28/03/2024
Latest:
საზოგადოება

“ჩერნოვეცკის პოლიტიკაში მოსვლა ნაადრევია, რადგან მას ქართულ საზოგადოებაში საკმარისი ცნობადობა არა აქვს”

პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის განცხადებით, ბიზნესმენ ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ნაადრევია, რადგან ქართველი ხალხი მას საკმარისად არ იცნობს

“საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, პარტია შექმნას და პოლიტიკაში მოვიდეს. ეს უდაოა და ბუნებრივია, ბატონი ჩერნოვეცკი აქ გამონაკლისს არ შეიძლება წარმოადგენდეს. მაგრამ,  ქართული პოლიტიკა დერეფანივით არ უნდა იყოს, სადაც შემოვარდნა და პირად  თუ საქვეყნო სარგებელზე ზრუნვა ყველას შეუძლია. ჩემი აზრით, რაღაც კრიტერიუმები არსებობს, რომელთა დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი პოლიტიკაში მოვიდეს. როდესაც ჩერნოვეცკი  საქართველოში ჩამოვიდა და ქობულეთში დამკვიდრდა, მე საქართველოში მის გამოჩენას მივესალმე, რამდენადაც ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქვეყანა ერთი შეძლებული ადამიანისთვის მიმზიდველია და ის თავისი კაპიტალის დაბანდებას და დახარჯვას ამ ქვეყანაში აპირებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იმდენად მიმზიდვლი იყოს, რომ  ამ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი მდიდარი ადამიანი დამკვიდრდეს. ასეთი ადამიანების საქართველოში ცხოვრება ქვეყანას აძლიერებს. თუმცა მეორე ასპექტია, როდესაც იგივე პიროვნება პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს ან პარტიას საქართველოს მართვის პრეტენზია აქვს. აქ უკვე დაისმის კითხვა, რა კაპიტალით მოდის პოლიტიკაში? რა ვითარებაში  აქვს მას ეს კაპიტალი შეძენილი? რა წარსული  აქვს მას დღემდე? ჩვენ კარგად უნდა ვიყოთ გათვითცნობიერებული იმაში, თუ რას აკეთებდა იგი უკრაინაში როგორც ბიზნესმენი და შემდეგ, როგორც უკრაინის დედაქალაქის მერი. ამის გარეშე ჩვენ მას ქვეყნის მართვაში მონაწილეობას ვერ მივანდობთ”, – აცხადებს ბერიძე.

მისივე თქმით, ის რაც მან დღემდე საქართველოში გააკეთა, მისასალმებელია, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ჩვენ ის მივიღოთ, როგორც პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტიის დამფუძვნებელი  და ა.შ.

“თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. თუ ხალხი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის, რაც ჩერნოვეცკიზე იცის, საკმარისია,  მას ენდობა და პოლიტიკაში დაუშვებს, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. აქ ქართველმა ხალხმა   უნდა გამოიჩინოს ის, რასაც ხშირად ვერ ავლენდა, ანუ ხშირად მცდარ არჩევანს აკეთებდა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ჩერნოვეცკის პოლიტიკაში მოსვლა ნაადრევია, რადგან   ქართული საზოგადოება მას, მის შეხედულებებს, ხედვებს, საქმიანობას, წარსულს და სამომავლო გეგმებს სათანადოდ არ იცნობს, მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. არ შეიძლება მედიასთან პირველივე შეხვედრაზე განაცხადო, რომ  პოლიტიკაში მოდიხარ და პარლამენტში შესვლა გინდა, ჩვენს შეჭირვებულ პენსიონერებს კი 500 ლარიან პენსიას ჰპირდები, ეს მეტისმეტად არასერიოზულია და ამან ჩემში ნეგატიური ანარეკლი ჰპოვა. დღევანდელი გასდასახედიდან თუ შევხედავთ, ის ცნობადობა, რომელიც მას ქართულ საზოგადოებაში აქვს, საკმარისი არ არის”, – განუცხადა მან “ვექტორს”.

ექსპერტი უკრაინაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების ხელისუფლებაში ყოფნასა და ყოფილი  უკრაინელი მაღალჩინოსნის ქართულ პოლიტიკაში მოსვლის სურვილს შორის  პარალელებს ვერ ხედავს.

“ჩერნოვეცკის პოლიტიკაში მოსვლის სურვილი სხვა შემთხვევაა და სულ  სხვა ამბავია “ნაციონალების” და სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე ხილვა. ჩერნოვეცკი გაცილებით ლეგალურ გზას ირჩევს და მისი ყოფნა-არყოფნის  საკითხი ქართველი ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული. უკრაინელი ხალხისთვის კი არავის უკითხავს, ქართველები იქ მაღალ თანამდებობებზე უნდოდათ თუ არა. გარკვეული თვალსაზრისით, ჩემი აზრით, 45 მილიონიანი ერისთვის შეურაცხმყოფელიც კი არის,  რომ მას  თავის წიაღში პროდასავლური განწყობის რეფორმატორები არ ეგულება.  ასე რომ, ეს  სააკაშვილის პირად სურვილთან ერთად (დიდ პოლიტიკაში ადგილი შეინარჩუნოს),  ჩვენი ამერიკელი პარტნიორების გადაწყვეტილება უფრო იყო, ვიდრე უკრაინელი ხალხის არჩევანი”, – დასძინა მან.

წყარო