25/04/2024
Latest:
საზოგადოება

ბერნარ კუშნერი: „საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც წარმატებით ებრძვის C ჰეპატიტის ვირუსს”

„გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა  საერთაშორისო კონფერენციაში : „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო” მიიღო მონაწილეობა. კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ

საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა  ხორციელდება. დღევანდელი დღის პრიორიტეტია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, მაგრამ მნიშვნელოვანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს პაციენტებს პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე იყვნენ ინფორმირებული”, – ამის შესახებ ბერნარ კუშნერმა კონფერენციაზე “ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში – საქართველო და მსოფლიო” განაცხადა.

ბერნარ კუშნერი, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე მუშაობს და საქართველოს ხელისუფლებას ჯანდაცვის სისტემაში რეფორმირებაში  უწევს კონსულტაციებს, კონფერენციაზე აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრაში სამაჩაბლოს მოსახლეობა პოლიტიკური ვითარების გამო არ არის ჩართული. მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც წარმატებით ებრძვის C ჰეპატიტის ვირუსს.

მინდა სამომავლო ტენდენციებზე ვისაუბრო – ეს არის ელექტრონული მედიცინა. ძალიან ბევრი რამე იცვლება. ამ ცვლილებას დაახლეობით 10-15 წელი დასჭირდება. მე ვსაუბრობ გლობალურ მონაცემთა ბაზაზე. ეს არ არის დღევანელი დღის მიმართულება, მაგარამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. თქვენ, კონკრეტულ პათოლოგიებთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც გაუსწარით. საქართველო პირველ ადგილზეა C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით და 5 000 ადამიანი უკვე იღებს ამ მედიკამენტებს. მე მესმის, რომ სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური ვითარების გამო ამ პროგრამის განხორციელება შეუძლებელი ხდება”, – განაცხადა კუშნერმა.

“გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია კერძო სექტორის სახელმწიფოსთან  პარტნიორობა. თუმცა საბჭოთა სისტემის მქონე  ქვეყნები გარკვეულწილად მემკვიდრეობად იღებენ გარკვეულ მიდგომებს, გამოწვევებს, რის გამოც ბევრ ქვეყანაში კერძო სექტორთან არის დისბალანსი.ჩვენ როგორც ვხედავთ საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორი დაახლოებით 80%-ით არის წარმოდგენილი, მაგრამ გჭირდებათ კანონი და შესაბამისი მექანიზმები, რომელიც დააბალანსებს სახელმწიფოს და კერძო სექტორის ფუნქიონირებას. კერძო სექტორს უნდა გააჩდეს მისაწვდომობა სახელმწიფო სექტორის ფინანსებთან. ეს ყველაფერი უნდა იყოს ორგანიზებული”, – განაცხადა კონფერენციაზე  “გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ბერნარდ კუშნერმა საუბრისას საფრანგეთის მაგალითიც მოიყვანა და განხორციელებული რეფორმები გაიხსენა: “საფრანგეთში 7 წლის განმავლობაში იყო ჯანდაცვის მინისტრი, რა დროსაც ჯანდაცვის სისტემის რეფორმა დაიწყო და საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა ქვეყანა”.  მისი თქმით, იმისთვის რომ ქვეყანაში მედიცინის სფეროში განხორციელდეს რეფორმა, საჭიროა, გვქონდეს საკმარისი რესურსი. „7 წლის განმავლობაში მე ვიყავი ჯანდაცვის მინისტრი ჩემს ქვეყანაში, ამ პერიოდის განმავლობაში და მას შემდეგ ბევრი გამოწვევა იყო. ჩვენთანაც ტარდება რეფორმები. “გლობალური ალიანსის” ის ექსპერტები, რომლებიც თქვენ გეხმარებიან საფრანგეთშიც ატარებდნენ ჯანდაცვით რეფორმებს, მაგრამ კატასტროფული რეფორმა იქნება თუ მხოლოდ ექსპერტები განახორციელებენ, ჩვენ გვიცდია და მაინცდამაინც კარგი შედეგები არ მიგვიღია. ჩვენ ვიმყოფებით პოლიტიკური რეფორმების პირველ ეტაპზე. ეს არ არის სამედიცინო სფეროს რეფორმა. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას. რასაკვირველია, არც ჩემს ქვეყანაში იყო უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა სრულად. ალბათ, არც საქართველოშია ეს მიღწეული. სამედიცინო სფეროში განხორციელებული რეფორმები დაკავშირებულია გარკვეულ დანახარჯებთან. ეს არის ეტაპობრივი პროცესი და საჭიროა, გქონდეთ საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ რეფორმები გაატაროთ მედიცინაში. ქვეყნებს არ გააჩნიათ უსაზღვრო ბიუჯეტი რეფორმების განხორციელებისას“, – განაცხადა კუშნერმა.

შეგახსენებთ, რომ  ბერნარ კუშნერი საქართველოს 19 ნოემბერს ესტუმრა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.  კუშნერის ვიზიტის  ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენდა.