ეკონომიკა

რას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის განადგურება უკვალოდ არ ჩაივლის. საფრთხე შესაძლოა შეექმნას ეკონომიკურ კავშირებს ქვეყნებს შორის, რომლებიც ეხება სხვადასხვა სფეროებს – ენერგეტიკიდან და ტელეკომუნიკაციებიდან დაწყებული, ფინანსებით და ტურიზმით დამთავრებული.

რუსეთი – თურქეთისთვის ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია, ხოლო თურქეთი რუსეთისთვის – რიგით მეხუთე. შარშან საქონელბრუნვამ 31 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც 25 მლრდ დოლარი რუსული ექსპორტია. რუსეთი თურქეთში, ძირითადად, ყიდის გაზს, ნავთობს და ასევე სხვა ბუნებრივ რესურსებს, ასევე ხორბალს. თურქეთი ტექსტილს, მოწყობილობებს და სურსათს.

ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. უვიზო მიმოსვლამ თურქეთი განსაკუთრებულად პოპულარული მიმართულება გახადა რუსეთის მოქალაქეებში. შარშან თურქეთს რუსეთის 4.5 მლნ მოქალაქე ეწვია და ეს მთელი უცხოელი ტურისტების 10%-ია თურქეთისთვის. ამ სექტორის წვლილი თურქეთის ეკონომიკაში 36 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ტურიზმი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის პირველი მსვერპლი გახდა: მსხვილმა ტურისტულმა კომპანიებმა თურქეთში ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. მაგრამ, მოსკოვი-ანკარას ურთიერთობების საფუძველი მაინც ენერგეტიკაა. თურქეთი, “გაზპრომისთვის” გერმანიის შემდეგ სიდიდით მეორე გასაღების ბაზარია და ის თურქეთის გაზის ბაზრის 60%-ს აკმაყოფილებს. შესაბამისად, ახლა გაურკვეველია რა ბედი ელის პროექტ “თურქეთის ნაკადს”, რომელმაც სამხრეთ ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.

ამავდროულად, რუსეთის საზღვართან თურქული საქონლის შეტანას უკვე პრობლემები შეექმნა. “როსსელხოზნადზორმა” თურქეთიდან იმპორტირებული 54 ტონა ქათმის ხორცი და 162 ტონა თურქული ხორცი დაბლოკა და უკან გააბრუნა.

როგორც მიმდინარე მოვლენებიდან ჩანს, ჩვენს მეზობელ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი დღითიდღე მწვავდება. მუდმივად ისმის საზოგადოებაში კითხვა თუ რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი საქართველოზე და მის ეკონომიკაზე.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანადაძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი და ეკონომიკური სანქციები, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორად იქცეს.

“რუსეთ-თურქეთის სამხედრო კონფლიქტი და მისი “გაგრძელება”, ე.წ. ეკონომიკური სანქციების ომი, შესაძლებელია, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისთვის და უფრო კონკრეტულად, ლარის სტაბილურობასთან დაკავშირებული თემისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ საგარეო რისკ-ფაქტორად იქცეს. იმის გათვალისწინებით, რომ: რუსეთ-თურქეთს სავაჭრო ბრუნვამ 2014 წელს 31 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის ცხრა თვის განმავლობაში კი, 18 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მომსახურების კომპონენტის გათვალისწინებით, რუსეთ-თურქეთის 2014 წელს საქონლისა და მომსახურების საერთო ჯამური ბრუნვა 44 მლრდ. აშშ დოლარი იყო. მხოლოდ 2015 წლის 9 თვეში გრიფით საიდუმლო (სამხედრო პროდუქცია) რუსეთიდან თურქეთში 6 მლრდ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.  თურქეთის მოხმარებული ბუნებრივი აირის 60% რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე მოდის. ამასთან, თურქეთის ნავთობპროდუქტების საცალო ბაზრის ბაზრის 7% რუსულ ნავთობკომპანიაზე მოდის. მხოლოდ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში თურქეთში რუსეთიდან 3 მილიონზე მეტი ტურისტი ჩავიდა. აღარაფერს ვამბობ რუსულ აქტივებზე თურქეთში და პირიქით”, – აცხადებს კალანდაძე.

ლევან კალანდაძე ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ კონფლიქტი ეკონომიკურ ფაქტორებზეც აისახება და შემცირდება ფულადი გზავნილები მეზობელი ქვეყნებიდან.

“ბუნებრივია, ე.წ. ეკონომიკური სანქციების ომი მნიშვნელოვნად თუ არა, საგრძნობლად გააუარესებს ეკონომიკურ მდგომარეობას როგორც თურქეთში, ისე რუსეთში, და შეუძლებელია ამ ეკონომიკურმა “ომმა” ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს ამ ქვეყნების საგადამხდელო ბალანსებზე. შესაბამისად კი, ადგილობრივი ვალუტების, რუბლისა და ლირას გაცვლით კურსებზე. აგრეთვე, ჩვენი მოქალაქეების მიერ უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების კიდევ უფრო შემცირებაზე როგორც რუსეთიდან, ისე თურქეთიდან.

