ბოლო სიახლეები

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ბელარუსელ სპეცრაზმელებს ნიღბებს ხსნის

ბელარუსში მიმდინარე მოვლენები, მსოფლიოს მასშტაბით, დიდი გამოხმაურების საგანია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს, თუმცა, ტექნოლოგიების ეპოქაში, ეს არ არის ერთადერთი სარგებელი, რომლის მიღებაც აქტივისტებს ტექნოლოგიებისგან შეუძლიათ. გუშინ, YouTube-ზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ცხადად ვხედავთ, როგორ ხსნის ხელოვნური ინტელექტი ნიღაბს ბელარუსელ სპეცრაზმელს, რომელიც მოვალეობას კანონდარღვევით ასრულებს. ვიდეო მოიცავს როგორც ალგორითმის შესაძლებლობების დემონსტრირებას, ასევე, ბელარუსელი მხატვრის – ანდრეი მაქსიმოვის მიმართვას, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით, ომონების იდენტიფიცირების საქმეს უდგას სათავეში.

ანდრეი მაქსიმოვი ბელარუსელი მხატვარია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. მუშაობდა კომპანია Wargamig-ში, ასევე ტექნიკურ არტ დირექტორად Naughty Dog-ში. ის შედის Forbes-ის „30 Under 30“ ჩამონათვალში, ახლა კი ხელმძღვანელობს საკუთარ კომპანიას – Promethean AI, რომლითაც მხატვრებს ვირტუალური რეალობის შექმნა შეუძლიათ. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი საქმიანობა მან აქტივიზმის ახალი სახის მისაღებად გამოიყენა და ასე შექმნა სისტემა, რომლის დახმარებითაც ცდილობს სპეცრაზმელების არაკანონიერი ქცევა შეცვალოს. დიახ, ეს მუქარაა და ტექნოლოგიური პროდუქტით – ხელოვნური ინტელექტით შეიარაღებული ანდრეი ემუქრება საკუთარ თანამოქალაქეებს – სპეცრაზმელებს, რომლებიც ქუჩებში არბევენ, ცემენ და კლავენ პროტესტანტებს.

გარდა ამ პრეცედენტის პოლიტიკური მნიშვნელობისა, უნდა აღვნიშნოთ ბელარუსულ აქტივიზმში ხელოვნური ინტელექტის ჩართვის მნიშვნელობაც. ეს ყველაფერი კი გვაფიქრებს იმ შესაძლებლობებზე, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები სისტემებთან ბრძოლის კუთხით, მოსახლეობას აძლევს. ეს ყველაფერი გვაფიქრებს იმ კონტრასტზე, რომელსაც წარსულისა და თანამედროვე პროტესტს შორის არსებობს. როგორ იბრძოდნენ ადამიანები ქვეყნის თავისუფლებისთვის და საკუთარი უფლებებისთვის ადრე და როგორ იბრძვიან ახლა? რა როლი აქვს ამ ბრძოლაში ტექნოლოგიებს? ფაქტია, რომ დღეს, ბელარუსში, კანონდამრღვევ სპეცრაზმელებს ხელში აქვთ იარაღი, სახეზე კი ნიღბები, მოქალაქეებს კი ხელში აქვთ ტექნოლოგიური პროდუქტი, რომლითაც სპეცრაზმელებისთვის ნიღბების ჩამოხსნა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ალგორითმის მუშაობის სიზუსტეზე არაფერია ნათქვამი. შესაძლოა, არსებობდეს ცდომილებები, ანუ, კონკრეტული სპეცრაზმელის ამოცნობა ხელოვნურმა ინტელექტმა არასწორად მოახერხოს. სწორედ ამიტომ, საუბრობენ გადამოწმების აუცილებლობასა და იმ სიფრთხილეზე, რომელიც აქტივისტებმა იდენტიფიცირებული სპეცრაზმელის პერსონალური ინფორმაციის გავრცელებისას უნდა გამოიჩინონ.

წყარო: marketer.ge

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...