ეკონომიკა

ლოგისტიკა, პროდუქტების სიმწირე, სახელმწიფოს პასიურობა – ევროპაში ექსპორტის დაბრკოლების მიზეზებია

ბიზნესის დაწყებიდან მალევე ბრიტანელმა კონსულტანტებმა ევროპაში მაღაზიის გახსნა ურჩიეს, მაგრამ მაშინ არ დაუჯერეს და ამ გადაწყვეტილებას დღემდე ძალიან ნანობენ. ბრიტანელი ექსპერტები “მარიონელას” კონსულტაციებს „TACIS“-ის პროგრამის (ტექნიკური დახმარების პროგრამა დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობისთვის) დახმარებით უწევდნენ.

22 წლის წინ საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემო ნამდვილად არ იყო, თუმცა ფაქტია, რომ საქორწილო კაბების მაღაზია „მარიონელა“ სწორედ იმ დროს შეიქმნა და დღემდე ბაზარზეა. კაბებს აქ იტალიური, თურქული და ინდური ქსოვილებით კერავენ და ფასები 1800-დან 10 000 ლარამდე მერყეობს. უახლოეს მომავალში „მარიონელა“-ს მაღაზია ბაქოში გაიხსნება.

„ინგლისელმა სპეციალისტებმა 20 წლის წინ გვირჩიეს, რომ რეკლამა ევროპაში გაგვეკეთებინა. ეხლა ძალიან ვნანობთ, რომ მათ არ დავუჯერეთ და არ ვიზრუნეთ ევროპაში მაღაზიის გახსნაზე. ყოველთვიურად 100 საქორწილო კაბას ვკერავთ. წარმოების გაფართოება და დანადგარების ყიდვა კიდევ შეგვიძლია. ვოცნებობთ პარიზში მაღაზიის გახსნაზე. თუმცა ამ ეტაპზე აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლაა რეალური. როცა ბაქოშიც გავხსნით მაღაზიას, მერე ამჟამინდელი წარმადობა არ გვეყოფა და აუცილებლად უნდა გავფართოვდეთ“, – ამბობს „მარიონელა“-ს დამფუძნებელი მანანა უგულავა.

შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ ტანსაცმლის ზოგიერთი ევროპული ბრენდი საქართველოში იკერება. „შპს ელსელემა“ ერთ-ერთი ქართული სამკერვალო საწარმოა, რომელიც ევროპელი პარტნიორების დაკვეთით მაღალხარისხიან სამოსს ქმნის.

„ელსელემა“-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონტრაქტები ადვილად მოიპოვეს, რადგან ევროპელებმა საქმე თავად შესთავაზეს. მათი თქმით, ევროკავშირში მსუბუქი მრეწველობის ნიშა გაჩნდა, რომლის გამოყენება საქართველოს თავისუფლად შეუძლია: „ევროკავშირში, მაგალითად გერმანელები დღეს ცდილობენ მსუბუქი მრეწველობა ძირითადად ქვეყნის გარეთ გაიტანონ.  იქ უფრო მძიმე მრეწველობა რჩება, რადგან  ამ სექტორში ხელფასები მაღალია და სურთ,  თავიანთი მოქალაქეებისთვის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნან. საქართველოს შეუძლია, რომ მსუბუქ მრეწველობაში, კონკრეტულად კი სამკერვალო ბიზნესში გაჩენილი ნიშა აითვისოს“, – აცხადებს „ელსელემა“-ს დირექტორი მარინა წიკლაური.

„ჯითიეს ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე ელექტრონული მოწყობილობებით ვაჭრობს. ამ კომპანიას ევროკავშირში ექსპორტის ამბიციაც აქვს და დამოუკიდებლად ნიშებსაც ეძებს, თუმცა საერთაშორისო ბაზრების კვლევაში სახელმწიფოს მხარდაჭერაც სჭირდება.

„ჩვენ ამჟამად ელექტრონული მოწყობილობების იმპორტიორები ვართ, თუმცა უახლოეს ხანში ქართული პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირის ბაზარზე შესვლას ვგეგმავთ. ჩვენ მაღალტექნოლოგიური და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი წარმოება გვექნება. საექსპორტო პროდუქტად ups მოწყობილობებს განვიხილავთ.  ცხადია, ევროპულ ბაზრებზე შესაძლო ნიშების შესახებ ჩვენი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო უტყუარი ცნობების მოპოვებაში მოგვეხმარება. ჩვენ შემთხვევაში საუბარია წარმოების დიდ მასშტაბებზე და არა მცირე ტიპის საწარმოზე, – აცხადებს „ჯითიეს ელექტრონიქსი“-ს წარმომადგენელი ნინო ქოჩიაშვილი.

