საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და დიპკორპუსს ღია წერილით მიმართავს

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ორგანიზებით, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამართლის სპეციალისტების, მედია-სფეროს ექსპერტებისა და კონსტიტუციონალისტების სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ,,რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარე საზოგადოებრივი მოვლენების შეფასებას დაეთმო.
შეხვედრაზე მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ერთობლივი განცხადებაც მიიღეს, სადაც შექმნილი ვითარების საზოგადოებრივი, სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო შეფასდა.
“ახალგაზრდა ადვოკატები” სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა დესტრუქციული გარემოს შესაცვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგან, პოლიტიკურ პროცესს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა და არსებული სამართლებრივი საკითხები დამოუკიდებელმა სასამართლომ კანონის სრული დაცვით გადაჭრას. სამწუხაროდ, უნდა იქვას, რომ ღია და ფარული დესტრუქციული ძალების მიერ მართული პოლიტიკური პროცესი ჩიხისკენ მიაქანებს ქვეყანას. დესტრუქციული მუხტი სულ უფრო მეტად დომინირებს, როგორც ქვეყანაში, ისე საინფორმაციო სივრცეში. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომელიც მოწოდებული იყო განემუხტა ვითარება და სათავე დაედო კონსტრუქციული დიალოგისთვის, ამ განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, ნებსით თუ უნებლიედ, ვითარების დაძაბვის ფაქტორად იქცა. დასანანია, რომ პრეზიდენტმა დიალოგისთვის თავისთან მიიწვია მხოლოდ ცალმხრივი პოზიციის მქონე არასამთავრობოები და ექსპერტები. გაცხადებული პოზიციით, პრეზიდენტი ყველა პრობლემასთან მიმართებაში, მხარედ გამოდის, რაც პროცესის ლოგიკურ განვითარებას, სერიოზულად აფერხებს. საფუძვლიანი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დიალოგის ინიციატორი შეიძლება მხოლოდ მაშინ გახდეს პრეზიდენტი, როცა რომელიმე მხარეს არ წარმოადგენს. შედეგს ვერ მოიტანს განსჯა, როცა მასში ერთკაციანი ,,პარტიები” და ,,არასამთავრობოები” მონაწილეობენ. საზოგადოებას არსებულ პრობლემებზე სჭირდება დიალოგის და დისკუსიის სრულფასოვანი ველი, რაც მიზანმიმართულად არ ხდება. შესაბამისად, ხელისუფლების ყველა შტო, თანაბრად უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რომელიც სამოქალაქო ჯგუფებთან დიალოგის პრივილეგიების გარეშე წარმართვას აღიარებს. მოსახლეობას მრავალი წელია, ერთ ხმაში, ერთი და იგივე ადამიანები ესაუბრებიან. საინფორმაციო ველი კი შეზღუდულია ალტერნატიული კითხვების დასმისგან, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მიცემდა საკუთარი მყარი პოზიციები ჰქონოდათ მიმდინარე პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ მოვლენებზე.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამეტური გამოხატულებაა. მცდარია მედიის თავისუფლებაში ეჭვის შეტანა ,,რუსთავი 2″–ის მფლობელებთან დაკაშირებული სასამართლო პროცესის კონტექსტში. მედია საქართველოში თავისუფალია, თუმცა, არც ის იწვევს საზოგადოების ეჭვებს, რომ ყველა წამყვანი მედია-საშუალება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან ბიზნეს ინტერესების მომსახურეა. საზოგადოებამ ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს ინფორმაცია, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციასთან ასოცირებული არხები ავრცელებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი წარმოადგენს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის მფლობელ ყოფილ და მოქმედ პირებს შორის არსებულ დავას, კომპანიის მეწილეთა სავარაუდო ცვლილება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურიდიულად გაუქმებას და დახურვას, სიტყვის თავისუფლების დაცვა კი, ნებისმიერი მედია-საშუალების ფუნქციონირების დროს საჭიროა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მართებს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არსებულ დავასთან დაკავშირებით, არსებულ მტკიცებულებებზე, დავის მონაწილე მხარეთა არგუმენტების ფონზე, თავად უზრუნველყოს ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის. საქმეზე არსებული საჯარო ინტერესი გულისხმობს საჭირო პასუხებს არსებულ კითხვებზე: ვის ეკუთვნის ტელეკომპანია “რუსთავი 2”, დათმო თუ დაათმობინეს სადაო წილები არხის ყოფილ მფლობელებს, რა მტკიცებულებებია საქმეში “რუსთავი 2″-ის ამჟამინდელი მფლობელების სასარგებლოდ, რამდენად გამართულია მხარეთა სასარჩელო მოთხოვნები, რამდენად დაცულია მხარეთა შეჯიბრითობა თუ მტკიცებულებათა სასამართლო სხდომაზე წარდგენის ვადები? მიგვაჩნია, რომ მოსახლეობისთვის საინტერესო მხოლოდ ეს არის, რაზედაც მიზანმიმართულად საუბარი არ მიმდინარეობს.
