ბოლო სიახლეები

ხელოვნური კანი, რომელიც ტკივილზე ადამიანის კანის მსგავსად რეაგირებს

მელბურნის უნივერსიტეტის (RMIT) მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ხელოვნური სომატოსენსორები, ერთგვარი ელექტრონული კანი, რომელიც ტკივილზე ადამიანის კანის მსგავსად რეაგირებს. აღნიშნული პროტოტიპი მეცნიერებს გაუმჯობესებული პროთეზების, რობოტებისა თუ ტრანსპლანტების შექმნაში დაეხმარება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს შეიძლება ბიოტექნოლოგიების კუთხით, მნიშვნელოვანი წინსვლის წინაპირობა იყოს.

ხელოვნურ კანს გამაღიზიანებლებსა და ტკივილზე ადამიანის კანის რეაქციის ელექტრონულად გამეორება შეუძლია. ის ამ შეგრძნებებზე იმავე სიჩქარითაც რეაგირებს, როგორც ადამიანის კანზე არსებული ნერვული დაბოლოებები ახერხებენ.

>რა თქმა უნდა, ხელოვნური კანის კუთხით, ეს პირველი ტექნოლოგია არაა. მეცნიერები ამ მიმართულებით წლებია მუშაობენ. თუმცა, კვლევის ავტორთა თქმით, „აქამდე არც ერთხელ გამხდარა შესაძლებელი, ტკივილის შეგრძნება ელექტრონულად, რეალისტურად გამეორებულიყო“. ელექტრონულ, ხელოვნურ კანს შეუძლია მოჭერაზე, სიცხესა და სიცივეზე ჰქონდეს რეაქცია.

როგორც Advanced Intelligent Systems-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, ახალი ტექნოლოგია RMIT უნივერსიტეტის აქამდე შექმნილ სამ ტექნოლოგიას დაეყრდნო. პირველი მათგანი წელვადი ელექტრონიკა იყო, რომელიც ცოცხალ ქსოვილებთან შეთავსებად და სტიკერის მსგავსად თხელ მოწყობილობას წარმოადგენდა. მეორე ტექნოლოგია ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე, რამდენიმე მიკრონის სისქის საფარველებია, რომლის ფუნქციაც ტემპერატურის სტიმულზე რეაქციაა. მესამე ტექნოლოგია კი მეხსიერების ელექტრონული უჯრედებია, რომლებიც გრძელვადიანი მეხსირების ქონით, ტვინის მუშაობის იმიტირებას ახერხებენ. კვლევის თანახმად, სწორედ ეს მეხსიერების ელექტრონული უჯრედები ახერხებენ ხელოვნურ კანზე მოჭერის, სიცხისა თუ ტკივილის სტიმულის ერთმანეთისგან განსხვავება უზრუნველყონ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სამი ტექნოლოგიის შერწყმით, ელექტრონული კანი ახერხებს აღიქვას და ერთმანეთისგან განასხვავოს ხელის გადასმა და დარტყმა, ყინულის, ან ცხელი საგნის დადება და ა.შ.

გარდა პროთეზებისა თუ რობოტების დონეზე ახალი შესაძლებლობების გაჩენისა, ამ ელექტრონულ კანს, საწყის ეტაპზე, მინიმუმ პაციენტების დიაგნოსტირებაში მონაწილეობა შეუძლია, როგორც ერთგვარ ხელსაწყოს, რომელიც პარალიზების გამომწვევი ნერვის დაზიანებების აღმოჩენაში დაეხმარება ექიმებს. გარდა ამისა, მისი დახმარებით, შესაძლოა, დაზიანებული ნერვის ჩანაცვლება მოხერხდეს.

წყარო: Science Times

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

Internet Explorer-ი არსებობას წყვეტს

ბრაუზერი Internet Explorer-ი არსებობას წყვეტს, – განცხადებას კომპანია Microsoft-ი აკეთებს. უკანასკნელი ვერსია Internet Explorer-ი 11, მიმდინარე ...