მსოფლიო

უახლოესი ორი წელი ნავთობის ფასი აღარ გაიზრდება

სოფლო ბაზარზე ნავთობის ფასი აღარ გაიზრდება. “არსებული დაბალი ფასები მინიმუმ ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება”,-განუცხადა Trend.az.-ს Midwest Center for Energy Law & Policy (ენერგეტიკული პოლიტიკისა და სამართლის ცენტრი) დირექტორმა, ფენერ სიუარტმა. სტიუარტის მოსაზრებით, ნავთობის ფასის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ბაზრის გაჯერება გახდა და როგორც კალგარის უნივერსიტეტის დოცენტი აცხადებს, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.

“ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების უმრავლესობას არ აქვს საკმარისი თანხა, რომ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური პროექტები დააფინანსოს. შესაბამისად, ამ ქვეყნების ხელისუფლება ფინანსური რესურსის მისაღებად, იძულებულია ნავთობის მოპოვება გაზარდოს, რაც თავის მხრივ მსოფლიო ბაზრის ნავთობით გაჯერებას იწვევს”,-აცხადებს სტიუარტი და მაგალითად რუსეთსა და ვენესუელას ასახელებს. რაც შეეხება საუდის არაბეთს, სტიუარტის განმარტებით, ამერიკის მხრიდან მზარდი კონკურენციის პირობებში, როცა აშშ ნავთობის იმპორტიორიდან მთავარ ექსპორტიორად გადაიქცა, საუდის არაბეთი ცდილობს ბაზარზე თავისი წილი შეინარჩუნოს და შესაბამისად, ნავთობის მოპოვებასაც არ ამცირებს.

“საუდის არაბეთის მთავარი მიზანი ახლა ბაზრიდან ამერიკელი კონკურენტების განდევნაა, რომლებმაც ბაზარი ახალი ტექნოლოგიებით მოპოვებული ე.წ. ფიქალის ნავთობით გააჯერეს”

-განმარტავს სტიუარტი, რომლის თქმითაც, საუდელებს საკმაოდ კარგად დივერსიფიცირებული ეკონომიკა აქვთ და ნავთობის დაბალ ფასს ისინი კიდევ დიდხანს გაუძლებენ.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 46 დოლარს ჩამოსცდა. WTI-ის მარკის ნავთობი უკვე 41 დოლარზე ნაკლები ღირს. ფასების ამგვარ ვარდნას ექსპერტები, ბაზრის გაჯერებასთან ერთად ჩინეთის ეკონომიკური განვითარების შენელებით და აშშ-ში ფიქალის ნავთობის მოპოვების ზრდით ხსნიან.