25/04/2024
Latest:
ეკონომიკა

მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებს უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად უნდა გადასცეს

კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ განკარგულება #419 გამოსცა.
დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, თბილისის მუნიციპალიტეტს რიგი ღონისძიებების გატარება დაევალა.

კერძოდ, თბილისის მთავრობამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისთვის განსაზღვრული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა უნდა უზრუნველყოს; სამაგიეროდ, ბინათმშენებლობის წევრებმა მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ ნებისმიერ სახელმწიფო საშინაო ვალზე უარი უნდა თქვან.

ამასთან, მთავრობის განკარგულების მიხედვით, თბილისის მერიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა მიაწოდოს იმ პირთა სია, ვისაც უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს გადასაცემი ქონების თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

ასევე, თბილისის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით კოოპერატიული ბინათმშენებლობის წვერებისთვის უძრავი ქონების სკაუთრებაში გადაცემის თაობაზე მათთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმება უნდა უზრუნველყოს.