ეკონომიკა

2015 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 6.9%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 6,9%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც 2015 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული ვიზიტორების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა, უფრო კონკრეტულად კი, ვიზიტორების რაოდენობამ 5 897 685 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 382 126 მოგზაურით (+6.9%) მეტია.

რაც შეეხება ტურისტებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი გაატარეს, ჩოგოვაძის თქმით, მათი რიცხვი 2 278 562-ია, ზრდა კი 2.2%. ტურისტების წილი მთლიან მოგზაურებში 39%-ია.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წელსაც საქართველოს ყველაზე მეტად მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ, თუმცა პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ: იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (51%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები – 675% და საუდის არაბეთი – 80%-იანი მატებით. აღსანიშნავია, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.
10 ქევყანა, საიდანაც 2015 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, ასე გამოიყურება: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, გერმანია, ყაზახეთი, აშშ.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ზრდა არის შემოსვლების კუთხითაც. საერთაშორისო ტურიზმიდან 2015 წლის მესამე კვარტალში შემოსავალმა 742 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2014 წლის მესამე კვარტალში 650 მლნ აშშ დოლარი იყო. ზრდა წინა წლის მესამე კვარტალთან 14.2%-ს შეადგენს.
მისივე თქმით, საერთაშორისო ტურიზმიდან სამი კვარტლის ჯამური შემოსავლები 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2014 წელს იგივე მაჩვენებელი 1.4 მილიარდს შეადგენდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 8.1 %-ით მეტია. ტურიზმის წილი სერვისის ექსპორტში 62.2%-ს შეადგენს.

“2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ 5 900 000 მიაღწია, რაც 7%-ია ზრდას გულისხმობს. დაახლოებით, 382 000 ადამიანით მეტი შემოვიდა საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2016 წელსაც ტურისტების რაოდენობა დინამიურად გავზარდოთ, რადგან ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკაში. საერთაშორისო მოგზურთა ზრდა ერთიანი გუნდის მუშაობის შედეგია და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ასევე განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, ვისი მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგების მიღწევა”,

– განაცხადა ჩოგოვაძემ.