ბოლო სიახლეები

ქვეყანაში ინფლაცია ნულოვან ზღვარზეა

ინფლაციის მაჩვენებელი ისევ დაბალია, აგვისტოში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ფასები მხოლოდ 0,9%-ით გაიზარდა, ივლისთან შედარებით კი – მხოლოდ 0,2%-ით. ასეთი დაბალი ინფლაციის მიზეზი, ერთი მხრივ, მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირებაა და, მეორე მხრივ, იმპორტირებულ პროდუქტებზე სტაბილური ფასია. სავარაუდოდ, წლის ბოლოს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვნებლამდე მისვლა ძალიან გაჭირდება.

წლევანდელი ზაფხული ფასების მატების თვალსაზრისით გამონაკლისია. ბოლო პერიოდში არც იმპორტირებული და არც ადგილობრივი წარმოების პროდუქცია არ გაძვირებულა, პირიქით, უმეტეს შემთხვევაში გაიაფება თვალში საცემია. მოიმატა მხოლოდ შაქრისა და წიწიბურას ფასმა, რაც მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციით არის გამოწვეული.
იმას, რომ ზაფხულში ფასები არ გაზრდილა, ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0,9% შეადგინა, ივლისთან შედარებით კი – 04%. “საქსტატის” ინფორმაციით, 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 16,2 პროცენტით გაიზარდა.
ინფლაციის მაჩვენებელი დაბალი იყო ივლისშიც, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ფასები 0,2%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 1,5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 2015 წელს, შარშან, ივლისში, ივნისთან შედარებით, 0,2%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, 2014 წლის ივლისთან შედარებით კი – 4,9%-იანი ინფლაცია. 2015 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ინფლაციამ 1% შეადინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი – 5,4%.
რაც შეეხება წლევანდელ მონაცემებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ზაფხულს ფასი, პრაქტიკულად, არაფერზე გაზრდილა, რაც სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, ორი მიზეზითაა განპირობებული, პირველი – მოსახლეობის გადახდისუნარიანობა არის დაბალი და მეორე, პროდუქციის კვლავწარმოებისა და იმპორტის ხარჯის შემცირებით იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება სტაბილურობას ინარჩუნებს.
“ფასი არ გაზრდილა, ცალკეული მიმართულებით შემცირდა კიდეც. რაც შეეხება მოსახლეობის გადახდისუნარიანობას, აქ გარკვეულწილად საინტერესო პროცესებთან გვაქვს საქმე. ჩვენთან სოციალური დიფერენციაცია საკმაოდ მაღალია. მაგალითად, სოციალურად გაჭირვებულები ხარჯის გაწევას ერიდებიან, ხოლო მაღალშემოსავლიანი ოჯახები უფრო მეტად საზღვარგარეთ ამისამართებენ თავის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს.
ვინც დაბალშემოსავლიანია, მათი შემოსავალი არ იძლევა საკმარის იმპულსს იმისათვის, რომ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდოს და გამოცოცხლებაც არ შეინიშნება. მცირე შემოსავალი ქმნის საფუძველის მოთხოვნას სტაგნაციისთვის. შესაბამსიად, ფასების დაბალ დონეს სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს.
ამ ორი ფაქტორის თანხვედრა (ზოგიერთი იმპორტირებული პროდუქციის ფასების სტაბილურობა ან შემცირება და ქვეყანაში საკმაოდ მაღალი დიფერენციაცია) ქმნის იმის ძირითად პირობას, რომ ფასები იყოს დაბალი. ამას ემატება ჩვენი კლასიკური სეზონური ფაქტორი, როდესაც ადგილობრივი პროდუქცია საკმაოდ იაფდება და ასეთი ვითარებაა გვიან შემოდგომამდე. ეს არ არის მხოლოდ წლევანდელი მოვლენა. ჩვენთან რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი, ეს ავტომატურად გამოიწვევდა ქვეყნის შიგნით წარმოებული სურსათის გაძვირებასაც”, – განაცხადა არჩვაძემ.
ეკონომისტ ლია ელიავას თქმით, იმის გამო, რომ დღეს ინფლაცია ძალიან დაბალია და მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ აღწევს, დამნაშავე არის სებ-ი. ეს უწყება ვერ ახერხებს იმას, რომ ფასების ზრდის ტემპი მიზნობრივ მაჩვენებელში ჩაჯდეს.
“როდესაც ქვეყანაში დეფლაციური პროცესებია ან ინფლაცია არის ძალიან დაბალი, ეს აშკარად იმის მიმანიშნებელია, რომ მოთხოვნა არის შემცირებული. მოთხოვნის შემცირების კვალდაკვალ კი, ბუნებრივია, იკლებს ფასი. მთავარია ის, რომ ეკონომიკური ზრდა ფერხდება.
როცა მოთხოვნა არის დაბალი, ანუ ხალხს არ გააჩნია ფული იმისათვის, რომ შეიძინოს პროდუქცია ან ნაკლებს ყიდულობს, ამ დროს ბიზნესი ზარალზეა, რადგან ვერ ყიდის წარმოებულ პროდუქციას. ასეთ დროს კი ქვეყანა თანდათანობით ეკონომიკურ კრიზისში შედის”, – აცხადებს ელიავა.
დაბალი ინფლაცია წარმოშობს სტაგნაციას, ჩვენ ეს პერიოდი 2012-13 წლებში გამოვიარეთ. თუ სებ-მა არ მიიღო შესაბამისი ზომები ინფლაციის მაჩვენებლის გასაზრდელად, მაშინ საქართველოს ეკონომიკა ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება: “ეს ნიშნავს არა მარტო მოსახლეობის, არამედ ბიზნესის გაღარიბებას, საბოლოოდ კი ეს გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას, საბიუჯეტო შემოსავლების კლებას, რაც სერიოზული პრობლემაა”, – ამბობს ელიავა.

წყარო: “რეზონანსი”

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...