25/04/2024
Latest:
საზოგადოება

“ვოლ-სტრიტის მგელი” თბილისში

– დღეს, ჯორდან ბელფორტი მხოლოდ „ვოლ-სტრიტის“ ფენომენი აღარაა. მარტინ სკორსეზეს მიერ მის წიგნზე დაფუძნებული ფილმის „ვოლ-სტრიტის მგელის“ გადაღების შემდეგ, -იგი პოპ-კულტურის ერთ-ერთ საკულტო პერსონაჟად იქცა, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესს არა მხოლოდ ბიზნესისა და გაყიდვების სფეროდან უნდა ველოდეთ. ბილეთები ივლისიდან იყიდება. ვისთვისაა ეს მასტერკლასი, საიდან გრძნობთ მეტ მოთხოვნას და რა ფასს შეაგებებს მასპინძელი კომპანია მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს?

– დაგეთანხმებით, „მგელი“ გასცდა ბიზნესის სფეროს და იქცა საოცარ ფენომენად, მისი უნიკალური გამოცდილება ყველასათვის საინტერესოა. შესაბამისად,  ეს მასტერკლასი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის. ჯორდან ბელფორტმა უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, მას აქვს უნარი, ნებისმიერ ადამიანს წარმოუდგენელი მიზნების მიღწევის უნარი შესძინოს. ეს არის შესაძლებლობა, თანამედროვეობის ლეგენდისგან მიიღონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, დაიმუხტონ  და დროის უმოკლეს ვადაში გააკეთონ მნიშვნელოვანი ნახტომი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენ საინვესტიციო კომპანია ვართ, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის უამრავი წარმატებული პროექტი და ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული. ჯორდან ბელფორტის მასტერკლასიც სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა. დაარსების დღიდან, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების განვითარებაში, რისთვისაც, უოლ სტრიტის ლეგენდის ფენომენალური ტექნიკის და გამოცდილების გაზიარება საუკეთესო საშუალებაა.

ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც აფინანსებს Start-up–ებს, ყოველგვარი გირაოს და გარანტიების გარეშე, მიუხედავად დიდი რისკისა, ვცდილობთ, შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდა, მოტივირებულ მეწარმეებს, გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები წარმატებისკენ. ხშირად ეს რისკები ალიანს ჯგუფისთვის წამგებიანია, თუმცა, ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს მოტივაცია და იმედი კრეატიული იდეების მქონე დამწყები ბიზნესებისთვის. სწორედ მათთვის, ახალგაზრდა ინოვატორებისთვის და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, დამწყები თუ უკვე განვითარებული ბიზნესების ხელშეწყობისთვის ჩამოგვყავს თბილისში უოლ სტრიტის ლეგენდა.

– 28 ნოემბრისთვის დაგეგმილი ღონისძიება ფილარმონიაში გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ 2000 სტუმარზე მეტს ელით. გასულ წელს, სხვა ცნობილი სამოტივაციო სპიკერის, ბრაიან ტრეისის ვიზიტმა ანშლაგით ჩაიარა, თუმცა, მისი მასტერკლასი თითქმის ათჯერ პატარა აუდიტორიაზე იყო გათვლილი. ჯორდან ბელფორტის მასტერკლასის დასწრებადობა  საქართველოში გამართულ ბიზნეს სემინარებს შორის უპრეცედენტოა. რა გიბიძგებთ, იფიქროთ, რომ ქვეყნის ბაზარი მომწიფებულია ამ მასშტაბისთვის?

– ჩვენ, უკვე მეათე წელია საქართველოს ბაზარზე ვმოღვაწეობთ და კარგად ვიცნობთ ბიზნესის მოთხოვნებს და ბაზრის გულისცემას. ქართული ბიზნეს საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია სიახლეებისა და განვითარებისთვის. თუმცა, მათ სჭირდებათ ხელშეწყობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე, კერძო სექტორის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბრაიან ტრეისის მასტერკლასი შედარებით მცირე აუდიტორიაზე იყო გათვლილი, მისი შედეგები და მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის. აღნიშნული სემინარებით, ჩვენ ვცდილობთ, შევცვალოთ ბიზნესისადმი დამოკიდებულება, დავამკვიდროთ დასავლური ხარისხის მაღალი სტანდარტები, მივცეთ შესაძლებლობა ბიზნესებს, გაიზიარონ სპიკერების თავბრუდამხვევი წარმატება და გამოცდილება, დაგეგმონ საკუთარი მიზნები სწორად, განვითარდნენ და დანერგონ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში.

