელექტრონული იარაღი და “მეფე ზარბაზანი” “რუსთავი 2” არად დაგიდევთ თავისუფალი მედიის პრინციპებს და მოიერიშე აგიტბრიგადად იქცა. მაგრამ “რუსთავი 2” ტელეკომპანიაა, თავისუფალი მედიაა და მისი ხელყოფა დაუშვებელია. სწორედ ასეთ დროს “ქართულ ოცნებას” მხსნელად მოევლინა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელმაც თავის კანონიერ უფლებებზე განაცხადა პრეტენზია “რუსთავი 2”–ის მიმართ.

თუ ეროვნულ ბანკს და საბანკო სფეროს ვადის ამოწურვამდე გააკონტროლებს ქადაგიძე, ანუ მიხეილ სააკაშვილი, ლარის პერსპექტივა იქნება არაპროგნოზირებადი და მძიმე, თუ “რუსთავი 2” 2016 წლის არჩევნებამდე დარჩებათ ყარამანიშვილებს, ანუ მიხეილ სააკაშვილს, პარტიულ – პოლიტიკური, საინფორმაციო დივერსიები მედია სივრცეში პერმანენტული გახდება და სააკაშვილს კიდევ ერთხელ მიეცემა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალება. ამიტომ კონკურენტუნარიანი საარჩევნო სივრცის არსებობისთვის საქართველოში აუცილებელია ეროვნული ბანკის და “რუსთავი2”–ის დენაციზაცია, ანუ მათზე სააკაშვილისა და მისი დაჯგუფების კონტროლის აღკვეთა. თუ ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან ვინ იქნება “რუსთავი2”–ის მეპატრონე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეობიდან გასული, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ რუსეთთან ფარულ ალიანსში დადანაშაულებული და ქართული მართლმსაჯულების მიერ დევნილი ოდესის გუბერნატორი არ აკონტროლებდეს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და წამყვან ტელეკომპანიას. თუ ეს მიზანი მიღწეული იქნება, 2016 წლის არჩევნებში “ქართულ ოცნებას” რეალური შანსი ექნება, აგრეთვე ყველა სხვა პოლიტიკურ ძალას, დღეს არსებულსაც და ახლო მომავალში რომ აღმოცენდება ისეთებსაც. ყველას, გარდა ნაციონალებისა.

ნაციონალებს ერთადერთი შანსი რჩებათ – ქვეყანაში არეულობების მოწყობა, თუნდაც “თავისუფალ მედიაზე” (“რუსთავი 2”) ზეწოლის, მისი დახურვის პროტესტის ფორმით და ამ მიზნით, ინტერნეტ–სივრცეში ჩანერგილი, შიგადაშიგ კარგად ანაზღაურებადი აქტივისტების მეშვეობით საპროტესტო აქციების ორგანიზება, სამართალდამცავებთან შეტაკებების პროვოცირება და ასე შემდეგ.

და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, ან უნდა დაიწყოს ზაფხულში, ვინც იყოჩაღებს ზაფხულში, ის მოიგებს შემოდგომას და მოიგებს 2016–ს.

… ნაციონალები მოძრაობენ, “ოცნების” ელიტა კი პრესტიჟულ კურორტებზე იგრილებს შუბლებს.

თავისუფალი მედიის მითი

ჩვენი საზოგადოება ტრადიციულად მითებით საზრდოობს, ახალი მითებიდან გამოვყოფდი მითს თავისუფალი მედიის შესახებ. სინამდვილეში, ცალკეული გამონაკლისებისა და რამდენიმე ტაბლოიდის გარდა, თავისი შემოსავლებით ქართულ მედიასაშუალებებს თავის რჩენა არ შეუძლიათ. პრესის თავისუფლება მეტ–ნაკლებად არსებობს ბეჭდურ მედიაში, ინტერნეტ–მედიაში, ხოლო ტელე–მედია პოლიტიკური და ბიზნეს კლანების კმაყოფაზე მყოფი და მისი დაკვეთების შემსრულებელია.

“რუსთავი2” ნაციონალების პრეს–ცენტრია, იმედი პატარკაციშვილების ინტერესების ლობისტი, რომელსაც მალე პოლიტიკური ინერესიც გაუჩნდება, “მაესტრო” კოტე გოგელიას ბიზნეს ინტერესების სადარაჯოზე დგას, ჯერ–ჯერობით მხოლოდ მის ინტერესებს გამოხატავს. “ობიექტივი” “პატრიოტთა ალიანსის” მოკავშირეა, “პირველი არხი” ისევ ძველი ინერციის ჩარჩოებში მიედინება. დააკვირდით “რუსთავი2”–ის რეაქციას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანაზე. მოპასუხედ გამოდის ტელეკომპანიის მენეჯერი და სააკაშვილის ყოფილი გენერალური პროკურორი გვარამია და არა ყარამანიშვილები. არადა, დავა წილების ფლობას ეხება. სააკაშვილი და ნაცების ტაქტიკა აქაც მარტივია: მეტი ხმაური, მეტი აქციები, მეტი დაძაბვა ვითარების, კარგად დაპურებული ძველი და ახალი ლობისტების აყვირება და ზეწოლა ხელისუფლებაზე.

