29/03/2024
Latest:
საზოგადოება

”ნაცმოძრაობის” დაფინანსება ”სოკარ ჯორჯიას” საშუალებით ხდება”

„დღეს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე კომპანია “სოკარ ჯორჯიასთვის”  შექმნილია  მონოპოლია, ეს კომპანია სრულად აკონტროლებს გაზისა და ბენზინის ბიზნესს!”, – პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასი” განცხადებას ავრცელებს:

„ასეთი, მონოპოლისტური მდგომარეობა ენერგეტიკულ ბაზარზე კომპანიებს საშუალებას აძლევს დააწესოს უსამართლო, მაღალი ტარიფები, რაც სახეზეა  და ხალხის გაღატაკების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია; ეს აძლევს საშუალებას ასევე  მოიპოვოს არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პოლიტიკური გავლენა და განახორციელოს სახელმწიფოს შანტაჟი, რაც ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას.

 

სწორედ ასეთი შანტაჟის შთაბეჭდილებას ტოვებს “სოკარის” საქციელი და პოლიტიკოსთა ისტერიკა, რომელიც იმართება სახელმწიფოსთვის გაზის ალტერნატიული წყაროების მოპოვების დროს, ხოლო პოლიტიკოსთა საქციელი გვახსენებს იმას, რომ კონკრეტული, პირადი, კორუფციული ინტერესების გარეშე არცერთი მონოპოლია არ შექმნილა საქართველოში.

 

ასეთი მონოპოლიები პირადი, ფინანსური ინტერესების გამო ხელოვნურად იქმნებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, ჩვენი იფორმაციით სწორედ “სოკარ ჯორჯიას” საშუალებით ხდება “ნაცმოძრაობის” დაფინანსება და ამ კომპანიის 30%  სწორედ ყოფილი პრეზიდენტის და მისი კლანის მიერ კონტროლდება.

 

სახელმწიფოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს დამოკიდებული ბუნებრივი აირის ერთ მომწოდებელზე და ჰქონდეს მოწოდების ალტერნატიული წყაროები, რადგან ასეთ შემთხვევაში მომწოდებელს შეუძლია პოლიტიკური შანტაჟი განახორციელოს და გამოიწვიოს კრიზისი.

 

“ქართული დასი” წლების განმავლობაში იბრძვის ელიტური კორუფციისა და ხელოვნური მონოპოლიების წინაარმდეგ, არაერთგზის მიუთითებდა ხელისუფლებას არსებულ პრობლემის შესახებ, მაგრამ დასანანი და დამაფიქრებელია, რომ ახალ ხელისუფლებას, სამი წელია თითიც კი არ გაუნძრევია არსებული ვითარების შესაცვლელად და მონოპოლიები კვლავ შენარჩუნებულია, ენერგეტიკულ ბაზარზეც და სხვა  ყველა სფეროში, რაც ვიმეორებთ ხალხისა და სახელმწიფოს გაღატაკების და დასუსტების ძირითადი მიზეზია.

 

კატეგორიულად მოვითხოვთ  გაგრძელდეს მოლაპარაკება და შედგეს შეთანხმება ბუნებრივი აირის მოწოდებაზე რუსეთთან, ირანთან და ნებისმიერ სხვა შესაძლო მომწოდებელთან”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

Reportiori.ge