ბოლო სიახლეები

ცისკარიშვილი: “ვისაც სურს, კრემლს საჩუქარი უძღვნას, შეუძლია, არჩევნებზე არ მივიდეს”

“თუკი 8 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმური არ გამოდგება, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი თავი კრემლისთვის ჩაგვიბარებია,” – ამგვარად აფასებს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და ამბობს, რომ იგი ბევრი რამის ტექსტი იქნება.

ეს არჩევნები, ცისკარიშვილის აზრით, იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მას გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან და იმაზე, თუ როგორი იქნება ეს მოვლენები, საქართველოს ევროპული პერსპექტივა დიდწილადაა დამოკიდებული.

“რეზონანსთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი ბოლო დღეებში თბილისის მერიის გარშემო განვითარებულ ხმაურიან მოვლენებსაც ეხება და აცხადებს, რომ ნარმანიამ, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა დაუშვა, როდესაც წინასაარჩევნოდ ოპონენტებს ასეთი “მსუყე” საკბილო მისცა.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ნარმანია “ქართული ოცნების” ფასადად აღიქმება. მე მას წინა საქმიანობიდან, ანუ როგორც ძალიან პროფესიონალ ეკონომისტსა და როგორც უაღრესად პატიოსან ადამიანს, ისე ვიცნობ და მისი თავდაჭერის შესაძლებლობები დიდი ხანია მაკვირვებს.

რომ არა ძალიან ძლიერი თავშეკავების უნარი, ისეთი რიტუალური დევნისას, როგორიც დღევანდელმა ოპოზიციამ თბილისის მერს გამოუცხადა, ის ფრაზა, რომელიც ასეთი მიდგომისაგან გადაღლილ ადამიანს წამოცდა, 2 წლით ადრე და ბევრად უფრო ხშირად იქნებოდა ნათქვამი.

რაც შეეხება კადრებს, რომელსაც ნარმანია ხელმძღვანელობს, დიდი ალბათობით, კადრების შერჩევის პროცესთან მას არანაირი წვდომა არ აქვს.

 რატომ არ აქვს წვდომა?

ამის საშუალებას არ აძლევენ. თავიდანვე არ აძლევდნენ.

“ვინ არ აძლევს?
ამას იქნებ თქვენი გამჭრიახი მკითხველი თავად მიხვდეს. რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა აქ ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესს ვგულისხმობ, რომელმაც ბატონი ნარმანია თბილისის მერის თანამდებობაზე შეარჩია. თუმცა, ნარმანიამ ნამდვილად არ იცოდა, რომ მას საქმის კეთების ნაცვლად წინ ომი ელოდა როგორც ოპოზიციურად განწყობილი ცინიკოსებთან, ისე შიდა სამზარეულოს მზარეულებთან.

მოწმენი ვართ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მუდმივად უკმაყოფილების დანერგვის რეჟიმშია, მაგრამ ის, რასაც ამ დღეებში ვხედავთ, რასაკვირველია, მსუბუქად რომ ვთქვათ, ბატონი მერის შეცდომაა, რომელიც მილიონ ხეს გვპირდებოდა. არ ვარ დარწმუნებული ერთ წელიწადში საკუთარი დანაპირების შესრულება მოახერხოს. თუმცა, “ქართული ოცნების” მიერ შერჩეულ კადრს დაპირების შეუსრულებლობის გამო საკუთარ პოლიტიკურ ძალაში აუგს ალბათ არავინ ეტყვის.

დიახ, არ უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა, მაგრამ ის კი არ უნდა ვეძიოთ, ეს შეცდომა იყო თუ დანაშაული, არამედ უნდა ვიკითხოთ, ვისი რეკომენდაციით მოხვდნენ სამსახურში ის ადამიანები, რომელთა დათხოვნის მოთხოვნითაც შიმშილობენ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები. მათ თავი აქვთ გადადებული იმისთვის, რომ ქვეყანა არაცივილიზებულად და ჯერ გონსვერმოსულ სახელმწიფოდ არ აღიქმებოდეს.

