ეკონომიკა

რა არის ფრონტერას მიზანი საქართველოში – რეალური საბადოების ძიება თუ სპეკულაციები აქციების ფასების ხელოვნურად გასაზრდელად

 

“გაზპრომსა” და “სოკარს” შორის საგაზო დავაში გაჩხერილ ქვეყანას 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი საკუთარი გაზის მარაგი “აღმოაჩნდა”. ეს გათვლები ნავთობკომპანია “ფრონტერას” ეკუთვნის.

მთავრობა, ამერიკული კომპანიის განცხადებას ყურსაც არ ათხოვებს და გაზის იმპორტის დივერსიფიკაციის ახალ გეგმებს ადგენს. ქართველი სპეციალისტები კი “ფრონტერას” კვლევებზე მხოლოდ იღიმიან და იმ დროს იხსენებენ, ნავთობის დიდი მარაგის “აღმოჩენით” გახარებულ ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ნავთობიც რომ დააგემოვნებინეს. ხელისუფლება იმ საბადოებიდან ნავთობს და გაზს დღემდე ელის.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ზამთარში თბოსადგურების სრული სიმძლავრით ამუშავების შემდეგ, შეიძლება ბუნებრივი აირის დეფიციტი შეიქმნას, ვინაიდან ქვეყნის დღიური მოხმარება 11 მილიონ კუბურ მეტრას მიაღწევს. სწორედ, ეს გახდა “გაზპრომთან” გაზის იმპორტის გაზრდაზე მოლაპარაკებების საბაბი თუ მიზეზი. საქმე იქამდე მივიდა, რომ აზერბაიჯანულმა მედიამ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და “გაზპრომის” ხელმძღვანელ ალექსეი მილერის შორის გამართულ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანისკენ მიმართული შეთქმულებაც კი უწოდა.

ამ დროს, ნავთობკომპანია “ფრონტერასგან” ვიგებთ, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის გაცილებით დიდი რესურსი აქვს, ვიდრე აზერბაიჯანს. კერძოდ, “ფრონტერამ” გაზის საწყისი რესურსები თავიდან გადაიანგარიშა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 300-5000 მეტრის ინტერვალში აღმოჩენილ სამიზნე კოლექტორებში აირის შესაძლო მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. კომპანიის ინფორმაციით, მწარე ხევის გაზის კომპლექსსა და ტარიბანის გაზის კომპლექსზე 365 მილიარდი კუბური მეტრის გაერთიანებული პერსპექტიული ბუნებრივი გაზის რესურსია, მათ შორის, 266 მილიარდი კუბური მეტრი ამოსაღები პერსპექტიული რესურსები.

“ფრონტერას” გაანგარიშებით, საქართველოს თითქმის სამჯერ მეტი გაზის რესურსი აქვს ვიდრე აზერბაიჯანს. ამასთანავე, ჩვენ ვუსწრებთ ბუნებრივი აირის მომპოვებელ ისეთ ქვეყნებს როგორებიც არიან ლიბია (1,6 ტრილიონი კუბური მეტრი), ქუვეითი (1,8 ტრილიონი), უზბეკეთი (1,8 ტრილიონი), ყაზახეთი (1,9 ტრილიონი), არაბთა გაერთიანებული საემიროები (2,2 ტრილიონი), ნორვეგია (2,3 ტრილიონი), ინდონეზია (3 ტრილიონი), ჩინეთი (3,1 ტრილიონი). ამ გათვლებით, საქართველო ლამის გაზის მომპოვებელი ქვეყნების ათეულშია.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში “ფრონტერას” აღმოჩენებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა განმარტავენ, რომ საქართველოში თავისუფალი გაზის დადასტურებული მარაგი შეფასებულია 4 საბადოზე: რუსთავის (შუა ეოცენი), სამგორის (ქვედა ეოცენი), ნინოწმინდის (შუა ეოცენი, გაზის ქუდი) და მწარე ხევის (ზედა პლიოცენი) და მათი ჯამური რაოდენობა შეადგენს 1,874 მილიარდ კუბურ მეტრს.

გარდა ამისა, ნავთობის საბადოებზე ნავთობში გახსნილი გაზის მარაგი დათვლილია ყველა საბადოზე და ასეთი გაზის დადასტურებული მარაგების ჯამური რაოდენობა შეადგენს 75,3 მილიონ კუბურ მეტრს, ანუ ჯამურად თავისუფალი გაზის და ნავთობში გახსნილი გაზის დადასტურებული მარაგები 1,922 მილიარდ კუბურ მეტრია. ეს “ფრონტერას” გათვლებს 2000-ჯერ ჩამორჩება.

