ბოლო სიახლეები

გვიცავს თუ არა სათვალე კორონავირუსისგან – რა უნდა ვიცოდეთ

ჩინელი მკვლევრების დასკვნით, ადამიანები, რომლებიც სათვალეს ატარებენ, COVID-19-ით ინფიცირების დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

სამეცნიერო ჟურნალ JAMA Ophthalmology-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები შენიშნავენ, რომ 2019 წელს ქალაქ უხანში კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ, საავადმყოფოს პაციენტთა შორის COVID-19-ის დიაგნოზით შედარებით ცოტა იყვნენ სათვალის მომხმარებელნი.

დამატებითი კვლევებისთვის, სამედიცინო ისტორიის შედგენისას, COVID-19-ის ყველა პაციენტში მათ შეაგროვეს სათვალის ტარების მონაცემები.

მათი მცირე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინფიცირებული 276 პაციენტიდან მხოლოდ 16 (5,8 პროცენტი) ატარებდა სათვალეს დღეში რვა საათზე მეტხანს.

მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ ყველა ეს პაციენტი ახლომხედველი იყო, ხუბეის პროვინციის მოსახლეობაში მიოფიის (ახლომხედველობა) პროპორციის დადგენა დაიწყეს.

დადგინდა, რომ ეს მაჩვენებელი პროვინციის მასშტაბით გაცილებით დიდი იყო და 31,5 პროცენტს აღწევდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ COVID-19-ით ინფიცირებულ ახლომხედველთა მიმართვიანობა საავადმყოფოში ხუთჯერ უფრო დაბალი იყო, ვიდრე მოსახლეობაში მათი ასეთი პროპორციის ფონზე უნდა ყოფილიყო.

ასეთი დაკვირვება მრავლისმთქმელია, მაგრამ ისევე, როგორც სხვა ასეთი მცირე კვლევების შემთხვევაში, შედეგებთან მიმართებაში სიფრთხილეა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ თვალის დაცვა პერსონალურ დამცავ აღჭურვილობაში ყოველთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, ამ კვლევის შედეგად მიღებულ სხვაობათა მასშტაბმა ეჭვები გააჩინა.

რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია იმის თქმა, რომ შედეგები არარეალურია, მაგრამ იმას კი ნამდვილად ნიშნავს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა მხრიდან დადასტურებამდე არ შეიძლება, ადამიანებს პირბადესთან ერთად სათვალის ტარებაც ვურჩიოთ.

ნებისმიერი ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპია სხეულში თავდაპირველად შესვლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეულის უმეტესი ნაწილი დამცავი კანით არის დაფარული, რომელიც ძალიან ეფექტიანად გვიცავს ორგანიზმში ვირუსებისა თუ ბაქტერიების შეჭრისგან, გაცილებით თხელი „მემბრანა“ ფარავს ჩვენს სასუნთქ გზებს, საჭმლის მომენელებელ სისტემასა და თვალებს.

ამ მემბრანების ასეთი სითხელის მიზეზი ის არის, რომ სხეულში შეღწევის საშუალება მისცეს მაგალითად, ჟანგბადს, საკვებს, თვალების შემთხვევაში კი სინათლეს. სამწუხაროდ, ვირუსებმა ამ შესასვლელი წერტილების დაჯაბვნა ისწავლეს.

სწორედ ამიტომ ითვალისწინებს პერსონალური დამცავი აღჭურვულობა ყველა ასეთი ადგილის დაცვას ნიღბებით, სათვალეებითა თუ სპეციალური სამოსით.

რაც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვირუსული ნაწილაკები ამ რეგიონებში ჰაერში არსებული აეროზოლების სახით აღწევენ, სიმართლე ის არის, რომ ამ სუსტ რეგიონებში ვირუსული ნაწილაკები ჩვენი ხელებით ხვდებიან. სწორედ ამიტომ გვირჩევენ, რომ COVID-19-ისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება ხელების საპნით ხშირად დაბანაა, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში.

გამომდინარე აქედან, უპრიანია ვიფიქროთ, რომ სათვალეებმა თვალები შეიძლება დამატებით დაიცვას, როგორც სხვა ადამიანთა ამონასუნთქში არსებული ვირუსისგან, ისე თვალებზე საკუთარი ხელების შეხებისგან.

მართლაც, ჯერ კიდევ თებერვალში ვრცელდებოდა ცნობები, რომ თვალების სათანადოდ დაცვის გარეშე, სამედიცინო დაწესებულებებში ადამიანები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ასევე ცნობილია, რომ ACE-2 რეცეპტორები, რომლების საშუალებითაც კორონავირუსი უჯრედში შედის, თვალებშიც არის წარმოდგენილი.

დაკვირვებადი კვლევებიდან მომდინარე ნებისმიერი მტკიცებულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია, გვახსოვდეს, რომ კორელაცია (ორი რამ, რაც ერთად ხდება), აუცილებლად არ ნიშნავს მიზეზობრივ კავშირს. ასეთი მიზეზობრიობის შესამოწმებლად საჭიროა კონტროლირებადი ცდა ან ტესტი.

იდეალურ შემთხვევაში, ამას უნდა ცდები მოჰყვეს ადამიანების ორ ჯგუფზე — ერთი, რომელიც სათვალეს ატარებს და მეორე არა; შედეგად ვიხილავთ, რომელი ჯგუფი ინფიცირდება უფრო ხშირად. ასეთი კონტროლირებადი ცდებით დადებული მტკიცებულება ყოველთვის გაცილებით ძლიერია, ვიდრე დაკვირვებადი ცდის დასკვნა, როგორც ეს ამ კონკრეტული კვლევის შემთხვევაშია.

აუცილებლად უნდა აღნიშნოს ისიც, რომ კვლევის ავტორები ასახელებენ რამდენიმე სისუსტეს. კვლევა ძალიან პატარა იყო და ჩატარდა მხოლოდ ერთ ადგილას.

მკვლევართა მონაცემები ზოგადი მოსახლეობის შესახებ აღებულია გაცილებით ადრეული კვლევიდან. არ არსებობდა გარანტია, რომ ზოგად მოსახლეობაში ყველა ახლომხედველი ადამიანი დღეში რვა საათზე მეტხანს ატარებდა სათვალეს.

გამომდინარე აქედან, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევა ძალიან საინტერესოა, ბევრი მიზეზია იმისათვის, რათა შედეგების მიმართ სიფრთხილე გამოვიჩინოთ. დანამდვილებით მეტი მონაცემია საჭირო, ვიდრე მოსახლეობას პირბადესთან ერთად სათვალის ტარებას ვურჩევთ.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...