კომპანია „ბიოტეკსს“ ექსპორტის გამოცდილება აქვს, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე შესვლა არასაოდეს უცდია. ეს საწარმო ძირითადად არაჰორმონალური ბიოლოგიურად სუფთა საკვებდანამატების და ვეტპრეპარატების წარმოებაზეა ორიენტირებული. „ბიოტეკსი“-ს დამფუძნებელი ნიკოლოზ ზაზაშვილი ამბობს, რომ ზოგიერთი პროდუქტი უნიკალური და მთლიანად მათი გამოგონებაა. მისი თქმით, დიდი შანსია, რომ  ევროპაში მზა ნაწარმზე მეტად თავად ინოვაციით დაინტერესდნენ.

„ისეთი პროდუქტებიც გვაქვს, რომლებიც ჩვენი შექმნილია. არის ბიოლოგიურად სუფთა და რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის. ევროკაშირში ამაზე მოთხოვნა არსებობს. ჩვენი პროდუქცია ითხოვს ისეთ პროცედურებს, რომ ზოგჯერ თითოეული პროდუქტის დარეგისტრირებას წელიწადი სჭირდება. ჩვენი ნაწარმოები ცხოველის საკვები „რუმიფორსი“, გარდა იმისა, რომ სწარაფად ზრდის ცხოველს,  ასევე ხელს უწყობს ხორცის ხარისხის გაუმჯობესებასაც. ჩვენი მეორე ცნობილი პროდუქტია „ბიოლოჯიქალ სტოპერი“, ეს  გველების საწინააღმდეგო სპრეია, რომელსაც ქართული ჯარი წარმატებით იყენებს. ჩვენ განვიხილავთ არა პროდუქტის აქ წარმოებას და შემდეგ ევროკავშირში გატანას, არამედ ნოუჰაუს გაყიდვას. ამ შემთხვევაში ჩვენი მეთოდით უკვე ევროკავშირში დაიწყებოდა წარმოება. საზღვარგარეთ გამოფენებში მონაწილეობისთვის სახელმწიფოს დახმარება გვჭირდება. როდესაც სახელმწიფო უდგას გამოფენას უკან, უფრო მეტ დამაჯერებლობას და სერიოზულობას მატებს პროცესს“, – აცხადებს ნიკოლოზ ზაზაშვილი.

eugeorfia.info დაინტრესდა როგორ ეხმარება სახელმწიფო ექსპორტიორ და ექსპორტის მსურველ კომპანიებს იმისთვის, რომ მათ საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება შეძლონ.

საქართველოში წარმოების ინდუსტრიული სფეროს ხელშეწყობა ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს ვალდებულებაა. ამ მიმართულებით კი აქტივობებს უშუალოდ მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

