ბოლო სიახლეები

73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო კომისიის 21 894 წევრი შეირჩა

73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 657 საარჩევნო უბანში არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საუბნო საარჩევნო კომისიის 21 894 წევრი აირჩა, ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შედეგების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს, ვინც კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებდა. სხდომებს ესწრებოდნენ როგორც რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლები, ისე აკრედიტებული დამკვირვებლები და მედია.

მისივე ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 16 ადგილობრივი ორგანიზაციის 84 დამკვირვებელი, 5 საარჩევნო სუბიექტის 38 და 1 მედიასაშუალების 2 წარმომადგენელი.

„აღსანიშნავია, რომ 21 942 ვაკანტურ ადგილზე დაზუსტებული საბოლოო მონაცემების მიხედვით სულ დარეგისტრირდა 25 201 კონკურსანტის განაცხადი, რაც ერთ ვაკანტურ ადგილზე საშუალოდ არის 1.14 საკონკურსო კოეფიციენტი. ამასთან, თითოეულ საარჩევნო უბანზე არსებულ 6 ვაკანსიაზე ნაკლები განაცხადი შესული იყო 3 657 საარჩევნო უბნიდან 18 საარჩევნო უბანზე (0.49%), ხოლო ზუსტად 6 განაცხადი შევიდა 1 878 საარჩევნო უბანზე, რაც არის საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის 51.35%. ასევე, 6 ვაკანტურ ადგილზე 7 განაცხადი შევიდა 955 საარჩევნო უბანზე (26.11%), ხოლო 7-ზე მეტი განაცხადი შევიდა უბნების 22.04%-ზე, რაც რაოდენობრივად 806 უბანია.

კონკურსში მონაწილე 25 201 კონკურსანტიდან 892 (3.54%) კონკურსანტი სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის ამოღებულ იქნა, ვინაიდან მათ დაუფიქსირდათ ბოლო საერთო არჩევნებზე პარტიის მიერ დანიშვნა, რაც აკრძალულია საკანონმდებლო კრიტერიუმებით“ – აღნიშნა მიქელაძემ.

ამასთან, როგორც ცესკოს სპიკერმა განაცხადა, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კონკურსანტთა სიის გაცნობისას ვალდებულია განაცხადოს კონკურსანტთა შორის კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავის არსებობის თაობაზე და არ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში.

„მსგავსი განცხადებით საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიების 66-მა წევრმა. მათ 44 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების არჩევის პროცესში არ მიუღიათ მონაწილეობა.

რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ პირებს, მნიშვნელოვანია, რომ არჩეული 21 894 წევრიდან 21 513 (98.26%) არჩეული იყო მაღალი კვორუმით კერძოდ 9 და მეტი ხმით (12 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრი, 11 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 1 225 წევრი, 10 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 13 703 წევრი, 9 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 576 წევრი). 8 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 366 წევრი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური კვორუმით – 7 ხმით, 15 წევრი.

არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 6 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 16 886 პირს, რაც საერთო რაოდენობის 77,13%-ია. დანარჩენ არჩეულ პირთაგან (22,87%) უმრავლესობას საარჩევნო გამოცდილება აქვს მიღებული სხვადასხვა არჩევნებზე კომისიის წევრად ან დამკვირვებლად ან წარმომადგენლად და ასევე, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილე.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან 10 018 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილე, 231 -”საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 8 – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდაა“, – განაცხადა მიქელაძემ.

როგორც ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, აღსანიშნავია, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან 99.99%-ს არ უფიქსირდება ბოლო 2 წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

„ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ ამ დროისთვის არ გასაჩივრებულა“ – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...