29/03/2024
Latest:
ეკონომიკა

ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრმა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველო-ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის კვლევა მოამზადა. კვლევაში განსაკუთებლი ყურადღება დაეთმო ადგილობრივი წარმოების, ქართული პროდუქციის ექსპორტის ანალიზს.

2015 წლის იანვარ-აგვისტოს კვლევის შედეგებმა დაადასტურა ევროკავშირში საქართველოს მთლიანი ექსპორტის სტაბილურ მატება და გამოავლინა სუფთა ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გამოკლებით) მკვეთრი, 40,1%-იანი ზრდა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება იმპორტის მაჩვენებელიც. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,3%-ით გაიზარდა და 1568,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 8,8%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. თუმცა, 2012 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით უმნიშვნელო შემცირება (0,04%) ფიქსირდება.

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 8 თვის მონაცემებით ევროკავშირთან საქართველოს საგარეო ვაჭრობა გაზრდილია არა მხოლოდ აბსოლუტურ მაჩვენებლებში, არამედ წილობრივ სტრუქტურაშიც საქართველოს მთლიან საგარეო ვაჭრობაში. 2014 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქციის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2013 წელთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21,7%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14,9%-ს შეადგენდა. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში კი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლების მაქსიმალური ნიშნული დაფიქსირდა (28,3%) .

2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქციის 24,2% სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდიოდა (2014 წლის შესაბამის პერიოდში 36,5%), 18,5% – თხილსა და კაკალზე, 14,5% – მოდიოდა ნედლ ნავთობზე, 8,9% – აზოტოვან სასუქებზე, 4,1% – ფეროშენადნობებზე, 2,5% – მსუბუქ ავტომობილებზე, 2,5% – ეთილის სპირტზე (არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები), 1,9 %- ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე, 1,8% – მინერალურ და მტკნარ წყლებზე, ხოლო დანარჩენ პროდუქციას ექსპორტში უმნიშვნელო წილი ეკავა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ექსპორტის ზრდა ცალსახად წარმატებული მოვლენაა, ხოლო იმპორტის ზრდა კი (ჯამური იმპორტის კლების პარალელურად) იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი მომხმარებელი უფრო მეტად ხდება ხარისხიან საქონელზე ორიენტირებული (იგულისხმება არამხოლოდ სასურსათო პროდუქცია).

სუფთა ექსპორტი

საქართველოს ექსპორტის რეალური სურათის დასანახად უნდა დავაკვირდეთ ექსპორტს რეექსპორტის გარეშე, ანუ სუფთა ექსპორტს. რაც შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოთ ქართული წარმოების პოტენციალი და რეალური შესაძლებლობები, რომელიც ჩვენი აზრით მზარდი ხასიათისაა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დარჩენილი 2 ქვეყნის (იტალია და ბელგია) რატიფიცირების შემდგომ ახალ სტიმულებს მისცემს ევროკავშირის ბაზარზე ორიენტაციის გაძლიერებისკენ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული სუფთა ექსპორტის მოცულობა 2015 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 40,1%-ით გაიზარდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს სუსტი საექსპორტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე აბსოლუტურ მაჩვენებლებში ზრდამ მხოლოდ 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 342 მილიონს მიაღწია.

ექსპორტიდან რეექსპორტის გამორიცხვის შემდეგ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების პირველი ათეული გარკვეულწილად შეიცვალა. შეცვლილია აგრეთვე თითოეული სასაქონლო ჯგუფის წილი ექსპორტის მთლიან მოცულობაშიც. რაც არაა გასაკვირი, გამომდინარე რეექსპორტის მნიშვნელოვანი დოზისა ქართულ ექსპორტში, როგორც წილობრივად, ასევე აშშ დოლარში გამოსახული.

2015 წლის იანვარ-აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან განხორციელებულ სუფთა ექსპორტში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მის ნაცვლად ლიდერობს თხილი და კაკალი – 76,6 მილიონი აშშ დოლარით, რომელსაც სუფთა ექსპორტის მთლიან მოცულობაში 22,4 პროცენტიანი წილი უჭირავს. მესამე ადგილს იკავებს ნედლი ნავთობი – 17,5 პროცენტიანი წილით, მეოთხე ადგილზეა აზოტოვანი სასუქები – 10,7 პროცენტით, მეხუთეზე – ფეროშენადნობები – 5,0 პროცენტით, შემდეგ მოდის მინარალური წყლები – 2,1 პროცენტით და ყურძნის ნატურალური ღვინოები – 2,1 პროცენტით.

სუფთა ექსპორტის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან რეიტინგში პირველ სამეულს ბულგარეთი, იტალია და გერმანია იკავებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბულგარეთის წილი 35,4 პროცენტამდეა შემცირებული, სამაგიეროდ 13,9 პროცენტამდე და 9,8 პროცენტამდე გაიზარდა, შესაბამისად, იტალიის და გერმანიის წილი ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული სუფთა ექსპორტის მოცულობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჯერ სრული ძალით არ ამოქმედებულა, ნათლად ჩანს იმპულსები, რომელიც ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების სტიმულირებისკენაა მიმართული. ამისი ნათელი მაგალითია 2015 წლის 8 თვეში ევროკავშირში საქართველოს სუფთა ექსპორტის 40,1%-იანი ზრდა.

საქართველო მაღალი ტემპებით ახორციელებს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირებას ევროკავშირის მიმართულებით, რაც სამომავლოდ დიდ პერსპექტივებს აჩენს მთლიანი შიდა პროდუქტის სტაბილური ზრდისა და ადგილობრივი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების განვითარების თვალსაზრისით. რაც სხვა ბაზრებთან მიმართებაში, კერძოდ, რუსეთის ბაზართან მიმართებაში, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ევროკავშირის ბაზარზე ქართული ექსპორტის მომდევნო ზრდისათვის ქართულ პროდუქციას არა იმდენად ხარისხის მაჩვენებლის გაუმჯობესება (თუმცა, რასაკვირველია ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია), არამედ სერტიფიცირების პრობლემის მოგვარებაში ხელშეწყობა ესაჭიროება. მიუხედავად ევროკავშირის მხრიდან გამოცხადებული ღია კარის პრინციპისა ქართულ პროდუქციასთან მიმართებაში, ეს იმას არ ნიშნავს რომ ქართული პროდუქცია შესაძლოა ყველანაირი დაბრკოლების გარეშე ექსპორტირებულ იქნას ევროკავშირში, თუმცა ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია კი უკვე სრული გარანტიით უზრუნველყოფს შესაბამისი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას, სადაც როგორც ვხედავთ ქართული პროდუქცია წლიდან წლამდე იძლიერებს პოზიციებს.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი