ბოლო სიახლეები

პრემიერის დასტური: 200-ლარიანი დახმარების პროგრამა კიდევ გაგრძელდება

საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკურად იმდენად რთულ ვითარებაშია, რომ მთავრობა უმუშევრად დარჩენილი ხალხისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემას, დიდი ალბათობით, გააგრძელებს. „რეზონანსი“ ორი დღის წინ სწორედ ამის შესახებ იუწყებოდა და წერდა, რომ მთავრობა მოსახლეობისთვის დამატებითი დახმარების გაცემას აპირებდა. პრემიერ გიორგი გახარიას ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ ეს ინფორმაცია დადასტურდა.

უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის მთავრობა 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს. ბუნებრივია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნავს, მაგრამ, მეორე მხრივ, დახმარებების გაცემა ადასტურებს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები არ შეიმჩნევა. წინ კიდევ უფრო რთული პერიოდია და ხალხს სახელმწიფოსგან ფინანსურად გვერდით დგომა კვლავაც დასჭირდება.

უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის 200-ლარიანი დახმარებების პროგრამის გაგრძელება კი დაანონსდა, თუმცა უცნობია, როდიდან და რამდენი ხნით მოხდება მისი გახანგრძლივება.

„თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა შეხვედრაზე ახსენა, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა, თუმცა როგორც ჩვენ გავიგეთ, ხელისუფლება არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას აპირებს, არამედ იქნება ახალ ღონისძიებათა პაკეტიც. ყველას გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, მას განგრძობითი ხასიათი აქვს და ამიტომ ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ვფიქრობ, ეს ძალიან რაციონალური და სწორია”,  – განაცხადა ბიზნესასოციაციის პრეზიდენმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

ოქტომბერში უკვე სრულდება ექვსთვიანი პროგრამა, რომლითაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას იღებდნენ. კომპენსაციების 6-თვიანი პროგრამა აპრილში დამტკიცდა. მაშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, დახმარებებისთვის ბიუჯეტში 460 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

გარდა 200-ლარიანი დახმარებებისა, მოსახლოებას, პირველი ნოემბრიდან, ოთხი თვის განმავლობაში, კომუნალურ გადასახადებს დაუფარავენ. ეს გარემოებაც იმაზე მიუთითებს, რომ, კორონავირუსის გამო, ადამიანებმა ძალიან იზარალეს და მათ ფინანსური დახმარება ნამდვილად სჭირდებათ, რადგან არსებული მძიმე ვითარება როგორღაც გადაიტანონ.

ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აცხადებს, რომ ახლა ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური კრიზისია, ამიტომ კარგია, რომ დახმარებების გაცემა კიდევ მოხდება.

„არც არავინ მალავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. პრემიერიც პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გადავლახოთ ეს პერიოდი. რაც შეეხება იმ დახმარებების გაგრძელებას, რომლებიც დაანონსდა, ამას გარდამტეხი ეკონომიკური ეფექტი ვერ ექნება, თუმცა, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ხალხი ელემენტარულად მშიერი არ დაიხოცოს. 200-ლარიანი დახმარების პროგრამის შეწყვეტა კიდევ უფრო გაართულებდა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას.

თანაც, ხალხისთვის დარიგებული თანხა ისევ ქვეყანაში დარჩება და ესეც, თავისთავად, დადებითი ეფექტის მომცემია, რადგან მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა. გარკვეული თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან გავა, ეკონომიკაში დარჩება და არა მარტო იმ ხალხს წაადგება, ვინც პირდაპირ ისარგებლებს ამ დახმარებით, არამედ _ იმ პროდუქტებსაც (მომსახურებასაც), რომლებსაც ეს ხალხი შეიძენს”, – განუცხადა ზურაბ კუკულაძემ „რეზონანსს”.

რთული ვითარებაა ეპიდემიოლოგიურად. შემოდგომის პირველი ნახევარი გაზაფხულზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, რადგან ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი უკვე 1200-ს გადასცდა. ამის პარალელურად, თანდათან იკეტება ბიზნესი, წესდება შეზღუდვები, ეკონომიკური ვარდნა უფრო შესამჩნევი ხდება. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სოციალური პაკეტების შემოღება ისევ დღის წესრიგში დგება.

ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, რომ 200-ლარიანი დახმარებების გაგრძელება იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში საკმაოდ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება კიდევ სჭირდებათ.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეულ სექტორებში ადამიანებმა, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს, სამუშაო ადგილები ჯერ ვერ დაიბრუნეს. წესით, მათი რაოდენობა, ვისაც მსგავსი დახმარება კიდევ დასჭირდებათ, უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე აპრილი-ივნისის თვეებში იყო.

პროგრამის გახანგრძლივება იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც კატეგორიას 200-ლარიანი დახმარება ისევ სჭირდება და ხელისუფლებაც სწორედ ამიტომ აგრძელებს. გაზაფხულზე რა ვითარებაც იყო, იგივე მდგომარეობა ახლა არ გვაქვს. იმის თქმა, რომ მოსახლეობას ახლა უფრო უჭირს, ვიდრე ადრე, სწორი არ იქნება, თუმცა ვინაიდან კრიზისი დაძლეული არ არის, ბუნებრივია, რომ გარკვეული პროგრამების გაგრძელება საჭიროა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა საბიუჯეტო რესურსი არსებობს”, – განუცხადა „რეზონანსს” გიორგი პაპავამ.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში მთავრობის 200-ლარიანი დახმარებით ერთხელ მაინც 161 905-მა ადამიანმა ისარგებლა.

თვეების მიხედვით კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა ასეთია:

მაისი – 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;

ივნისი – 143 801 პირს გადაერიცხა 28 760 200 ლარი;

ივლისი – 127 430 პირს გადაერიცხა 25 486 000 ლარი;

აგვისტო – 96 765 პირს გადაერიცხა 19 353 000 ლარი;

სექტემბერი – 91 315 პირს გადაერიცხა 18 263 000 ლარი.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...