ეკონომიკა

ევროკავშირმა საქართველოს 46 მილიონი ევრო გამოუყო

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მიერ მაკროფინანსური დახმარების კუთხით ევროგაერთიანებასთან ხელმოწერილი მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის დეკემბერში მოეწერა. მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო 46 მილიონი ევრო.

მაკროფინანსური დახმარების პროგრამის მიზანია საქართველოს საგადამხდელო ბალანსისა და ბიუჯეტის განმტკიცება და ისეთი რეფორმების მხარდაჭერა, რომელიც ეკონომიკური მართვის სფეროში რეფორმების განხორციელებაზე, სოციალური ჩართულობის გაზრდასა და უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. მაკროფინანსური დახმარება მხარს უჭერს რეფორმებს საჯარო ფინანსების მართვის, სოციალური პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობისა და ვაჭრობისა და კონკურენციის პოლიტიკის სფეროებში, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მემორანდუმში განსაზღვრული ღონისძიებები საქართველოს მხრიდან დროულად იქნა შესრულებული და ანგარიში გაეგზავნა ევროკავშირის წარმომადგენლებს.

წყარო: bpi.ge