 თქვენი აზრით, ნარმანია არა მხოლოდ კადრების დანიშვნას, არამედ პროცესებსაც ვერ აკონტროლებს? როგორ ფიქრობთ, თუნდაც ამ ხეების მოჭრისათვის ხელის შეშლა არ შეეძლო?
როცა ადამიანი, მაღალი თანამდებობის პირი, გუნდს თავად ვერ აყალიბებს, ის ვერც მოხსნის საკითხს გადაწყვეტს. რა კატეგორიებით და შერჩევის რა ინდიკატორებით ხდებოდა თბილისის მერიის დაკომპლექტება, უცნობია. თანაც მერია, როგორც სტრუქტურა, თანამშრომელთა ცვლილების სიხშირით, რეკორდსმენია.

მსგავს ხმაურიან ნაბიჯებს, როგორც წესი, პარტიები წინასაარჩევნოდ ერიდებიან, რათა ხალხის გაღიზიანება თავიდან აიცილონ. თქვენი აზრით, რატომ უღირდა მას, ვინც ამის გადაწყვეტილება მიიღო, ოპოზიციისათვის წინასაარჩევნოდ ასეთი საკბილო თემის მიცემა?
აქ, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ქმედების საფუძვლად ფინანსური ინტერესი იკვეთება. ვიღაცას ეს ტერიტორია მოუნდა. უკვე 10 წელია, რაც თბილისში უკანონო მშენებლობები არანაირ სტანდარტს არ ემორჩილება. განსაკუთრებული ზეწოლა ვაკის რაიონზე მოდის, რომლის მიმართ ზოგიერთს გარკვეული შურისმაძიებლური დამოკიდებულება აქვს.

სამშენებლო ბიზნესი სახელისუფლებო გართობის საუკეთესო სფეროდ გადაიქცა. ცხადია, ეს ყველაფერი ნარმანიას მერობის დროს არ დაწყებულა. ყველას ახსოვს, რა საამური იყო სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის ხილვა და დღეს ეს ადგილი სრულიად პარალიზებულია.

ის, რომ თბილისის მერიის მიმართ ასეთი უდიერი დამოკიდებულებაა, გასაკვირი არ არის, რადგან საზოგადოების არაერთი პროტესტის მიუხედავად ჩანაფიქრი ბოლომდე მიდის ხოლმე. ეს, როგორც ჩანს, მერიისათვის გენეტიკური ნაკლია.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სიის მეორე ნომრად წარმოადგინა. რას ფიქრობთ ამაზე?
მე სიმღერა მახსენდება ფიგაროზე – “ფიგარო აქ, ფიგარო იქ”. “ნაციონალური მოძრაობის” გადმოსახედიდან ფიგარო სანდრა რულოვსია. ჩემთვის ისაა დამაფიქრებელი, რომ მაინცდამაინც გარკვეული არ ვარ თუ ვინაა სიის პირველი ნომერი.

არ მგონია, დავით ბაქრაძეს, საკუთარი მდიდარი ფანტაზიის მიუხედავად, ასეთი სვლა მოეფიქრებინა და შემდეგ განეხორციელებინა. საინტერესოა, მან რულოვსის მეუღლისაგან ამ შეთავაზებაზე ნებართვა აიღო თუ ბრძანება მიიღო. ეს ადრე თუ გვიან გაირკვევა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდა, რომ რულოვსი საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდვით წარდგებოდა, იმ სადისტური პროცესის მიმართ სრული და დამაჯერებელი მიუღებლობით და არა არსებული ხელისუფლების კრიტიკით. ნათქვამია – “ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველოდესო.”

 მისი ბოლოდროინდელი განცხადებები და ზოგადად, “ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანია აგებულია იმაზე, რომ ისინი ძალადობას აღარ გაიმეორებენ. რამდენად მომგებიანია საზოგადოებისათვის ამის შეხსენება და მთავარ დაპირებად იმის გაჟღერება, რომ ძალადობას აღარ გაიმეორებენ?
რასაკვირველია, არ ვგულისხმობ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მხოლოდ სადისტები არიან. იქ საკმაოდ ნიჭიერი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებიც გახლავან, მაგრამ მათ რატომღაც კარსმომდგარი არჩევნების წინ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რაც იყო, აღარ უნდა განმეორდეს.