სააგენტოს ორგანიზებით წელს ოცდათხუთმეტი კომპანიის სამოცდაათამდე ექსპორტ-მენეჯერმა კავკასიის ბიზნეს სკოლაში ექსპორტის კურსები  პრჯერ გაიარა. ამას გარდა, სააგენტოს კომპანიები საერთაშორისო გამოფენებზეც მიყავს. მონაწილეობისთვის საჭირო თანხის 80 პროცენტს სახელმწიფო, 20 პროცენტს კი კომპანიები ფარავენ.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი სოფო ბენდიაშვილი ამბობს, რომ გამოფენებში მონაწილეობა კარგია, თუმცა კომპანიებმა ბევრი უნდა იმუშაონ იმაზე, რომ მოკლე დროში პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების ეფექტურად წარდგენა შეძლონ: „სანამ გამოფენებზე წავლენ, თავად კომპანიებს აქვთ ძალიან ბევრი საშინაო დავალება შესასრულებელი. საშინაო დავალება გულისხმობს, რომ მოამზადონ მოკლე ინფორმაცია თავისი პროდუქტების წარსადგენად, რომლითაც შეთანხმებული და ასევე დაუგეგმავად მისული შემსყიდველები უნდა დააინტერესონ. მათ უნდა მოახერხონ, რომ ძალიან მოკლე დროში სტენდთან პოტენციურ კლიენტებს აუხსნან, რა პროდუქტებთან აქვთ საქმე. გამოფენაზე წასულმა კომპანიებმა ასევე უნდა მოიძიონ ინფორმაცია შემსყიდველების შესახებაც, რადაგან გამოფენები, როგორც წესი არის ადგილი, სადაც კონკრეტული პროდუქტებისთვის და შეთანხმებების დასადებად მთელი მსოფლიოდან ჩადიან კლიენტები“.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია აცხადებს, რომ ქვეყანაში საექსპორტო პროდუქტების ნაკლებობაა. მათი სააგენტო მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებების გათვალისწინებით მოქმედებს, მაგრამ წახალისების მეთოდები, კარგი საექსპორტო პროდუქტების სიმწირის გამო ეფექტურად არ მუშაობს: „ჩვენ ირლანდიის გამოცდილება შევისწავლეთ. Enterprise-Ireland ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში და ითვლება, რომ ირლანდიის ექსპორტი საუკეთესო სასწავლო მაგალითია. ვნახეთ ასევე მეწარმეობის ხელშეწყობის ლიტვის მოდელი. უკვე  ვიყავით ესტონეთის Enterprise Estonia-ში, სინგაპურში და გერმანიაში. პოლონეთში იგივე მოდელის შესასწავლად დეკემბერში მივემგზავრებით.  მექანიზმები, რომლითაც შეიძლება ექსპორტი წაახალისო, არის ყველგან მსგავსი. სამწუხაროდ, საექსპორტო პროდუქცია მცირეა ჩვენთან  და მისი ზრდა მხოლოდ წახალისებაზე არ არის დამოკიდებული“.

eugeorgia.info შეეცადა გაერკვია, ჰყავს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოებში ეკონომიკური ატაშეები, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე ქართული საექსპორტო პროდუქტებისთვის ნიშას ეძებენ ან მოთხოვნადი პროდუქტების შესახებ ინფორმაციებს აგროვებენ. აღმოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატებისთვის ტრენინგებს ატარებს, თუმცა რა შედეგი მოაქვს ამ დიპლომატების მიერ ეკონომიკური ატაშეს ფუნქციების შეთავსებას, ვერ გვითხრეს.

„შევიმუშავეთ სახელმძღვანელო, ამაში დაგვეხმარა ამერიკის მთავრობა და რამდენიმე კურსი ჩავატარეთ ეკონომიკური ატაშეებისთვის და იმ დიპლომატებისთვის, რომლებიც არ არიან ეკონომიკური ატაშეები, მაგრამ მათ მოვალეობაში შედის ამ ფუნქციების განხორციელება. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყველგან ჰყავდეს ეკონომიკური ან კულტურის ატაშე, ამიტომ დიპლომატები ითავსებენ ამ ფუნქციებს. ჩვენს საიტზე დევს ეკონომიკური გზამკვლევი და ნებისმიერ დიპლომატს შეუძლია ამით იხელმძღვანელოს. ეს არის ეკონომიკური დიპლომატიის მოკლე კურიკულუმი. ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ ერთკვირიან კურსს. რა შედეგი მოაქვს ჩვენს ტრეინინგს, ამის სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს“, – აცხადებს საგარეო სქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორი მაია ყიფშიძე.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოთხოვნადი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის ერთ-ერთ საშუალებად ცნობილ და სანდო ვებ-რესურსს www.euromonitor.com- იყენებს. სააგენტოს ამ საიტზე 10 ქვეყნის (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, არაბეთის გაეთიანებული საემიროები) ბაზრის კვლევების ლიცენზია აქვს ნაყიდი.

www.euromonitor.com-ზე შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია, რა ტიპის ახალ პროდუქციაზეა მოთხოვნა ევროკავშირის ბაზარზე ამ ინფორმაციას გავცემთ მოთხოვნის მიხედვით. ეს კვლევა შეიძლება არ გვედოს, მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს ამის მოძიება არანაირი პრობლემა არ არის. არის ხოლმე მოთხოვნა ევროპაში ისეთ პროდუქტებზე, რომლის წარმოება საქართველოში არ ხდება. ჩვენ ყველა ტიპის პროდუქტზე, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია, ამდენი რესურსი უბრალოდ არ გვაქვს. ასეთი კვლევები საკმაოდ ძვირი ღირს. ჩვენ უფასოდ გავცემთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი მოთხოვნა არ არის ქართული კომპანიების მხრიდან“, -აცხადებს ანი კვარაცხელია.

