28/03/2024
Latest:
საზოგადოება

მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას იწყებს

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას იწყებს

“სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში ტყეების დეგრადაციას მასშტაბური ხასიათი აქვს და ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ჩვენთან შეშა ქვეყნის ძირითადი სათბობი რესურსია. ტყეების ისტორიულმა ენერგეტიკულმა მნიშვნელობამ თანამედროვე ენერგეტიკასა და მეტყევეობაში ახალი ინტერპრეტაცია შეიძინა. ტყის, როგორც განახლებადი ენერგორესურსის წილი განვითარებულ ქვეყნებში ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, შეშა არსად არ განიხილება ძირითად სათბობ რესურსად. საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 95% სათბობად შეშას იყენებს; შეშას ასევე მოიხმარს მცირე ქალაქების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი; შეშის გარკვეული რაოდენობა გამოიყენება დიდ ქალაქებშიც. USAID/HPEP პროექტის ფარგლებში 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეშის წილი საქართველოს სათბობ რესურსებში 60 %-ს აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ზამთარში გასათბობად უფრო მეტ შეშას ვიყენებთ, ვიდრე ერთად აღებულ ყველა სხვა ენერგორესურსს. ენერგეტიკულ ბალანსში შეშის მაღალი წილის მიუხედავად, ქვეყნის ენერგოპოლიტიკაში შეშა არც კი ფიგურირებს.

ქვეყნის ენერგომომარაგების ფუნქციის შესრულება ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის საკმაოდ დიდი ტვირთია და მას არ რჩება საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსი, რათა კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები განახორციელოს. სააგენტოს მთელი რეგიონული შემადგენლობა ჩართულია მოსახლეობისთვის წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი მ³ შეშის მიწოდებაში. სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებს და მათ შორის, თვითონ გარმეოს დაცვის სამინისტროს მიერ 2007 წელს ჩატარებულ ანალიზს თუ დავუჯერებთ, ლეგალურად მიწოდებული ნახევარი მილიონი კუბური მეტრი შეშის საერთო მოხმარების 10-20 %-ია, დეფიციტის მნიშვნელოვანი ნაწილი კი არალეგალური ჭრებით ივსება, რაც ტყეებს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფუნქციების გარეშე ტოვებს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის საკვანძო ასპექტებზე თანხმდება და სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას იწყებს. პროგრამამ წინასწარ შეთანხმებული მეთოდოლოგიით უნდა დაადგინოს შეშის მოხმარების მასშტაბი და შეადაროს კანონიერი გზით მიწოდებული შეშის ოდენობასთან. პარალელურად, დადგინდება შეშის მოპოვების პოტენციალი ტყეების ზრდისა და შემატების მიხედვით. ამ გამოთვლებით, საქართველოს მთავრობას ექნება სრული სურათი, თუ სათბობი რესურსის რა წილი შეიძლება დაკმაყოფილდეს შეშის კანონიერი და მდგრადი მოპოვებით და დეფიციტის დადასტურების შემთხვევაში, შემუშავდება მისი აღმოფხვრის გეგმა – ბუნებრივი გაზით, ქვანახშირით და სხვა ალტერნატივებით. ასევე აქტიურად განიხილება შეშის რაციონალურად ათვისებისა და ენერგოფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებიც. პროგრამაზე მუშაობა მომავალი წლისთვის დასრულდება და მთავრობას წარედგინება”, – აცხადებენ CENN-ში.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]