ენერგეტიკოსი დავით ელიაშვილი, ამ კომპანიის კვლევებს ზღაპარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ მცირე რაოდენობის გაზი არსებობს იქ, სადაც ნავთობი მოიპოვება.

“ასეთი ინფორმაციები “ფრონტერას” მიერ დრო და დრო ვრცელდება ხოლმე. კომპანიამ ერთხელ მაინც ხომ უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, როგორ ჩატარდა კვლევა, ჩააყენოს მთავრობა საქმის კურსში. ეს მხოლოდ ჭორებია. საქართველოში სერიოზული კვლევა არც კი ჩატარებულა”, – ამბობს დავით ელიაშვილი.

“ფრონტერამ” თავისი აღმოჩენებით, მოსახლეობა და მკვლევარები შარშანაც გააოცა. იარმუღანლოში საზეიმოდ განაცხადა, რომ 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოაჩინა.

“ესაა ისტორიული მოვლენა. ჩვენ საქართველოში 1997 წლიდან ვმუშაობთ, ძირითადად, კვლევებს ვაწარმოებთ ნავთობისა და გაზის სფეროებში. აღმოვაჩინეთ 42 მილიარდი კბ_მ გაზის საბადო, რომელიც მომავალში საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის წინაპირობა იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს, 2014 წლის ივნისში, “ფრონტერას” აღმასრულებელმა სტივ ნიკადროსმა.

არადა, “ფრონტერასა” და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2017 წლამდე სახელმწიფოს სარეალიზაციო გაზის არანაკლებ 10% ეკუთვნის, 2017 წლის შემდეგ კი – არანაკლებ 20%. შესაბამისად, სათბობ-ენერგეტიკულ სფეროში ბუნებრივი რესურსების მოპოვებითი სამუშაოების განაწესი ასეთია: თუკი “ფრონტერამ” საბადოზე (რომელიც საკმაოდ პატარაა) 42 მლრდ კბ_მ გაზის გეოლოგიური მარაგები აღმოაჩინა, სახელმწიფოსთვის, ამ შემთხვევაში კი ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სააგენტოსთვის ოფიციალურად უნდა ეცნობებინა. იმ პერიოდში “ფრონტერას” მიერ სახელმწიფოსთვის წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ საბადოზე მხოლოდ 23 მილიონი კბ-მ გაზის დადასტურებუდი მარაგია. ახალი საბადო კი აღმოჩენილი არ არის.

ფაქტობრივად, “ფრონტერას” ეს ზეიმები იმ ზეიმს დაემსგავსა, რამდენიმე წლის წინათ დედოფლისწყაროში ნავთობის “დიდი მარაგების” აღმოჩენის აღსანიშნავად, ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნავთობი რომ დალია.  მაშინ, აღფრთოვანებული შევარდნაძემ ისიც განაცხადა, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის ახალი ეტაპი იწყებოდა. დედოფლისწყაროელებს კი უამრავი სამუშაო ადგილი, უფასო ნავთობპროდუქტები და ელექტრომომარაგებაზე შეღავათიანი ტარიფი გარანტირებული ექნებოდათ. თუმცა, მთელი საქართველო, დედოფლისწყაროში აღმოჩენილი ნავთობით აშენებას დღემდე ელოდება.

ისევ გაზს რომ დავუბრუნდეთ, საქართველოში გაზის მოპოვება 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ეს იყო სამგორი-პატარძეულის საბადოდან მოპოვებული ნავთობის თანმყოლი გაზი. ნავთობის პიკური მოპოვების პერიოდში (1980-1983 წწ) ასეთი გაზის წლიური მოპოვება 300 მლნ კუბურ მეტრს აღწევდა. მას შემდეგ გაზის მოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა და კორპორაციის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 5 წლის განმავლობაში გაზის მომპოვებელმა კომპანიებმა მთლიანად მხოლოდ 69 მლნ კუბური მეტრი აირი მოიპოვეს.

რაც შეეხება თავისუფალ გაზს, მისი მოპოვება 1983 წელს დაიწყო, როდესაც რუსთავის გაზის საბადო აღმოაჩინეს. მოგვიანებით, თავისუფალი და მომყოლი გაზის მოპოვება გაგრძელდა, ასევე, ნინოწმინდის უბანზე, სადაც ამჟამადაც მიმდინარეობს. დღეისთვის გაზის მოპოვებითი სამუშაოები საკმაოდ მცირე რაოდენობით ხორციელდება.

 

მაკა ვარადაშვილი