ვაკვირდები და წლების განმავლობაში ვერც ერთი მათი წევრისგან თუ მხარდამჭერისგან ვერ მოვისმინე სიტყვა – დანაშაული. მათგან ყველაზე გულადები ზოგჯერ სარგებლოდნენ სიტყვით – შეცდომა. თითქოს შეცდომა და დანაშაული სინონიმები იყოს.

ავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაწყებული მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. რას ნიშნავს ეს და რამდენად გვაქვს შეშფოთების საფუძველი?
როგორც წესი, ასეთი მზაკვრული სამხედრო გართობების იდეა კრემლის წიაღში მაშინ იბადება, როცა მათ საშინაო და საგარეო რეალობის გაუმჯობესება უჭირთ. ჩვენ უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ის ფაქტი, რომ ბატონმა პუტინმა სრულიად მოულოდნელად თანამდებობიდან უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ბატონი ივანოვი გაათავისუფლა.

ივანოვის განცხადებაში, რომელიც ამერიკულ პრესაში გავრცელდა, სრულიად მკაფიოდ იკითხებოდა თუ რა სახის სირთულეა ახლა კრემლში, რადგან თანამდებობიდან გადაყენებულმა პირმა სრულიად მოურიდებლად გამოაცხადა, რომ თავადაც და პუტინიც ე.წ. “კაგებეშნიკები” არიან. ეს პუტინის მიმართ ღიად გამოცხადებული მტრობაა და იგი არაა მხოლოდ ერთი პირის განწყობის გამომხატველი. ჩვენ კი კმაყოფილების გამოხატვის საფუძველი არ გვაქვს, რადგან ივანოვს საქართველოს მიმართ სიმპათიები არასოდეს გამოუვლენია.

ასეთი შიდა დაძაბულობის პერიოდში რუსული ჯარის მზაკვრული ვარჯიშის პოლიგონად რომ აღმოვჩნდით, ეს, რასაკვირველია, 2008 წლის მტკივნეულ აგვისტოს გვახსენებს.

ამ ყველაფრის მიმართ ხელისუფლების რეაქცია, უფრო სწორად, ურეაქციობა ადეკვატურია?
მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება დუმს და ამ ფაქტის მიმართ პროტეტს არ აცხადებს, თეთრმა სახლმა უკვე მიიღო ასეთი წვრთნების მეზობლებთან შეუთანხმებლად ჩატარების გამო მიუღებლობის დოკუმენტი. იგი კავკასიის ინტერესების დაცვის მიზნით ახლა უფრო აქტიურია, ვიდრე 2008 წელს.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ნატო-სა და ევროკავშირის დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში ჩასატარებელი არჩევნების მიმართ დადებითი იყოს. ევროატლანტიკური სივრციდან ჩვენ მიმართ ყველა დაპირება ერთი და იმავე ფრაზით მთავრდება – საქართველოში სამართლიან, მშვიდ არჩევნებს ველოდებითო. ეს რუსეთისათვის, ცხადია, მიუღებელია. მისთვის სასურველია, რომ ჩვენი ქვეყნის საქმიანობის ყველა სფეროში გაუთავებელი შფოთი, არეულობა და ურთიერთწინააღმდეგობა იყოს.

თუკი 8 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმური არ გამოდგება, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი თავი კრემლისთვის ჩაგვიბარებია. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს წინსვლის პროცესში საკუთარი ვალდებულება თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გააცნობიეროს და თუ ისინი საარჩევნო უბნებზე არ მივლენ, შეუძლიათ მკაფიოდ განაცხადონ, რომ ეს კრემლის გასახარად გააკეთეს. ვისაც სურს, კრემლს საჩუქარი უძღვნას, შეუძლია არჩევნებზე არ მივიდეს.

წყარო: რეზონანსი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...