მიგვაჩნია, რომ სწორია ხელისუფლების პოზიცია, არ ჩაერიოს სასამართლო დავაში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ცალსახად უარი თქვას პროცესში ჩარევაზე, ხოლო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, უარი თქვას ისეთ განცხადებებზე, როგორითაც მან მიმართა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს, რაც შეუძლებელია სხვაგვარად შეფასდეს, თუ არა ზეწოლა მოსამართლეზე, რითაც პრეზიდენტი, თავისი ვიწრი-პოლიტიკური შეხედულებით, ინსტიტუციურ კონფლიქტში აღმოჩნდა სასამართლო ხელისუფლებასთან.
მოვუწოდებთ ხელისუფლების მხარდამჭერ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და უპასუხისმგებლო განცხადებებისაგან. ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, როგორც ამას ეგრეთწოდებული უკრაინული ,,ვიკილიქსის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცხადყობს, ბევრია საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მომხრე. გარკვეულ ძალებს და ვფიქრობთ, რომ მათ შორის, უწინარეს ყოვლისა, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ხელს აძლევს არეულობების პროვოცირება, რადგან მშვიდობიან საარჩევნო გარემოში, მათი შანსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, უკიდურესად დაბალია. ვფიქრობთ, პრეზიდენტი მარგველაშვილიც ასეთ დასკვნებს უნდა აკეთებდეს, მათ შორის მასთან შეკრებილი ნულოვანი რეიტინგის მქონე პარტიებთან დიალოგის დროს.

მიმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, მკაფიოდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია გარკვეული ძალების მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს არეულობების პროვოცირებას და მათ ხელთ არსებული საშუალებების მეშვეობით, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, რაც რეალური საფრთხის წინაშე დააყენებს ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის ურყევ ევროატლანტიკურ არჩევანს. თუ დესტრუქციული ძალები არ აილაგმა, საქართველოს ლიბანიზაციისა და სირიიზაციის პერსპექტივა, შესაბამისად კავკასიის და მთელი რეგიონის, გარდუვალი იქნება. ეს კი არც ქარველ ხალხს აძლევს ხელს და არც ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს.
მივმართავთ მთავრობას, პრეზიდენტს, პარლამენტს, დიპლომატიურ კორპუსს, დაიწყონ ფართო საზოგადოებრივი დიალოგი პრობლემურ თემებზე, ყველა ავტორიტეტული და დაინტერესებული ძალის მონაწილეობით. ჩვენ, აღნიშნულ განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები, მზად ვართ მივიღოთ ასეთ დიალოგში მონაწილეობა” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელი, “ახალგაზრდა ადვოკატებთან” ერთად, შემდეგმა ორგანიზაციებმა მოაწერეს: “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი”, “ახალგაზრდული ცენტრი”, “პოზიცია”, “ადამიანი, კანონი, თავისუფლება”, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია -აფბა”, “უფლებადამცველთა გაერთიანება”, “ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთვის” და ,,სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო””, – ნათქვამია განცხადებაში.