ბოლო სიახლეები

„აირაის“ მისია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეაფასებს. ამის შესახებ „აირაიმ“ დღეს განაცხადა.

ორგანიზაციის ცნობით, შეფასების მისია საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე ჩამოდის.

„აირაის“ მისია ყურადღებას გაამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, დაახლოებით, 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. „აირაის“ მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე“ – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

ორგანიზაციის ცნობით, „აირაის“ მისია შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, „აირაი“ გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, „აირაიმ“ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელიც მიმართულია ქვეყნის პოლიტიკური, საარჩევნო და სამოქალაქო სფეროს განვითარებისკენ. ორგანიზაციის პროექტების მიზანია, გახადოს პოლიტიკური პარტიები საკითხებზე მეტად ორიენტირებული, გაზარდოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხელი შეუწყოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებზე და ბოლოს, წაახალისოს მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობა.

არჩევნების შეფასებასთან ერთად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი სხვა აქტორებთან თანამშრომლობით ახორციელებს ახალ პროექტს „საარჩევნო კომპასი – საქართველო“, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს, უკეთ გააცნობიერონ თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან დგანან უფრო ახლოს, საკუთარი ხედვებით.

ორგანიზაციის გლობალური ახალგაზრდული ინიციატივის „დემოკრატიის თაობა“ ჩართულობით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ახორცილებეს ეროვნული მასშტაბის საარჩევნო საინმფორმაციო კამპანიას.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი არის არაკომერციული, უპარტიო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ეხმარება პოლიტიკურ პარტიებს, გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მოქალაქეების წინაშე, აძლიერებს ხელისუფლებას, რათა გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, მუშაობს, აამაღლოს ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფთა,მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...