ახლა ჯერი ქართულ სასამართლოზეა, რომელსაც, ნაცების რეფორმირებულს თავად ნაცები არ ენდობიან. მიმდინარე სასამართლო პროცესები იქნება არა ქართული სასამართლოს, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის სერიოზული გამოცდა. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მიუხედავად ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, მიუხედავად ედუარდ შევარდნაძის მიერ საქართველოს საერთაშორისო აღიარების მიღწევისა, მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის კარგად გაპიარებული რეფორმებისა, ქართული სახელმწიფო არ არსებობს. არა მარტო ჩვენი შესაბამისი ორგანოების მიერ ინტერპოლში გაგზავნილი მოთხოვნების იგნორირება და უგულებელყოფა ხდება, არამედ ჩვენ თვითონ ვერ გაგვირკვევია, ვინ არის ქვეყნის პირველი პირი. ზოგიერთი კონსტიტუციონალისტი ქვეყნის ძირითად კანონში არსებულ ჩანაწერზე მიგვითითებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვითარებას კიდევ უფრო აბუნდოვნებს, მას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს პირველი პირი პრეზიდენტია, მაგრამ რეალურ პოლიტიკურ ძალაუფლებას პრემიერ–მინისტრი ფლობს. ქვეყანაში არ არსებობს ნება და სტრუქტურა, რომელიც სააკაშვილის მიერ დაწყებულ რეფორმებს შეაფასებს და პროცესს ბოლომდე მიიყვანს. ის, რაც დაიწყო სააკაშვილმა, სწორი იყო თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ შუა გზაზე გაჩერება შეუძლებელია, ამ სისტემაში პრემიერ–მინისტრი უნდა იყოს არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერი, ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი მთავარსარდალი, ხოლო პრეზიდენტი უნდა აირჩიოს პარლამენტმა და უნდა იყოს სიმბოლური ფიგურა, რომელიც მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ერთვება პროცესში. ჩვენთან კი პრეზიდენტი მარგველაშვილი ლამის პოლიტიკური ფიგურანტი და ხელისუფლების ერთ–ერთი შტოა. ყოველ შემთხვევაში მას, ჩანს, ასე მიაჩნია.

რომ არა მისი პრეზიდენტად არჩევის პრეისტორია, მისი მცდელობა გონივრული ჩანს. მას სურს დასავლეთს “ნაციონალების” ალტერნატივად და მომავალი მმართველი პოლიტიკური ალიანსის ლიდერად ეჩვენოს. და ესეც პირადად მისთვის წაუგებელი თამაშია, მაგრამ ქვეყნისთვის უაღრესად სახიფათო. მესამე პოლიტიკური ცენტრის არსებობა ხელისუფლებაში (“ოცნება”, “ნაცები”, “მარგველაშვილი და კომპანია”) დაუშვებელია.

ბლოკადა რუსეთს

სკვითურ–მონგოლოიდური სიბეცე არახალია რუსული პოლიტიკისთვის, მისი კავკასიური პოლიტიკის კრახიც ამის დასტურია, მაგრამ ძირძველობაზე თავდადებული ქართული გონი, რომ გამოთაყვანდა, ესეც ცხადია. სამტრედიასთან რკინიგზა რომ გადაკეტეს გამსახურდიას მომხრეებმა და საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენეს, ამან ჭკუა ვერ გვასწავლა. ახლა ნაცმაცუნები მოგვიწოდებენ რუსეთის მიმართ სანქციებს შევუერთდეთ, რაც, ბუნებრივია ნიშნავს მათგან ისედაც ყოველ წუთს მოსალოდნელი ემბარგოს დროზე ადრე გამოწვევას, ანუ ჩვენ თვითონ ვიტყვით უარს რუსეთში ღვინის, ხილის, მინერალური წყლების, ციტრუსის შეტანაზე, რაც ჩვენი გასაცოდავებული მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ გაღატაკებას გამოიწვევს, იმ მოსახლეობის, რომელიც უკანმოუხედავად გარბის უცხოეთში, მათ შორის რუსეთში.

ვინც ამ ზაფხულს რაიონებში იყო, სოფლებში ნახავდა ასეთ სურათს – როგორ დგება ავტობუსები და როგორ მიჰყავს მას ქართველები თურქეთში ჩაის პლანტაციებში და თხილის საკრეფად სამუშაოდ, უნახავს დაცარიელებული სოფლები და სახლები, ისედაც მიწისადმი გაუცხოებული ქართველი გლეხი სულ ხელს ჩაიქნევს, ყურძნის სუბსიდირება აზრს დაკარგავს, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. ამ დროს ნაცების იდეური მამა გიკა ბოკერია ტყუის: ივანიშვილი გვარწმუნებს, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი მომავალი არის რუსეთის ბაზარი. ასეთი რამ კი ივანიშვილს არსად უთქვამს. მაგრამ განა რუსული ბაზრის შენარჩუნება სხვა ახალი ბაზრების მოძიებასთან ერთად, შანსი არ იქნებოდა საქართველოსთვის? მაგრამ ესენი ხომ ნაციონალები არიან, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საქართველოსთვის სოფლის მეურნეობა აღარ უნდა იყოს ეკონომიკის არათუ წამყვანი, არამედ ერთ–ერთი დარგიც კი, რომ საქართველოში, სოფლად, უნდა ცხოვრობდეს არა მოსახლეობის ნახევარი, არამედ დაახლოებით 5%, ხოლო კითხვაზე, სად უნდა წავიდეს დანარჩენი, როცა ქალაქებში სამუშაო ადგილები არ არის, მათ ქონდათ ერთი მარტივი პასუხი: საზღვარგარეთ, ან სადაც უნდათ.

ვინც მოიგებს ბრძოლას “რუსთავი 2”–ისა და ეროვნული ბანკისთვის, ის მოიგებს 2016 წლის არჩევნებს. “რუსთავი 2” –ისთვის ბრძოლის მოგება არ ნიშნავს, ცხადია, “რუსთავი 2” –ის დახურვას.