საზოგადოება

ინტერნეტმაღაზია BE.GE-ში გაყიდულ უხარისხო ან დაზიანებულ პროდუქტზე პასუხისმგებლობას არ იღებენ  

 

ტექნიკის შეძენამდე წასაკითხი ანუ მომხმარებელთა უფლებები საქართველოში

თუ თქვენ იყიდეთ კომპიუტერული ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მასთან დაკავშირებული მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა, ჩათვალეთ რომ არ გაგიმართლათ, რადგან რეალობის შეცვლა თითქმის წარმოუდგენელია, იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ უბრალოდ არ არსებობს. კანონი 2013 წელს გაუქმდა და დაიწყო ახლის შემუშავება. წინამორბედ კანონში ბევრი რამ იყო დასახვეწი, მაგრამ ახლა კანონის გარეშე დარჩენილი ეს სფერო, უფრო მეტ თავსატეხს უქმნის მომხმარებელს და კანონის გვერდისამქცევ პირებს კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებში აყენებს.

კანონის არარსებობიდან გამომდინარე, საგარანტიო პირობები მთლიანად მორგებულია ბიზნესოპერატორების სურვილებზე. არსებობდა ისეთი ფაქტები, როდესაც სერვისცენტრი ბიზნესოპერატორის დაქვემდებარებაში იყო, რომლის დასკვნაც თითქმის არასდროს შეესაბამებოდა რეალობას. მდგომარეობა ამ მხრივ ცოტათი გამოსწორდა, თუმცა, რეალური მარეგულირებელი მექანიზმის არარსებობა ამ სფეროში, რაც მომხმარებელთა უფლებებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ნივთის გარანტია ხშირად მხოლოდ ფურცელია მეტი არაფერი, სადაც აშკარად იგრძნობა მომხმარებლების უფლებების გაუთვალისწინებლობა. მაგალითად: შეძენილი ნივთის გამოცვლა ქარხნული წუნის შემთხვევაში (რაც აუცილებლად სერვისცენტრმა უნდა დააფიქსიროს დასკვნაში), მხოლოდ 3 დღეშია შესაძლებელი. თუ ნივთს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება, შეცვლა საერთოდ წარმოუდგენელია და ხშირად შესაკეთებლადაც კი არ იტოვებენ. აქვე ვაწყდებით მთავარ პრობლემას – შესაძლებელია სერვისცენტრმა დაადგინოს დაზიანება, თუმცა, ის ნივთის შეცვლისგან თავს აირიდებს. საგარანტიო პირობის კიდევ ერთი პუნქტით, – მისი შეკეთება უნდა მოხერხდეს, დაახლოებით, 45 დღის განმავლობაში. ეს 45 დღე კი ახლიდან ყოველ ჯერზე აითვლება, ნივთის ნაწილის გამოცვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, შეკეთდა თუ არა ის. შეკეთებისას გასათვალისწინებელია, რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ახალი ნაყიდი ნივთის გახსნას, – მომხმარებელი აქაც დაზარალებული რჩება, ეცემა შეძენილი ნივთის ფასი.

ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი რეალური მაგალითია, როდესაც ქარხნული წუნის არსებობისას, შეცვლის ალბათობა მაინც ძალიან მცირეა. იყო შემთხვევა, როდესაც მომხმარებელმა იყიდა მაცივარი, თუმცა, სახლში მიმდინარე რემონტის გამო არც გაუხსნია. მაცივრის ჩართვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაცივარს ჰქონდა ქარხნული წუნი, თუმცა, მომხმარებელს არ შეუცვალეს ნივთი, რადგან შეცვლის დრო გასული იყო.

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი, – ინტერნეტმაღაზია BE.GE-ში ნაყიდ Acer –ის ფირმის საკმაოდ ძვირადღირებულ ლეპტოპს ქარხნული წუნი აღმოაჩნდა, რაც გამოიხატებოდა უჩვეულო ხმის პრობლემით. UGთ-ის სერვის-ცენტრმა 3-ჯერ უარყო ნივთის დაზიანება, თუმცა, მომხმარებლის ძალისხმევით, ნივთის ორკვირიანი ანალიზის შედეგად, მეოთხე ჯერზე დადგინდა დაზიანება, რომლის მიზეზადაც ვინჩესტერი დასახელდა. ახალი ნაწილის გამოწერას დამატებით 2 კვირა დასჭირდა, მის შეცვლას 3-4 დღე და საბოლოო ჯამში პრობლემა მაინც ვერ გადაიჭრა. ხელმეორე ანალიზის შედეგად ისევ დაადგინეს ვინჩესტერის დაზიანება და ვინჩესტერი მეორეჯერაც შეცვალეს, თუმცა, პრობლემას ვერაფერი მოუხერხეს.