აქედან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ეკონომიკა და მათ შორის ლარის სტაბილურობა, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული რეგიონში არსებულ და განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ეს ფაქტორი შესაძლებელია განხილულ და დანახულ იქნეს როგორც ახალი, დამატებითი საგარეო რისკ-ფაქტორი საქართველოსთვის 2016 წლის განმავლობაში – საქართველოს საგადამხდელო ბალანსის წონასწორობისა და ქვეყანაში ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით” – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე და იქვე გამოთქვამს იმედს, რომ ამ კონკრეტული გამოწვევების შესაბამისი ღონისძიებების და სტაბილიზაციის გეგმის შემუშავებაზე, ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი ერთობლივად უკვე მუშაობენ.

ეკონომიკის ექსპერტი, თემურ ბასილია მიიჩნევს, რომ რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის შედეგად მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეფერხდება. ამის უმთავრეს მიზეზად მას ის ფაქტორები მოჰყავს, რომ საქართველო გეოგრაფიულად მდებარეობს  ამ ორ დიდ მეზობელს შორისაა და ამავდროულად თურქეთიც და რუსეთიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან.

,,სამწუხაროდ, ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ძირითადად ემოციური კომენტარები სჭარბობს, სადაც ერთნი იწონებენ თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას, ხოლო, მეორენი საუბრობენ რუსეთის შესაძლო ნაბიჯებზე. არადა, ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ აშშ-ის ხელისუფლებამაც კი საკმაოდ მოზომილი განცხადება გააკეთა ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ალბათ, ქართველებს გვმართებს, რომ ნებისმიერ საკითხში ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ. არ შევეხები ამ შესაძლო კონფლიქტის პოლიტიკურ და სამხედრო გავლენას საქართველოზე, რადგან, ისედაც ნათელი უნდა იყოს, რომ ეს იქნება უმძიმესი, რადგან ჩვენი ქვეყანა გეოგრაფიულად მდებარეობს ჩვენს ამ ორ დიდ მეზობელს შორის. რაც შეეხება ეკონომიკას, თურქეთიც და რუსეთიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან. კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა 962.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 17%-ს შეადგენს; ხოლო, რუსეთიდან განხორციელდა 413.1 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი, რაც მთელი იმპორტის 7.1%-ია. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, თურქეთი არის პირველ ადგილზე, ხოლო, რუსეთი კი, მეოთხეზე თურქეთის, ჩინეთის და აზერბაიჯანის შემდეგ.

რაც შეეხება საქართველოდან ექსპორტს, მიმდინარე წლის 9 თვეში რუსეთში განხორციელდა 110 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი, ხოლო, თურქეთში კი, 146 მილიონი დოლარის ღირებულების. ამ სფეროში თურქეთი მეორე ადგილზეა აზერბაიჯანის შემდეგ, ხოლო რუსეთი, მეხუთეზე და მასზე წინ არიან ასევე ბულგარეთი და სომხეთი.

საქართველოს ეკონომიკასა და ფინანსურ სტაბილურობაზე დიდ გავლენას ახდენს უცხოეთიდან ფულადი გზავნილები, რომლებსაც ძირითადად ქართველი ემიგრანტები ურიცხავენ საქართველოში მცხოვრებ თავიანთი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთიდან შემოვიდა 359 მილიონი დოლარი, რაც მთელი გადარიცხვების დაახლოებით 40%-ია, ხოლო, თურქეთიდან – 58 მილიონი დოლარი, რაც მთელი გადარიცხვების დაახლოებით 7%-ს შეადგენს” – აცხადებს ბასილია.

თემურ ბასილიას შეფასებით, ვინაიდან თურქეთიც და რუსეთიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან და თუ ამ ქვეყნებში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, ეს ბუნებრივად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც, მოსალოდნელია რომ მეზობელი ქვეყნების კონფლიქტის შედეგად საქართველოში შემცირდება ეკონომიკური ზრდა, გაიზრდება სიღარიბის დონე და საფრთხის წინაშე დადგება მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

,,როგორც ვხედავთ, თურქეთიც და რუსეთიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან და თუ ამ ქვეყნებში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, ეს ბუნებრივად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. სამწუხაროდ, რუსეთსა და თურქეთს შორის მოვლენების შემდგომ ესკალაციას არ ექნება დადებითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე – დიდი ალბათობით, შემცირდება ეკონომიკური ზრდა, გაიზრდება სიღარიბის დონე და საფრთხის წინაშე დადგება მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელს გახდის ამ უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას”, – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი თემურ ბასილია.