ამასთან, ქვეყანაში, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა თუ შესაბამის ბიზნეს წრეებში აქტიურად განიხილება კაპიტალური ბაზრების განვითარების პროექტი. მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში საკმაოდ პოზიტიური ძვრები იყოს ამ მიმართულებით, შესაბამისად, ეს მასტერკლასი სწორედ რომ კარგ დროს, კარგ ადგილას არის დაგეგმილი.

– ჯორდან ბელფორტის საგანმანათლებლო-მოტივაციური პროგრამა, Straight Line Persuasion, ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადია მსოფლიოში. თქვენი აზრით, გარდა მისი ავტორის ლეგენდარულობისა, რითია ეს პროგრამა ღირსშესანიშნავი (წმინდად მეთოდური თვალსაზრისით)?

Straight Line არის გაყიდვის და დარწმუნების ტექნიკა, რომელიც ჯორდან ბელფორტმა შექმნა უოლ სთრითზე, დანერგა თავის ბიზნესში, რითიც უოლ სთრითის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ საბროკერო კომპანიას ჩაუყარა საფუძველი. შინაარსობრივად, ეს ტექნიკა სტრუქტურირებულია გაყიდვის პროცესის, დიალოგის მართვის ელეგანტური, მარტივი, მეთოდებით, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის გაყიდვის პროცესს ძალიან მარტივად წარმოაჩენს. ეს არის სისტემა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, აღნიშნული პროცესი წარმართოს ისე, როგორც ამას თავად ბელფორტი აკეთებდა.

ბელფორტის ტრეინინგებით, ათასობით ადამიანმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, რაც ადასტურებს, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ინდივიდს მიუხედავად ასაკის, რასის, სქესის, განათლების თუ სოციალური სტატუსისა, მიაღწევინოს ისეთ მიზნებს, რაზეც  ისინი ვერც კი იოცნებებდნენ. მას შეუძლია, პიროვნებებს და ორგანიზაციებს წარმატებებისკენ მიმავალი ბარიერების გარღვევაში დაეხმაროს. ბელფორტის სწავლებები, უდიდესი მოტივაციით ავსებს აუდიენციას, აიარაღებს მათ ყველა იმ აუცილებელი ხელსაწყოებით, რითაც მიიღწევა მყისიერი, მუდმივი მოქმედების წარმატებული ეფექტი.

– 2005 წელს დაარსებული საინვესტიციო და საკონსულტაციო ფირმა, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“, საქართველოს ფინანსურ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, სანდო და ავტორიტეტული ბრენდია. ამ ფონზე, მარკეტინგული რისკის შემცველად ხომ არ მიგაჩნიათ იმ ანტრეპრენიორის სამოტივაციო სემინარის ინიციატორობა, რომელსაც საუკუნის თაღლითად მოიხსენიებენ და რომლის წარმატების გასაღებიც ტყუილი იყო?

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საინვესტიციო – საბანკო საქმიანობაა, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაშია. შესაბამისად, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოების ფართო ფენა იყოს გათვითცნობიერებული ინვესტიციებისა და საინვესტიციო საქმიანობის მნიშვნელოვან პრინციპებზე. აუცილებელია, საზოგადოების  ფართო ფენას გავუზიაროთ დასავლეთში წლებით დაგროვილი გამოცდილება, რაც შეიძლება, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი გამოდგეს და საქართველოში კაპიტალური ბაზრების განვითარებას მომზადებული შეხვდეს, იქნება ეს პასიური ინვესტორები, პენსიონერი, დიასახლისი, სტუდენტი თუ აქტიური ინვესტორების ფენა, რომელსაც უწევს გადაწყვეტილების მიღება დანაზოგი განათავსოს დეპოზიტზე, იყიდოს უძრავი ქონება, ბიზნესის წილი თუ ფასიანი ქაღალდები.

ჯორდანის წარსული არ ყოფილა ჩვენთვის ბარიერი, რადგან მისი წარუმატებელი გამოცდილების გაზიარებაც კი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია ყველასთვის და მისი ისტორიიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მისი შეცდომებისგან, მან დიდი გაკვეთილი მიიღო. ახლა ის ეხმარება ადამიანებს, რომ არ გაიმეორონ იგივე, ჰქონდეთ მეტი პროდუქტიულობა, გაზარდონ გაყიდვები და უკეთესად იმუშაონ გუნდურად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უახლოეს მომავალში, მთავრობის და საერთაშორისო ექსპერტების თანამშრომლობით, მუშავდება კაპიტალური ბაზრების განვითარების სტრატეგია, რაც დღის წესრიგში აყენებს, საქართველოს საზოგადოებამ პირველწყაროდან მიიღოს ყველა ის გამოცდილება, რაც განვითარებულ ქვეყნებშია დაგროვილი.

