ბოლო სიახლეები

არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ პროვოკაციების ალბათობა საკმაოდ მაღალია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ბატონო ზაალ, საარჩევნო კამპანიაში ”ქართული ოცნების” სასარგებლოდ ჩართული ივანიშვილი შესაძლებლობას არ უშვებს, რომ ”რესპუბლიკელებს” კბილი არ წაკრას. თუ იგი მანამდე საერთოდ ”რესპუბლიკელებს” აკრიტიკებდა, ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილი ჰყავს მიზანში ამოღებული. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილმა ასევე ვრცლად ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრა ირაკლი ალასანიაზე. ფაქტია, რომ იგი ”რესპუბლიკელებსა” და ალასანიას მიზანმიმართულად და სისტემატურად აკრიტიკებს. ამ თემაზე მსჯელობისას ბევრი საუბრობს 2012 წლისა და 2016 წლის ივანიშვილის განსხვავებებზე. თქვენი აზრით, რის გამო შეიძლება იყოს უკმაყოფილი ივანიშვილი ”რესპუბლიკელებსა” და ალასანია -”თავისუფალ დემოკრატებზე”? რჩება შთაბეჭდილება, რომ მას ყოფილი თანაგუნდელების პარლამენტში ხილვა არ სურს… თქვენ ასე არ ფიქრობთ?
უნდა ვაღიარო, რომ შევცდი პროგნოზში, როდესაც ვსაუბრობდი ივანიშვილის მხრიდან „რესპუბლიკელებთან“ თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. ამის ერთ ერთი საფუძველი იყო ივანიშვილის პოზიტიური დამოკიდებულება დავით უსუფაშვილის მიმართ და გამოკვეთილად პრო-დასავლურ ძალასთან ალიანსით მიღებული სარგებელი საერთაშორისო არენაზე.
თუმცა, შიდაპარტიული და შიდაკოალიციური სამზარეულო სხვაგვარი აღმოჩნდა. ივანიშვილის ამჟამინდელი უკიდურესად ნეგატიური განცხადებები და შეფასებები „რესპუბლიკელების“ მისამართით, როგორც ჩანს გამოძახილია იმ წინააღმდეგობების, პიროვნული და ინტერესთა შეუთავსებლობების რაც ბოლო დრომდე კოალიციის კულუარებში გროვდებოდა და ეხლა როგორც იტყვიან ფურუნკულივით გასკდა და სააშკარაოზე გამოვიდა. როგორც ჩანს, ივანიშვილი თვლის, რომ “რესპუბლიკელები“ სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ და ეს სასჯელი მათი პარლამენტს გარეთ დატოვება იქნება.
გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ივანიშვილის დამოკიდებულებამ „თავისუფალ დემოკრატებთან.” ის აკრიტიკებს ალასანიას, მაგრამ შედარებით ლოიალურია მისი გუნდის წევრებისადმი, რაც არ არის შემთხვევითი. თავის მხრივ, „თავისუფალი დემოკრატების’ მაჟორიტარი კანდიდატებმა უკვე ორ ოლქში მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
ერთი სიტყვით, ივანიშვილი ”რესპუბლიკელებთან” და ”თავისუფალ დემოკრატებთან”, და არა მხოლოდ მათთან, თავის პარტიას თამაშობს და ამ თამაშის ერთ ერთი მიზანია, რომ მომავალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ შეძლებისდაგვარად კომფორტული პირობები ჰქონდეს.
– ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ”უბლოკო სტატუსზე” საუბარს ”ცოტა ბლეფი” უწოდა, ”მრეწველებზე” კი ბრძანა – ”აშკარად პრორუსული კვალი დაედოთო”. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირსა და ნატოს უკავშირდება. თუ ბატონი ბიძინა მართლაც ასე ფიქრობს, ამ საქმეში ”რესპუბლიკელები” და ”თავისუფალ დემოკრატები” ”ქართული ოცნების” პარტნიორები უნდა იყვნენ და არა ”განტევების ვაცები.” როცა ივანიშვილი ყოფილ პარტნიორებზე ასე ფიქრობს, თქვენი აზრით, ივანიშვილი და ”ქართული ოცნება” პარლამენტში თავის პარტნიორად სავარაუდოდ, რომელ პოლიტიკურ გუნდს მოიაზრებენ?
– საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია, მსოფლმხედველური თუ ღირებულებით კატეგორიები, როგორც ჩანს არ არის ის ბაზისი რაზედაც ივანიშვილი პარტნიორულ ურთერთობებს აგებს.
