ეკონომიკა

აფბა: უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემო სულ უფრო მიმზიდველი ხდება

10 ივნისს „პირველი“-ის პრეს-კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბამ“ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა, პირველ კვარტალში, ქვეყანაში შმოსული ინვესტიციების მოცულობა შეაფასა.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც 2016 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 376 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 103%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მონაცემები ბოლო 7 წლის მაქსიმუმია და ის მხოლოდ 2008 წლის მონაცემებს ჩამუვარდება. მსგავსი ზრდა უცხოური ინვესტიციების კუთხით სავსებით ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ რიგ საგერეო და საშინაო ფაქტორებს.

საშინაო ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია გამოიყოს მთავრობის შეცვლილი პოლიტიკა ბიზნესის განვითარებასა და მისი სტიმულირებისათვის, რაც პირველ რიგში გამოიხატება საკუთრების უფლების მხრივ მნიშვნელოვან წინსვლაში, რამაც ქვეყანაში გააჩინა განცდა, რომ საკუთრების უფლება არის ხელშეუვალი, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის არის პოზიტიური სიგნალი, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის.
საგარეო ფაქტორების ანალიზისას, გასათვალისწინებელია საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ეკონომიკების მდგომარეობა, რომლებიც ჩვენი რეგიონის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან და რომელთაც გასული წლის რეგიონალური კრიზისი მნიშვნელოვნად შეეხოთ. 2016 წლიდან კი როგორც საქართველოში ისე ჩვენს რეგიონში კრიზისმა გადაიარა და რეგიონის ეკონომიკებმაც გაჯანსაღება დაიწყეს. შესაბამისად უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ხუთეულიც ასე განაწილდა: რეგიონიდან პირველ ადგილს იკავებს აზერბაიჯანი 137 მილიონი დოლარით, რომელსაც მოსდევს თურქეთი 57 მილიონი დოლარით. რეგიონს გარეთ, გაერთიანებული სამეფო 44 მილიონი, კორეა, 32 მილიონი და ნიდერლანდები 22 მილიონი.
რაც შეეხება იმ ინვესტორ ქვეყნებს რომლებიც ჩვენი რეგიონის წევრები არ არიან, ამ ქვეყნებზე დადებითად იმუშავა 2015 წელს თბილიში გამართულმა „იბიარდის“ შეხვედრამ სადაც რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტიც დაანონსდა. საინვესტიციო მონაცემებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ისეთმა მსხვილმა პროექტებმა როგორებიცაა შუახევი ჰესის პროექტი, (ჯამური სიანვესტიციო ღირებულება 416 მლნ დოლარი.) „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის“ 120 მილიონიანი ინვესტიცია.

ინვესტიციებში ეკონომიკური სექტორების მიხედვით, რადიკალური ცვლილებები არ არის. წელსაც ინვესტორებისთვის ყველაზე დიდი პოპულარობით ტრანსპორტი და კავშირგებმულობა სარგებლობს. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით გაზრდილია ინვესტიციების მოცულობა ენერგეტიკის სექტორში, რაც განპირობებულია ამ კუთხით გატარებულ აქტიურ სამთავრობო პოლიტიკასთან ინვესტორების დასაინტერესებლად ასევე 2015 წელს დაანონსებული პროექტების გადმოწევასთან 2016 წელს.“

ანალიტიკოსმა სამომავლო ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე კვარტალი კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების კუთხით.

„იმის გათვალისწინებით, რომ პირველი კვარტალი ყოველთვის უფრო ნაკლებად დატვირთულია ინვესტიციების კუთხით, სავარაოდოა, რომ მეორე კვარტალი კიდევ უფრო აქტიური უნდა აღმოჩნდეს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების კუთხით. ამ მხრივ ასევე დადებითად უნდა იმუშაოს ლონდონში გამართულმა საქართველოს საინვესტიციო ფორუმმა, რომელსაც 130–ზე მეტი მსხვილი ინვესტორი ესწრებოდა.“