გასათვალისწინებელია მომხმარებლის მდგომარეობა, რომელსაც 2 თვე არ უნახავს ნივთი, რომელიც მრავალჯერ, უმიზეზოდ გახსნეს და ბოლოს, სერვისცენტრისგან მაინც შემდეგი პასუხი მიიღო, – “ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მეტი ვერაფრით დაგეხმარებით». სერვისცენტრთან  მდებარე ამავე პროდუქტის შემომტანმა კომპანიამ, Dilain–მა, რომელიც საკმაოდ ბევრ მაღაზიას ამარაგებს მსგავსი პროდუქციით, აირიდა პასუხისმგებლობა ნივთის შეცვლაზე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მომხმარებლის მოვალეობად ჩათვალა, რაც გაუმართლებელი და არასწორია.

კიდევ ერთმა ოფიციალურმა სერვისცენტრმა – თექპოინტ-ი მსგავს პრობლემასთან მიმართებაში ზუსტად UGT- ის მიდგომები გაიმეორა.

სიტუაციიდან უკანასკნელ გამოსავლად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩანდა, რომლის ექსპერტიზაც საკმაოდ ძვირი ჯდება (150-200ლარი). ექსპერტთან კონსულტაციის შემდეგ, მომხმარებელმა მიიღო დაზიანების არსებობის სიტყვიერი დასტური იურიდიული დასკვნის გარეშე. დასკვნის ვერგაცემის მიზეზად დასახელდა კონკრეტული სფეროს ექსპერტის არარსებობა. თუმცა, დაისახა ერთადერთი გამოსავალი, – მომხმარებელს უნდა მოეპოვებინა ანალოგიური პროდუქტი, რომლის გახსნასაც პატრონი დათანხმდებოდა. ამ შემთხვევაში, ექსპერტები შეადარებდნენ ლეპტოპების სტრუქტურას ერთმანეთს, დაზიანების მიზეზის აღმოსაჩენად. ეს კი ნიშნავს სხვისი პროდუქტის საბაზრო ფასის განახევრებას და მის ლეპტოპზე საგარანტიო მომსახურების გაუქმებას, რაზეც თანხმობას არცერთი მფლობელი არ განაცხადებს. ამასთანავე, ეს პროცესი ბევრად მეტ დროს და ფინანსურ რესურსს მოითხოვდა მომხმარებლისგან. სამწუხაროდ ეს შემთხვევა ასე სრულდება.

მსგავს მაგალითებს ხშირად წავაწყდებით. გამოსავალი თითქოს არ ჩანს. ამავე დროს მომხმარებელს უწევს ბიზნესოპერატორის მიერ შეთავაზებული პირობებით თამაში, რომელიც არ ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებს და მისთვის არსებული სიტუაციიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ერთი შეხედვით, თითქოს არსებობს გამოსავალი, -სასამართლო, რომლითაც შესაძლებელია მსგავსი დავის და თავსატეხების გადაწყვეტა. აქაც მთელი დატვირთვა მომხმარებელზე მოდის, რადგან ეს ძალიან გრძელი და ძვირი გზაა, – სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არც თუ ისე იაფი ჯდება, ადვოკატის მომსახურება და სხვა ხარჯები 500-1000 ლარამდე ადის, რაზეც მომხმარებელი უარს, გასაგები მიზეზების გამო, ამბობს. ხშირად მის მიერ შეძენილი ნივთი ამხელა თანხა არც კი ღირს.

რაც შეეხება ახალ კანონს, ევროინტეგრაციის კომიტეტმა ბიუროს ის 27 ივლისს წარუდგინა, ამ უკანასკნელმა კი უნდა დაამტკიცოს ვადები. წამყვანი კომიტეტი და ვადები ჯერ არ არის განსაზღვრული, სავარაუდოდ, კანონპროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება. ეს ხანგრძლივი პროცესი კი როდის დასრულდება მომხმარებელთა სასიკეთოდ, ძნელი სათქმელია.

“მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებს კანონი სასწრაფოდ არის მისაღები»

მადონა კოიძე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თაცმჯდომარე
მადონა კოიძე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თაცმჯდომარე

  მსგავს შემთხვევებზე სასაუბროდ და შესაძლო რჩევებისთვის, რომელიც მომხმარებელმა ტექნიკის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოს, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარეს მადონა კოიძეს გავესაუბრეთ.

– არსებობს თუ არა მომხმარებელთა უფლებების დაცვის რაიმე საკანონმდებლო ნორმა საქართველოში?

– საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ არსებობს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. ასევე არ არსებობს სახელმწიფო მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც აკონტროლებს მომხმარებელთა უფლებებს სამომხმარებლო ბაზარზე. ერთადერთი სფერო, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის რეგულირებადი, არის სურსათის უვნებლობა.

თუმცა, ამის გარდა არსებობს ძალიან ბევრი სფერო, სადაც მომხმარებელი არის დაჩაგრული და მისი უფლებები არის უგულებელყოფილი. ასეთია, ტექნიკის ბაზარიც, სადაც განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა.

მოგეხსენებათ, ნივთის გარკვეული ნაკლოვანების დადგენა ევალება სერვის-ცენტრს. ამ დროს საგულისხმოა, რომ ხშირად სერვის-ცენტრი დაქირავებული ჰყავს კომპანიას და ფინანსურად მასზეა დამოკიდებული. ვინაიდან სერვის-ცენტრი კომპანიაზე დამოკიდებულია, მისი ვერც ერთი დასკვნა ვერ იქნება ობიექტური, რადგან მას აქვს ფინანსური და მორალური დამოკიდებულება დამქირავებლის მიმართ და მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას დამქირავებლის ინტერესი.

ეს სისტემა არის გადასახედი, კანონი არის მისაღები მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.  2013 წლის შემდეგ, ევროინტეგრაციის კომიტეტი, ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით, ჩაუდგა ახალი კანონპროექტის შექმნას სათავეში, რომელიც მზად არის, თუმცა როდის იქნება პარლამენტში ინიცირებული, უცნობია.

– ძველ კანონში კონკრეტული ვადები არ არის გაწერილი საგარანტიო პირობებთან დაკავშირებით, ახალ კანონში რა ცვლილებებია ამ მხრივ?

– ახალ კანონში საგარანტიო ვადები არის გაწერილი ყველა პროდუქტთან, სერვისთან და მომსახურეობასთან მიმართებაში. ასევე არის გაწერილი ისიც, როგორც ევროპულ ქვეყნებშია მიღებული, ევროპაში მომხმარებელს უფლება აქვს იყიდოს ნივთი, მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში გააკეთოს გააზრებული არჩევანი სახლში და მან უბრალოდ, ყველანაირი მიზეზის გარეშე დააბრუნოს უკან. ახალი კანონით, ეს ვადა 14 დღით არის განსაზღვრული. დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს ის სურათი, რომ ხშირ შემთხვევაში, არის არაგონივრული ვადები ტექნიკის გამოცვლაზე, ძირითადად, სამდღიანი.

– მაგალითად, ვიყიდე ნივთი, რომელიც მომეწონა მაღაზიაში და სახლში მომივიდა საწყობიდან ქარხნული წუნით. როგორ უნდა მოვიქცე ამ შემთხვევვაში და რა შეიძლება გავაკეთო?

– ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ კომპანიას, რომლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, შეგიცვლით მას, თუ შეგიკეთებთ. თუმცა, აღსანიშნია, რომ შეკეთებისას მომხმარებელი განიცდის ეკონომიკურ ზარალს, ვინაიდან ნივთის გახსნის და შეკეთებისას მისი საბაზრო ღირებულება ნახევრდება. აქედან გამომდინარე, ნივთის შეკეთების შემთხვევაშიც, მომხმარებელი მაინც დაზარალებულია.

– როგორი იქნება თქვენი რჩევა მომხმარებლისადმი, რომელიც აპირებს ტექნიკის  შეძენას?

 

– პირველი გზა არის ბიზნესოპერატორის კეთილი სურვილი და საკუთარი იმიჯის გაფრთხილება; მეორე გზა – მიმართვა ფედერაციას, ჩვენ საკუთარი რესურსებით ვცდილობთ დავეხმაროთ მომხმარებლებს; მესამე გზა კი არის სასამართლო. თუკი პრობლემის აღმოფხვრა ჯდება გარკვეული თანხა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ადვოკატის და ბაჟის გადასახადი არის დაზარალებულის ასანაზღაურებელი.

გიორგი აბჟანდაძე