ჩემი დაკვირვებით, ის როგორც ბიზნესმენი, პარტნიორობას სხვა კატეგორიებით და საზომებით უდგება, რომლებშიც არის პიროვნული ფაქტორებიც და პრაგმატული გათვლებიც. თუ მიაქციეთ ყურადღება, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე პირველად განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში ვერ მოვიდესო. მაგრამ მე, ჯერჯერობით ვერ ვხედავ პარლამენტში გასვლის შანსების მქონე პარტიებთან „ქართული ოცნების“ მყარი პარტნიორობის ალბათობას. კარგი იქნება თუ თემატური თანამშრომლობა მაინც გამოუვათ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ეგზიტპოლებს ერთობლივად დაუკვეთავენ ”იმედი”, მაესტრო”, საზ.მაუწყებელი და ”ჯი-დი-ესი,” არა ერთმა დამკვირვებელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პრაქტიკულად უკვე არსებობს სახელისუფლებო მედია, რომელშიც უკვე ნახსენები ტელევიზიები შედიან. მეტიც, ამ არჩევნებზე ეგზიტპოლების ომი გარდაუვალი იქნება. თქვენ როგორ შეაფასებდით სამი დამოუკიდებელი ტელევიზიისა და საზ.მაუწყებლის მიერ ეგზიტპოლების ერთობლივად დაკვეთას? იმას, რომ ხელისუფლებამ ამ პროცესში თავიდანვე გამორიცხა სხვა ტელევიზიების, თუნდაც, ”რუსთავი-2”-ის მონაწილეობა? დავიჯეროთ, ხელისუფლებაში არ უფიქრიათ იმაზე რომ ეგზიტპოლების სავარაუდო ომი ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს?
– დიახ, ეგზიტპოლების ომს, როგორც ჩანს, ვერ ავცდებით. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ჩათვალეს რომ ეგზიტპოლების ჩატარებაში ”რუსთავი-2” -თვის ბურთის და მოედნის დათმობა არ იქნებოდა მიზანშეწონილი და ალტერნატიული ეგზიტპოლით გადაწყვიტეს იმ ეგზიტპილის განეიტრალება, რომელსაც ეს ტელევიზია დარწმუნებული ვარ აუცილებლად ჩაატარებს და რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს მისი შედეგი.
ასეა თუ ისე, პროცესი უკვე დაწყებულია და მე ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში ალტერნატიული ეგზიტპოლის არსებობა ერთგვარი დამზღვევის როლს შეასრულებს.
– გასულ კვირიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სიები საბოლოდ გაირკვა, არ ცხრება მათზე მსჯელობა და კამათი. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების სიით შემადგენლობებს, რომლითაც პოლიტიკური გუნდები 8 ოქტომბრის არჩევნების ფინალურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას? წარმოდგენილ სიებში თქვენთვის რა იყო მოულოდნელი, გაუგებარი, შესაძლოა, გასაკვირიც კი?
– პარტიული სიები ფორმალურად უკვე წარდგენილია და არის ისეთი როგორიც არის. სხვათა შორის, როდესაც სიებზე პირველად დაიწყო საუბარი ხუთი თვის წინ, მაშინ ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდებოდა ისეთი სია წარმოედგინა, რომელიც მოეწონებოდათ ჩვენთანაც, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც. სიის პირველი ათეული ამის დასტურია. იმის იქით კი სია, რომ იტყვიან ჩვენებური, ქართული გაგებებითა და წესებით დაკომპლექტდა. ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა სიაში კახა კალაძის გამოჩენა, რამაც კითხვა გამიჩინა, თუ რისთვის დასჭირდა მას პარლამენტარის მანდატი, რომელზედაც ბოლო დრომდე უარს ამბობდა. სიებთან დაკავშირებით მენიშნა ბურჭულაძის პარტიის მიდგომა, როდესაც განაცხადეს, რომ სიის მოწინავე პოზიციებზე საქმის გამკეთებელნი მოხვდნენ და არა მოლაპარაკენიო. ისე, კარგი პარლამენტარი საქმის მკეთებელიც უნდა იყოს და კარგი მოლაპარაკეც. ზოგადად, თუ ბარიერის გადალახვის უნარის მქონე პარტიების სიების გამსვლელ ათეულებს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ მომავალ პარლამენტში გვეყოლება გაცილებით მეტი საქმის გამკეთებელი, ანუ კანონების და პოლიტიკის შემქმნელი და მეტი მოლაპარაკე, რაც თავისთავად კარგია. თუმცა, არ ვიცი „ქართული ოცნების“ პირველი ათეული რამდენად არის დაჯილდოებული ორატორული თვისებებით.
– ცალკე საუბრის თემაა პარტიების მიერ დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენილთა სია. იმის გათვალისწინებით რომ უკვე ვიცი საარჩევნო ოლქებში ვინ ვის უპირისპირდება, ბევრი თვალსაზრისით საინტერესო არჩევნები უნდა იყოს. მაჟორიტარობის კანდიდატებზე, იმაზე თუ ვინ ვისი კონკურენტია, რას იტყოდით? თქვენი აზრით, კონკურენციისა და პოლიტიკური თვალსაზრისით რომელი ოლქების შედეგებს მიიჩნევდით ყველაზე მეტად მნიშვნელოვნად და რატომ?