– „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ უკვე შვიდი შვილობილი კომპანია აქვს. ჯორდან ბელფორტის მასტერკლასი ერთ-ერთის, „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ ეგიდით იმართება, რომელიც 2014 წლის მაისიდან უკვე ბიზნესტრენინგების მომსახურებასაც სთავაზობს კორპორატიულ სექტორს. როგორ მივიღოთ ბელფორტის მასტერკლასი? იგი „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ საგანმანათლებლო  მიმართულების რეკლამაა, თუ თქვენს პორტფოლიოში ახალი, სტაბილური პროდუქტის გაჩენის მაცნე?

– „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ საქართველოში თითქმის 10 წელია ფუნქციონირებს, მისი მეშვეობით, საქართველოში მოზიდულია 100 მილიონზე მეტი უცხოური ინვესტიცია. რეგიონში, ჩვენი კომპანია წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან M&A-ზე  (შერწყმებსა და გაყიდვებზე) ორიენტირებული ბანკების ქსელს. ჩვენი მეშვეობით, ნებისმიერ ადგილობრივ თუ უცხოურ საწარმოს შეუძლია მოიძიოს პარტნიორი, ინვესტორი, დააფინანსოს სხვადასხვა სახის პროექტები. თუმცა, ამ საქმიანობის პროცესში, ვაწყდებით განათლების საჭიროებებს, ვინაიდან, ბიზნესის უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ თავის საქმიანობაში პროფესიონალი და წარმატებულია, არ არის გათვითცნობიერებული საინვესტიციო მომსახურებებითა და მათგან მომდინარე მნიშვნელოვანი ხელსაყრელი შესაძლებლობებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც ძირითადად, ორიენტირებულია ვიწრო საინვესტიციო სფეროზე, თუმცა, დამხმარე დარგებსაც მოიცავს.

– ორიოდ თვის წინ, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ შეუერთდა სოციალური პასუხისმგებლობის კლუბს. ზოგადად, რა აქტივობებით ცდილობთ, ხელი შეუწყოთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლებას და კონკრეტულად ჯორდან ბელფორტის ღონისძიებისთვის თუ არსებობს რაიმე საშეღავათო პაკეტი, რომელიც, მაგალითად სტუდენტებზე, ან სხვა არაპრივილეგირებულ, მაგრამ დაინტერესებულ ჯგუფებზე იქნება გამიზნული?

– ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას მენეჯმენტის განუყოფელ ნაწილად განიხილავს, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაშიც ვიყენებთ. შიდა პოლიტიკა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემას, გენდერულ თანასწორობას, გარემოს დაცვას, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას ემყარება. ჩვენ მიერ წარმოებული ყველა საქმის საფუძველი მომავალ თაობაზე ზრუნვა და ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და სოციალურ განვითარებაში წვლილის შეტანაა. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა თაობის ეთიკურ ბიზნესის სტანდარტებზე აღზრდა, ამ მიზნით, უკვე წლებია ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან.

უოლ სტრიტის მგელის მასტერკლასზე დასასწრები ბილეთების ფასი სწორედ იმ გარემოებების მიხედვით განისაზღვრა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თავდაპირველად, გვსურდა ღონისძიება უფასო ყოფილიყო ყველასთვის, როგორც ალიანს ჯგუფის საჩუქარი ქართულ ბიზნესებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებდით დარბაზში იმ ოპტიმალურ სეგმენტს, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება უოლ სტრიტის მგელის გამოცდილება, სწორედ ამისთვის, დავაწესეთ ფასები კატეგორიების მიხედვით, რომელიც ჩვენი აზრით, ყველა ფენისთვის ხელმისაწვომი უნდა იყოს. დარბაზში, 677 სტუდენტი მხოლოდ 29$–ად მოხვდება, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, განსხვავებული ფასები და პაკეტები მოქმედებს, ფასები საშუალოდ 99-დან 199$–მდე მერყეობს. მოგეხსენებათ, ჯორდან ბელფორტი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრენერია, თუ მისი მსოფლიო ტურის ბილეთების ფასებს გადახედავთ, დამეთანხმებით, რომ თბილისისთვის დაწესებული ფასები მხოლოდ სიმბოლურია. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, გამოიყენონ უნიკალური შანსი და არ გამოტოვონ წლის ყველაზე მასშტაბური მასტერკლასი თბილისში.

და ბოლოს, მინდა ბელფორტის ცნობილი ციტატით დავასრულო: „წარმატებული ადამიანები 100%-ით დარწმუნებულები არიან, რომ ისინი თავად განაგებენ საკუთარ ბედისწერას. ისინი არ არიან გარემოებებისა და განგების ნაყოფი, არამედ ისინი ქმნიან გარემოებებს, ხოლო თუკი გარემოებები არახელსაყრელია, ისინი მათ ცვლიან.

Forbes Georgia

[wpolling id=”9″ width=”” height=””]