საზოგადოება

მგფ-ის ძალისხმევით ტურიზმის სფეროში 500 ადამიანი გადამზადდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში ტურიზმის სფეროში დასაქმებული 500 კადრი გადაამზადა. დღეს კახეთის რეგიონში, კერძოდ, წინანდალში, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, დავით ტაბიძემ, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიაში, აჰმედ ეივეიდამ და “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ“-ის დირექტორმა, ჯოზეფ მაკინერნიმ ადამიანებს, რომლებმაც ტურიზმის სფეროში სპეციალური ტრეინინგები გაიარეს, სერთიფიკატები გადასცეს.

პროგრამის განხორციელებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კახეთის მასშტაბით კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს კულტურული და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. ფონდისთვის მნიშვნელოვანია ტურისტებს, არა მხოლოდ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დახვდეთ ადგილზე, არამედ, ყველა ობიექტზე კვალიფიციური კადრები იყვნენ დასაქმებული, რომლებიც მაღალი ხარისხის მომსახურეობას გაუწევენ ადგილზე ჩასულ დამთვალიერებელსა თუ დამსვენებელს. სწორედ ამიტომ, ფონდმა დააფინანსა ტურიზმის სფეროში მომუშავე პერსონალისთვის ტრეინინგების განხორციელება. რის შედეგადაც, ჯამში, კახეთის რეგიონში 500 კვალიფიციური კადრი მივიღეთ, რაც კახეთის რეგიონის განვითარებისთვის და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

გადამზადებული კადრებისთვის სერთიფიკატების გადაცემა მსოფლიო ბანკის და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ტრენინგის ფარგლებში მოხდა, რომელიც “კახეთის რეგიონში ტურისტულ სექტორში მუშახელის განვითარებისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების საკონსულტაციო მომსახურებას” ეხებოდა. პროექტი ერთობლივმა საწარმომ “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალმა“ და ქი მენეჯმენტ სოლუშენსმა” 2014 წლის მაისიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით განახორციელა. ტრენინგი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა, კერძოდ, ლაგოდეხში, ყვარელში, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, საგარეჯოში, სიღნაღში და დედოფლისწყაროში.

ტრენინგი ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიის ძირითად პროფესიებში მთელი კახეთის მასშტაბით 500-მდე მონაწილემ გაიარა. ამ მიზნისთვის ითარგმნა ამერიკის სასტუმროების და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის სერტიფიცირებული კურსები. ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს.