25/04/2024
Latest:
საზოგადოება

შრომის პირობების მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულებებშიც ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა, მედიას შრომის პირობების მონიტორინგის შედეგები გააცნო. მონიტორინგი  31 სახელმწიფო და კერძო კომპანიაში განხორციელდა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით  გადამზადებული 25 ინსპექტორი ახორციელებდა.

როგორც შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ აღნიშნა, შრომის პირობების მონიტორინგის მიზანია დაეხმაროს დამსაქმებელს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში. შრომის ინსპექცია ახდენს პრევენციას სამუშაო ადგილზე მიღებული დაზიანებებისგან და შემდგომ უკვე საკომპენსაციო ხარჯისგან.

დამსაქმებლის ჩართვა პროგრამაში ნებაყოფლობითია. რამდენიმე სახელმწიფო და კერძო კომპანიაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები უკვე არსებობს. გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, რომელთა შორის ყველაზე ხშირია:

  • პერსონალური დამცავი აღჭურვილობის არქონა;
  • სამუშაო გარემო პირობების მოთხოვნებთან შეუსაბამობა;
  • კომპანიებში არ აწარმოებდნენ დოკუმენტაციას დარღვევების შესახებ;

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა  რეკომენდაციები  დამსაქმებლებისთვის, რომელთა საფუძველზე დამსაქმებლები ეტაპობრივად მოახდენენ დარღვევების აღმოფხვრასა და გამოსწორებას.

როგორც შრომის ინსპექტორმა გიორგი ფხალაძემ აღნიშნა, შრომის პირობების მონიტორინგი სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო კომპანიების გარდა სამედიცინო დაწესებულებებშიც ჩატარდა. დარღვევების უმრავლესობა უსაფრთხოებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის არქონას, სახანძრო და სავენტილაციო სისტემის გაუმართაობას მოიცავს.

ელზა ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ  შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურ პარტნიორებთან ერთად უკვე შეიმუშავა. კანონპროექტში დეტალურად არის გაწერილი დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება–მოვალეობები და ის თუ რა სანქციები დაწესდება დარღვევების შემთვევაში.  დოკუმენტი მოიცავს შრომითი ექსპლუატაციის, ტრეფიკინგის მუხლებსაც. კანონპროექტი პარლამენტში განხილვისა და დამტკიცების შემდეგ  ამოქმედდება.