საზოგადოება

“ინტერნეტიზაცია ცოდნაზე დამყარებული საზოგადოების ფორმირებას შეუწყობს ხელს”      

 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, დაიწყო ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური ინფრასტრუქტურა, რომლითაც ინტერნეტის მიღება ხელმისაწვდომი გახდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, საავადმყოფოებისთვის, ბიზნესორგანიზაციების და სხვა დაწესებულებებისთვის. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული პროექტის დეტალების შესახებ, სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე გვესაუბრა.

– ტექნოლოგიების სააგენტო საკმაოდ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, მხედველობაში მაქვს ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი. საინტერესოა, რა ფინანსური რესურსებით ხორციელდება პროექტი, ვინ არიან დამფინანსებელები და არის თუ არა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს სახსრები?

– ზოგადად, აღსანიშნავია, რომ პროექტი მოიცავს საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით დაფარვას და 2000-ზე მეტი მცირე და საშუალო სოფლის ტეროტორია იქნება მაღალსაჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 10 000 კილომეტრი ოპტიკური კაბელის გაყვანაა დაგეგმილი, რომელზეც იქნება ღია დაშვების პრინციპი, რაც გულისხმობს მცირე, საშუალო და მსხვილი პროვაიდერების ჩართვას, ინტერნეტის საბოლოოდ მომხმარებლებამდე მიტანის პროცესში.

რაც შეეხება პროექტის დაფინანსებას, აღნიშნული პროექტის დაფინანსება ხორციელდება გრანტის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, რომელსაც სრულად გამოყოფს ფონდი “ქართუ”. კერძოდ კი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტში ჩადოს საკუთარი ფინანსური რესურსი, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს განვითარებაში განხორციელებულ კონტრიბუციას. პროექტის დაფინანსების მოცულობა არის 150 მილიონი აშშ დოლარი, რაც უშალოდ ინფრასტრუქტურის შექმნას და სხვადასხვა აპარატურის მოწყობას მოხმარდება. გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება პროექტი, რომელიც რეგიონების კომპიუტერიზაციას და მოსახლეობის კომპიუტერული უნარჩვევების ამაღლებას გულისხმობს, ასევე, ბიბლიოთეკების ბაზაზე იგეგმება ეგრეთწოდებული ინოვაციური ცენტრების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის სპეციალური უნარჩვევების გაცნობას.

აღსანიშნავია, რომ მეცენატის მიერ გამოყოფილი ქველმოქმედება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ფაქტორების გაძლიერებას და ქვეყნის ინტერნეტიზაცია, საქართველოში ცოდნაზე დამყარებული საზოგადოების ფორმირებას შეუწყობს ხელს.

– საინტერესოა იმ კომპანიის გამოცდილება, რომელიც ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის კაბელების გაყვანას. რას წარმოადგენს ეს კომპანია, რა გამოცდილება აქვს და რამდენად სანდოა ის ასეთი მასშტაბური პროექტისთვის?

– ამჟამად მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი, რომელსაც ახორციელებს გერმანული კომპანია “დეტეკონი”, აღნიშნული კომპანია, კი თავის მხრივ წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო გიგანტის “დოიჩე ტელეკომის” შვილობილ კომპანიას. კომპანიის გამოცდილებაზე გეტყვით, რომ “დეტეკონს” ამ მიმართულებით ათეულობით საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება უშუალოდ მაგისტრალების მშენებლობას და ინფრასტრუქტურის ფორმირებას, ამ მიმართულებით, ტენდერების გამოცხადება დეკემბრიდან დაიწყება. ასევე, მაგისტრალების გაყვანის პროცესში გათვალისწინებულია არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებაც.

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობას ექნება ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ინტერნეტის ფასები. როგორი იქნება ამ ბაზარზე ახალი რეალობის დადგომის შემდეგ საფასო პოლიტიკა?

– რამოდენიმე დღის წინ, ლიტვაში განხორციელებული ანალოგიური ინტერნეტიზაციის პროექტი, ევროპაში საუკეთოსო პროექტად დასახელდა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ლიტვურ მხარესთან, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ საუკეთესო პრაქტიკა და ასევე, ვითვალისწინებთ იმ შეცდომებს, რაც ამ კუთხით ყოფილა. დღესდღეობით ლიტვა არის პირველი ქვეყანა, სადაც მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე არის ყველაზე დაბალი ფასები. წინასწარი გათვლებით, ვვარაუდობთ, რომ შედეგები ჩვენთანაც ლიტვის ანალოგიური იქნება, როგორც ხარისხის, ისე ფასების კუთხით.

– საინტერესოა საიდან მოხდება ინტერნეტის საბითუმო შესყიდვა და ვინ იქნებიან ის კომპანიები, რომლებიც საცალო მომხმარებლებზე გაავრცელებენ ინტერნეტს და როგორ მოხდება მათი შერჩევა?

– პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ღია დაშვების პრინციპი, კი თავის მხრივ, გულისხმობს ნებისმიერი პროვაიდერისთვის ინტერნეტით ვაჭრობის უფლებას. თუ ვინმე გადაწყვეტს, დადგას თანამგზავრული ანტენა ან ოპტიკური კაბელით თავად შემოიტანოს ინტერნეტი, მას აუცილებლად ექნება ინტერნეტის გავრცელების უფლება, ასე, რომ ღია დაშვების პრინციპი თავიდან ბოლომდე დამყარებულია კონკურენციაზე. ვვარაუდობთ, რომ ამ პრინციპით ინტერნეტ-ბაზარზე გაჩნდება საკმაოდ ბევრი სუბიექტი, როგორც საბითუმო, ისე საცალო ბაზარზე.

– რა პრინციპით მოხდება დაფარვის ზონების ეტაპობრივი დაფარვა და როდიდან უნდა ველოდოთ მარალი ხარისხის ინტერნეტს რეგიონებში?

– საბოლოო ჯამში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი ქვეყნის 91 პროცენტის ტერიტორიის დაფარვა. შესაბამისად, დაგეგმვის პროცესში ხდება ოპტიმიზაცია ისე, რომ დაპარალელების ხარჯზე მოხდეს მშენებლობის ტემპების დაჩქარება. რაც შეეხება ვადებს, გათვალისწინებულია, რომ მშენებლობის დაწყებიდან სამ წელიწადში უნდა მოხდეს პროექტის დასრულება ხოლო, როგორც უკვე გითხარით, მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის დეკემბერში გამოცხადდება.