28/03/2024
Latest:
ეკონომიკა

“გაზსაცავი რეგიონში საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს”

გაზსაცავის მშენებლობა რეალური ხდება – პროექტისთვის თანხები მოძიებულია

“გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო თანხები მოძიებულია”, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, “სოკარს” დიდი ინეტერესი აქვს, საქართველოში გაზსაცავის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს. კალაძის განცხადებით, გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო თანხები მოძიებულია ნავთობის და გაზის კორპორაციისგან. “ჩვენ ვართ პრიორიტეტულ მდგომარეობაში, რადგან წელს გვინდა დავიწყოთ გაზსაცავის მშენებლობა და 2018-2019 წელებში თუ რამე ცუდი არ მოხდა, დარწმუნებული ვართ, რომ “?შაჰდენიზის?” მეორე ფაზა შემოვა უკვე ექსპლუატაციაში და გვექნება უკვე დამატებითი მოცულობების მიღების შესაძლებლობა, რაც ჩვენ ქვეყანას პრიორიტეტულ მდგომარეობაში აყენებს”, – აცხადებს კალაძე.

ბოლო პერიოდამდე საქართველომ რამდენჯერმე სცადა გაზსაცავის მშენებლობის ორგანიზება, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, დღეს გაზსაცავის პროექტი რეალური ხდება. რა პერსპექტივებს აჩენს საქართველოსთვის და, ზოგადად, ამ პროექტის განხორციელების რა საჭიროებები არსებობს, – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ზურაბ გარაყანიძე საუბრობს.

– არის თუ არა გაზსაცავი არსებული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა და გვჭირდება თუ არა გაზსაცავი ?

– საქმე ის არის, რომ გაზსაცავის საჭიროება მხოლოდ დღეს არ დგას. ეს თემა ჯერ კიდევ 90-ანი წლებიდან იყო აქტუალური. 1992 წელს საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ შემოიყვანა გერმანული კომპანია, რომელმაც ტექნკურ-ეკონომიკური გაანგარიშება შეასრულა და დღეს ეს გაანგარიშება ისევ შეიძლება იყოს გამოსადეგი. იმიტომ, რომ გაკეთებულია იმ ადგილზე, სადაც ადრე სამგორის საბადო იყო. გარდა ამისა, მეორედ 2009 წელს, ნინოწმინდაშიც იყო მსგავსი მცდელობა. დღეს უკვე მესამე მცდელობაა.

ამასთან, საქართველოს ირგვლივ მდებარე ყველა ქვეყანას აქვს გაზსაცავი. თურქეთს აქვს 1,5 მილიარდი სიმძლავრის 2 კარგი გაზსაცავი, უკრაინას 13 მიწისქვეშა გაზსაცავი აქვს, რუსეთს – 26, რომლისგანაც 20 მიწისქვეშაა. ჩვენ მეზობელ სომხებს აქვთ აბოიანის გაზსაცავი, აზერბაიჯანს აქვს 2 კარადაღის და კალმაზის გაზსაცავი, სულ 3,5 მილიარდი კუბური მეტის სიმძლავრის.

– ფაქტია, რომ დღემდე ვერ მოხერხდა ამ გეგმის განხორციელება, რა არის ძირითადი პრობლემა, რის გამოც აქამდე ვერ აშენდა გაზსაცავი?

