საზოგადოება

პაატა სალია: გვინდა გვჯეროდეს, რომ “რუსთავი 2”-ს პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებენ

„რუსთავი-2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით iPerss-ს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ესაუბრა.

– როგორ აფასებთ რუსთავი-2 –ის საკითხთან დაკავშირებული დავის მიმდინარე ეტაპს? ანუ, რა ხდება თქვენი კლიენტის, ქიბარ ხალვაშის მიერ პირველ ინსტანციაში დავის მოგების შემდეგ?

– ამ ეტაპზე, პირველმა ინსტანციამ დაასრულა საქმის მოსმენა და გამოაცხადა გადაწყვეტილება. ეს მოხდა 3 ნოემბერს. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. კერძოდ, დააკმაყოფილა იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა გარიგებების ბათილად ცნობას და ასევე ეხებოდა დღევანდელი მესაკუთრეებისაგან წილების დაბრუნებას. რაც შეეხება ინტელექტუალური საკუთრების საკითხებსა და 18 მილიონის მიღების საკითხს, ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, კანონის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია არაუადრეს 20 დღისა და არაუგვიანეს 30 დღისა, მხარეებს გადასცეს დასაბუთებული განჩინება და 24 ნოემბრიდან ველოდებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მაქსიმუმ 3 დეკემბერს ჩვენ ეს გადაწყვეტილება გვექნება, ისევე როგორც მეორე მხარეს. შემდეგ გვექნება 14-დღიანი ვადა გასაჩივრებისთვის ზემდგომ ინსტანციებში.

– სწორედ მაგას გეკითხებით ბატონო პაატა, აპირებთ თუ არა გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრებას სააპელაციო ინსტანციაში, სადაც პირველმა ინსტანციამ ხალვაში გაამტყუნა?

-ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ ვართ, რადგან არ გავცნობილვართ სამოტივაციო ნაწილს. გავეცნობით, შევაფასებთ სასამართლოს როგორ აქვს საკუთარი გადაწყვეტილება დასაბუთებული და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, მოწინააღმდეგე მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და არ გამოვრიცხავ ისე მოხდეს, რომ გასაჩივრდეს ორივე მხარის მიერ. ამიტომ, პირველ შეფასებას მას შემდეგ გავაკეთებ, რაც სამოტივაციო ნაწილს ჩავიბარებთ.

– სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანიაში ახალი მმართველები უნდა შესულიყვნენ…

5 ნოემბრის განჩინებით მართლაც ასე იყო, მაგრამ ახლადდანიშნულმა დროებითმა მმართველებმა ვერ მოახერხეს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება. მეორე მხარე აცხადებდა, რომ მათ არ შეუშვებდა, მოხდებოდა ფიზიკური დაპირისპირება და სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენმა მხარემ გადადგა კონსტრუქციული ნაბიჯი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯს მეორე მხრიდან არ მოჰყვა ლოგიკური პასუხი და მათ ისევ დესტრუქციული პასუხები გააგრძელეს. შედეგად, დროებითმა მმართველებმა მიმართეს საქალაქო სასამართლოს და სთხოვეს, რომ მათ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება დაეწყოთ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება სამივე ინსტანციას მოივლიდა. შემდგომ სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა გადაწყვეტილება, დავით დვალის ნაწილში გააუქმა მმართველად დანიშვნის განჩინება, დანარჩენ ნაწილში დატოვა და შესაბამისად, ამ განჩინების მიხედვით უნდა იმსჯელოს სააპელაციო სასამართლომ.

– რას იტყვით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმ მუხლების შეჩერების განჩინებაზე, რომელთა ძალითაც საქალაქო სასამართლომ დროებითი მმართველები დანიშნა რუსთავი-2 –ში?

– ჩემი აზრით, სააპელაციო სასამართლო ამაზეც იმსჯელებს და არ გამოვრიცხავ, ამ ნაწილშიც შეაჩეროს განხილვა, ან მოხდეს მეორე მხარის საჩივრის დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ ნორმა არის შეჩერებული და ეს ნორმა უბრალოდ ვეღარ გამოდგება და ვერ გამოიყენება გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან შეჩერებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება დროებით ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი დროებითი მმართველის კომპანიაში შეშვება. არადა, დროებითი მმართველის შესვლა, ჩემი აზრით, აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დაგვეცვა კომპანია დღევანდელი მენეჯმენტის მხრიდან მოსალოდნელი არაკეთილსინდისიერი მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, რისი საფუძვლიანი ეჭვიც არსებობდა და არსებობს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერაფერს ვიზამთ, მაგრამ თუ დღევანდელი მფლობელები მიაყენებენ ზიანს, ჩვენ შემდგომში მოვითხოვთ ამ ზიანის ანაზღაურებას. მოკლედ, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ინსტანცია ძალაში დატოვებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მერე შეგვეძლება კონტროლის განხორციელება და სწორედ მერე გვეცოდინება, ბოლო დროის განმავლობაში მიადგა თუ არა ზიანი კომპანიას.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ ტელეკომპანიის დღევანდელი მფლობელებისა და მენეჯმენტის მთავარი მიზანია ხელმძღვანელობაში არჩევნებამდე დარჩნენ?

– ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაუბრუნდება კომპანია კანონიერ მფლობელს. ეს მათთვის აქვს პრინციპული მნიშვნელობა და ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათი მთავარი სურვილია, გამოყენებული იქნეს იმ პროცესებში, რაც არ არის ტელევიზიის ფუნქცია. ამის მცდელობა იყო კიდეც, რაც გავრცელებულ ჩანაწერებში გამოჩნდა და მათი ავთენტურობა მგონი ყველამ ერთხმად დაადასტურა და შინაარსის შესაბამისად თუ ვიმსჯელებთ, ტელევიზიის გამოყენება სხვა მიზნებისთვის სურდათ. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ კომპანიას არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისათვის და ზიანს არ მიაყენებენ. ისე, მათ არაპირდაპირ განაცხადეს კიდეც, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება და ისინი იქნებიან ხელისუფლებაში და პროცესს მოიგებენ. ანუ მათ არ უნდათ დაიჯერონ, რომ ეს არის კერძო დავა. თავიდანვე დახატეს ისეთი სურათი, თითქოს ქიბარ ხალვაში ებრძვის სიტყვის თავისუფლებას. არადა, პირიქით, სწორედ რომ თავისუფალი სიტყვისთვის იბრძვის და ტელეკომპანია არის სწორედ ის ქონება, რომელიც მას ჩამოართვეს უკანონოდ. როცა ხალვაში იყო ტელეკომპანიის მფლობელი, მაშინ არ ხორციელდებოდა ჟურნალისტებზე ზეწოლა და უნდა იგივე გააკეთოს,– შექმნას ყველასგან და ყველაფრისგან თავისუფალი მედია. მას აქვს კონსტიტუციური უფლება საკუთრების უფლების და ამ უფლებას იყენებს. აბსურდია ის, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლებას ვზღუდავთ და ვინმესთან შეთანხმებით ვმოქმედებთ. ჩვენ სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძვით. არ ვიცი, რა გეგმები აქვს საარჩევნოდ რუსთავი-2 – ის მენეჯმენტს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, როდის მორჩება დავა, რადგან როცა მორჩება, ჩვენ გავიმარჯვებთ. გაგრძელდება ეს 6 თვე თუ 18 თვე, ჩვენ ამ პროცესს მოვიგებთ. წესით, ეს ყველაფერი 7-8 თვეზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს, თუმცა იმასაც ვვარაუდობ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია გაზაფხულზე დასრულდეს.