ეკონომიკა

რას გულისხმობს პრემიერის მიერ ინიცირებული ესტონური საგადასახადო მოდელი

მთავრობა საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის დანერგვაზე მუშაობს. ინიციატივა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის. როგორც ჩანს, პროფესიით ეკონომისტ პრემიერს კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია ეკონომიკისთვის გადასახადების მაქსიმალურად ლიბერალიზაციას და ახალმა მთავრობამ ორიენტირიც სწორედ ამ მიმართულებით აიღო. როგორც წესი, ეფექტური საგადასახადო სისტემის მეშვეობით, ერთი მხრივ უნდა განხორციელდეს ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის ფორმირება, ხოლო, მეორეს მხრივ, საგადასახადო სისტემა მასტიმულირებელი უნდა იყოს სამეწარმეო აქტივობისა, რომ შემდგომში გაზრდილი და განვითარებული ბიზნესის წყალობით, საგადასახადო ბაზაც გაიზარდოს. ზოგადად რომ ვთქვათ, საგადასახადო სისტემა, ეკონომიკის განვითარებისა და სტიმულირების ხელშემწყობ მექანიზმს უნდა წარმოადგენდეს.

მსოფლიოში მრავალი სახის საგადასახადო სისტემა მოქმედებს. ამასთან მეცნიერებს, პოლიტიკოსებსა თუ ეკონომისტებს შორის მუდმივად მიმდინარეობს დავა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ყველაზე ოპტიმალური საგადასახადო მოდელი ქვეყნისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ყველასათვის მოსაწონი დაბეგვრის სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს, თუმცა სრულყოფილებასთან ახლოს მყოფად ესტონურ მოდელს განიხილავენ, რომლის გარკვეული ელემენტების გადმოღებაც იგეგმება ჩვენს საგადასახადო მოდელში,  რამაც მნიშვნელოვნად უნდა გაუმარტივოს საქართველოში მოქმედ ბიზნესს ფუნქციონირება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, ეს რეფორმა გულისხმობს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვას საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ მოგების გადასახადი მთლიანად გაუქმდება გაუნაწილებელ მოგებაზე და საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ის თანხა, რომელსაც ბიზნესის დამფუძნებელი გაიტანს დივიდენდის სახით კომპანიიდან – “ეს ნიშნავს იმას, რომ რეინვესტირებული მოგება არ დაიბეგრება მოგების გადასახადით. ზოგადად ორი სახის რეინვესტიციის განთავისუფლება არსებობს, ერთი რეინვესტიციის განთავისუფლება, რომელიც შეზღუდულია გარკვეული ვადით, ხოლო მეორე არის ესტონური მოდელი, რომლის დროსაც ბიზნესის მიერ არ ხდება დადასტურება იმის, თუ რაში გააკეთა მან რეინვესტირება და ბიზნესი თავისუფალია არჩევანში, სწორედ ამის დანერგვა ხდება საქართველოში.

ამ რეფორმის შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უფრო გაიოლდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ზოგადად უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ბიზნესს განვითარების, შესაბამისად, კრიზისულ პერიოდებში უფრო მდგრადი იქნება, რაც მთლიანობაში ეკონომიკისთვის ძალიან კარგია. არანაკლებ მნიშვნელოვანია საგადასახადო ადმინისტრირების და აღრიცხვის გაიოლება, არსებულ მოდელშიც, რომელსაც დღეს ვიყენებთ საკმაოდ იოლია საგადასახადო ადმინისტრირება, თუმცა, ბევრად უფრო გაიოლდება ეს პროცესი, როგორც ბიზნესისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, რაც ნიშნავს დაზოგილ თანხას ბიზნესისთვის და შემცირებულ ხარჯებს სახელმწიფოსთვის”, – აცხადებს ხუციშვილი.

 

რატომ ესტონური მოდელი და რას გულისხმობს ის?

 

2015 წლის მონაცემებით, საერთაშორისო საგადასახადო კონკურენტუნარიანობის მიხედვით, ესტონეთი პირველ ადგილზეა. განვითარებულ სამყაროში მისი მოდელი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანია. მისი ძირითადი მახასიათებელია შედარებით დაბალი კორპორაციული საგადასახადო განაკვეთი 21%, რომელიც არ ითვალისწინებს დივიდენდიდან მიღებული შემოსავლის ორმაგ დაბეგვრას. თითქმის 21%–ანი საშემოსავლო გადასახადი ბინაზე, ქონების გადასახადი, რომელიც ბეგრავს მხოლოდ მიწის ღირებულების და არა მასზე განთავსებული შენობა ნაგებობების ღირებულების მიხედვით და ტერიტორიული საგადასახადო სისტემა, რომელიც 100%–ით ათავისუფლებს უცხოურ მოგებას.

ესტონური მოდელი მხოლოდ დაბალი განაკვეთებით არ ხასიათდება, ის ასევე უზრუნველყოფს ნეიტრალურად სტრუქტურირებულ საგადასახადო სისტემას, რომელსაც დანაზოგებისა და ინვესტიციებისადმი თანაბარმნიშვნელოვანი მიდგომა აქვს.

ესტონეთი ბეგრავს მხოლოდ განაწილებულ მოგებას 21%–ით. ეს ნიშნავს, რომ თუ მაგალითად ბიზნესი გამოიმუშავებს 100 დოლარს და მას მთლიანად გადაუხდის აქციონერებს, ამ განაწილებული მოგებიდან ის ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი 21 დოლარი. ნაცვლად ამისა, თუ ბიზნესი გადაწყვეტს, რომ ამ 100 დოლარის რეინვესტირება მოახდინოს, ის აღარ დაიბეგრება.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემოსავალი არ დაიბეგრება. შემოსავალი არის პოტენციურად დაბეგრილი, რაც არის 21 %, კაპიტალის მოგების მაჩვენებელი. თუ ბიზნესი მისი 100 დოლარის მოგების რეინვესტირებას მოახდენს, ბუნებრივია ამ ბიზნესის ღირებულება იზრდება და ამით, მეწილეების მოგებაც. მათ რომ ეს თავიანთი წილი გაეყიდათ, 21%–ით დაიბეგრებოდნენ.

ესტონეთი ასევე 100%–ით ათავისუფლებს ყველა უცხოეთიდან მიღებულ შემოსავლებს. ის OECD–ის ერთ–ერთი ქვეყანაა, რომელმაც ყველაზე სწორად განსაზღვრა ქონების გადასახადი, რაც მხოლოდ მიწის ღირებულებას ითვალისწინებს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბევრ ქვეყნებში ქონების გადასახადი ითვალისწინებს როგორც მიწის, ასევე მასზე განთავსებული შენობა ნაგებობის ღირებულებას, ანუ თუ ბიზნესი საკუთარ მიწაზე ააშენებს შენობას, მაღალი ქონების გადასახადის წინაშე აღმოჩნდება, ესტონეთში კი საგადასახადო სისტემა ნეიტრალურია, როგორც მიწის ნაკვეთის, ისე ბიზნესგანვითარების. გარდა ამისა, ესტონეთში გაუქმებულია ქონების ანდერძით გადაცემის გადასახადი, არც გადარიცხვებზე მოქმედებს დაბეგვრა და არც ფინანსურ ტრანზაქციებზე, როგორც ეს არის, მაგალითად, სხვა OECD-ის ქვეყნებში.

 

 

იზი ალადაშვილი