– საქმე ის არის, რომ, როგორც წესი, ამ გაზსაცავის აშენებას ყოველთვის ემთხვეოდა ხოლმე ფორსმაჟორული სიტუაციები. მაგალითად 2008 წელს გამოყოფილი თანხები, წარმოუდგენელია, მაგრამ არამიზნობივად დაიხარჯა. ამჟამად უკვე მიღებულია მთავრობის გადაწყვეტილება და სოკარიც თანახმაა პროექტში მონაწილეობა მიიღოს. მე მგონია, რომ ქვეყანას, რომელსაც უნდა რომ ჰქონდეს ენერგეტიკული უსაფრთხოება აუცილებლად უნდა ჰქონდეს 2 ატრიბუტი, ეს არის, სხვადასხვა მომწოდებელი, სასურველია, რამოდენიმე და გაზსაცავი. რეგიონში ახლანდელი ეკონომიკური და  გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოსთვის აუცილებელია ასეთი გაზსაცავის არსებობა. ორივე მომწოდებელი, რომელიც დღეს გვყავს, არის სახელმწიფო მონოპოლისტი. ესე იგი, არა მარტო გაზის მოწოდების მონოპოლისტი, არამედ სახელმწიფო მონოპოლისტი კომპანიები, სოკარიც და გაზპრომიც. ამიტომ საქართველოს ენეგოუსაფრთხოებისთვის, გაზსაცავის არსებობა კრიტიკულად აუცილებელია

– ვინ უნდა განახორციელოს ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი?

– ეს შეიძლება იყოს აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი ან საერთოდ კერძო სტრუქტურები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაფინანსების პრობლემა ამდენად აქტუალური არ უნდა იყოს. ექსპერტების გათვლებით, ეს მშენებლობა, დაახლოებით, 250 მილიონი დოლარი დაჯდება.

– როგორ დაეხმარება ეს გაზსაცავი საქართველოს დღევანდელი პრობლემების მოგვარებაში?

– მოგეხსენებათ, დღეს თურქეთის გაზით მომარაგებას რუსეთი უზრუნველყოფს 2 მილით, ესენია ცისფერი ნაკადი და ე.წ. ტრანსბალკანური მილი. როდესაც საუბარი მიდის გაზის მიწოდების სანქციების გამკაცრებაზე, რუსეთის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება მათ თურქეთს საერთოდ შეუწყვიტონ ბუნებრივ აირით მომარაგება. ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, ჩვენი გაზსადენში არსებული გაზის დამატებითი რაოდენობის მომგებიანად გამოყენება. მსგავსი თემების ღია ეთერში განხილვა, შესაძლოა, ნაკლებად მიმზიდველია, მაგრამ აუცილებელია არსებობდეს სტრუქტურები, რომლებიც მსგავსს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის თემებს განიხილავენ.

– ანუ, საქართველომ გაზსადენები არამარტო ქვეყნის შიდა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, არამედ სხვა მიზნებისთვისაც უნდა გამიყენოს?

– რა თქმა უნდა, საქართველომ ისეთ პერიოდში, როგორც ახლაა, ანუ მილები ბუნებრივი აირით გადავსებულია, შეუძლია დაიკმაყოფილოს შიდა მოთხოვნილებები ზამთრის პერიოდში. ზაფხულში კი, როცა გაზმომარაგება საზღვრის გარეთაც საჭირო იქნება, აქედან მოხდეს გაზის გაგზავნა. მაგალითსაც მოგიყვანთ, როდესაც 2006 წელს აფეთქების გამო რუსეთიდან შეგვიწყდა გაზით მომარაგება, მაშინ გაზსაცავის არარსებობის გამო ჩვენი გაზის სისტემას არანაირი რეაქცია არ ჰქონდა და ამ ყველაფერმა შოკი გამოიწვია თბილისში და საქართველოს რეგიონებში. ანალოგიურად 2009 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინას შეუწყვიტა გაზით მომარაგება, ქვეყნის ინდუსტრიაზე ამ ყველაფერს იმდენად დიდი ზემოქმედება არ მოუხდენია, როგორც საქართველოს შემთხვევაში. ამის მიზეზი კი უკრაინაში გაზსაცავები არსებობაა. კიდევ ერთი შარშანდელი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როდესაც ჩვენ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სომხეთს ერთი კვირა შეწყვეტილი ჰქონდა ბუნებრივი აირით მომარაგება. მაგრამ აბოიანის გაზსაცავიდან სრულიად ამარაგებდა მოსახლეობასაც და ინდუსტრიასაც.

გიორგი კუკულაძე

[wpolling id=”11″ width=”” height=””]