აგრო-სასურსათო სექტორში არსებული კომპანიების საექსპორტო შესძლებლობების განვითარებისთვის ხელშეწყობას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობს. ექსპორტის წახალისების ინსტრუმენტები მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინსტრუმენტებისგან თითქმის არ განსხვავდება. საექსპორტო პროდუქტის  პოპულარიზების მთავარი საშუალება ამ შემთხვევაშიც გამოფენებია.

„სასოფლო-სამეურნეო სექტორში არსებულ საწარმოებს ექსპორტის ხელშეწყობის რამდენიმე შესაძლებლობას ვთავაზობთ. პირველი და აპრობირებული ფორმა ეს არის საერთაშორისო გამოფენები. სამინისტროს ამ მიმართულებით გამოყოფილი აქვს ბიუჯეტი. გარდა ამისა, ჩვენ გავაკეთეთ აგრო-სასურსათო პროდუქციის საივესტიციო გზამკვლევი, სადაც 21 პროდუქტზე გვაქვს ანალიზი გაკეთებული. ეს პროდუქტებია: თხილი, ვაშლი, მოცვი, ბალი,მანდარინი, ატამი, ხურმა, კიტრი, პომიდორი, ხახვი, სტაფილო, მწვანილი, კარტოფილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ფრინველი, მტკნარი წყალი, რძის პროდუქტები, თაფლი, ჩაი და ხორბალი. გზამკვლევში ახსნილია, მაგალითად რა თანხა ჯდება კონკრეტული პროდუქტის წარმოება, რამდენ ხანში მოიტანს შედეგს, როგორია ექსპორტის სტატისტიკა წლების მიხედვით, სად შეიძლება ექსპორტის განხორციელება. იცით, რომ მეწარმეობის განვითარებისთვის სამინისტრო უკვე ახორციელებს რამდენიმე პროგრამას, ესენია: „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, „გადამამაუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“, „დანერგე მომავალი“, „აგროდაზღვევა“ და ა.შ.“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე.

ნიშებისა და მოთხოვნადი პროდუქტების შესახებ ინფორმაცის სიმცირის გარდა ქართულ კომპანიებს ლოგისტიკური პრობლემებიც მძიმე ტვირთად აწევთ. მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აღიარებენ, რომ გადაზიდვების პრობლემა ნამდვილად დგას.

„თბილისიდან ფოთამდე ტვირთის გადაზვიდა შეიძლება იმაზე მეტი დაჯდეს, ვიდერე ფოთიდან ჩინეთამდე. ბევრი გადამზიდავი უნდა გამოჩნდეს ბაზარზე, რომ კონკურენციის შედეგად ტარიფები გაიაფდეს. არიან კომპანიები, რომლებიც მეტნაკლებად კარგად ართმევენ თავს გადაზიდვებს. თუ მეწარმეები დაგვირეკავენ, ჩვენც მზად ვართ ლოგისტიკური სირთულეების გადაჭრაში დავეხმაროთ“,- აცხადებს ანი კვარაცხელია.

ექსპორტის ხელშეწყობისთვის მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ვებსაიტი tradewithgeorgia.com-ი აქვს. საიტი 2011 წელს შეიქმნა, თუმცა შემდეგ მისი დახვეწა გადაწყდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ეხლა დიზაინი შეიცვალა და ბევრად უფრო მოსახერხებელი გახდა, მაგრამ დღეს ის ტექნიკური შეფერხების გამო  უკვე რამდენიმე თვეა არ მუშაობს. საიტზე კომპანიას თვითონ შეაქვს ინფორმაცია. მაგალითად: რა ტიპის პროდუტი აქვს, სად ყიდის, რა სტანდარტები აქვს. შესაძლებელია ფოტოების განთავსება. აქ ყველა კომპანია ისეთ გვერდს შექმნის, რომელსაც ისე მოიხმარენ, როგორც საკუთარ დამოუკიდებელ ვებსაიტს (tradewithgeorgia.com შემდეგ დროპი / და შემდეგ კომპანიის დასახელება). მეწარმეობის განვითრების სააგენტო tradewithgeorgia.com-ის პრომოუშენს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალების გამოყენებით აპირებს. ამას გარდა, საიტის ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე წარდგენას გეგმავენ. საიტს ანალიტიკის  ფუნქციაც ექნება. შესაძლებელი იქნება იმის გარკვევა, თუ რა პროდუქციით დაინტერესდნენ ყველაზე მეტად და რომელი ქვეყნებიდან.

ზურაბ მოდებაძე

წყარო: eugeorgia.info