– თუ თბილისს ავიღებთ განხილვის თემად, აქ უკვე წლობით დამკვიდრებული ტრადიციისამებრ მის ცენტრალურ, ასე ვთქვათ პრესტიჟულ უბნებში გამართული მაჟორიტარული არჩევნების შედეგები არის დედაქალაქის განწყობის ერთგვარი ინდიკატორი და აქ ნამდვილად საინტერესო პაექრობის მოწმენი ვიქნებით, კანდიდატების ვინაობიდან გამომდინარე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ზუგდიდში და ზოგადად სამეგრელოში მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს, რომლებსაც ინტრიგას მატებს სანდრა რულოვსის მონაწილეობა. ეს რეგიონი, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, დღემდე ითვლება „ნაცმოძრაობის“ ლამის ყველაზე სერიოზულ საყრდენად და მაჟორიტარული არჩევნები ერთგვარი ტესტიც იქნება, შეინარჩუნა თუ არა მან ეს საყრდენი.
ძალიან მძიმე პაექრობა იქნება აჭარაშიც, რომელზედაც „ნაციონალები“ ასევე დიდ ფსონს დებენ. ასევე, ჩემთვის საინტერესო იქნება მაჟორიტარული არჩევნები გორში, სადაც ერთმანეთს ორი ექს-თავდაცვის მინისტრი ალასანია და ოქრუაშვილი დაუპირისპირდებიან. ირაკლი ალასანიასთვის ეს მაჟორიტარული არჩევნები ერთგვარი პოლიტიკური „ვატერლოო“ იქნება, სადაც მან უნდა დაამტკიცოს, მისი როგორც პოლიტიკური ლიდერის პოტენციალი.
ჩემი აზრით, მაჟორიტარული ოლქების მნიშვნელოვან ნაწილში მეორე ტურია მოსალოდნელი. თუმცა, აქ მთავარია დავინახოთ უფრო დიდი სურათი. გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები, 2012 წლისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩეველს უფრო მეტი ალტერნატივები აქვს შეთავაზებული.
– არ ცხრება ხმაური პაატა ბურჭულაძის ”სახელმწიფო ხალხისთვის” გარშემო. თქვენ როგორ შეაფასებდით პაატა ბურჭულაძის პარტიაში მიმდინარე პროცესებს? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკურ პროცესებში კრიმინალები მონაწილეობენ როგორც ამას ბურჭულაძის ყოფილი თანაგუნდელი ხათუნა ლაღაზიძე ამტკიცებს? ბევრი ვარაუდობდა, რომ ბურჭულაძის პარტიას მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსები ჰქონდა. სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს არჩევნების შედეგებზე ბურჭულაძის წინააღმდეგ ერთი მხრივ ლაღაძიზის, ხოლო მეორე მხრივ ივანიშვილის განცხადებები? მხედველობაში მაქვს ივანიშვილის მტკიცება, რომ ბურჭულაძემ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ ”უამრავი ფული მოითხოვა”…
– გარეგნულად პროცესი ისე გამოიყურება რომ ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, ბურჭულაძეს მოუწია შეცვლილ გარემოებებთან ადაპტირება და მოახდინა ეს ისე როგორც მოახდინა.
თუმცა, მე უფრო ვიხრები იმ ვერსიისკენ, რომ ბურჭულაძის პარტიის გაერთიანება „გირჩთან“ და დანარჩენ ორ პარტიასთან, სპეციალურად ამ არჩევნებისათვის შექმნილი პოლიტიკური პროექტის გეგმის ნაწილი იყო. ამ პროექტის შედეგი უნდა დადგეს უკვე პარლამენტში, როდესაც დაიწყება პოლიტიკური ძალების ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბება. ივანიშვილის, ლაგაზიძის და ახლა უკვე გიორგი რუხაძის განცხადებები პარტიაში მიმდინარე პროცესებზე და თავად ბურჭულაძეზე, რა თქმა უნდა ამ გაერთიანებას გარკვეულ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს. თუმცა ჩემი აზრით ეს გაერთიანება მაინც შეინარჩუნებს საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსს.
უზენაესმა სასამართლომ ”რუსთავი-2”-ის საქმეზე წარმოებაში სარჩელი მიიღო. გასულ კვირას ”რუსთავი-2”-თან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა. თქვენ როგორ შეაფასებდით უზენსაესი სასამართლოს მიერ ”რუსთავი-2”-ის სარჩელის მიღებას, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ირინა იმერლიშვილის კანდიდატურაზე დაწყებულ საუბრებს?
– უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე როგორც ჩანს ჩათვალეს რომ ჰქონდათ სარჩელის წარმოებაში მიღების საფუძველი და ვვარაუდობ რომ ერთ ერთი საფუძველი ”რუსთავი-2”-ის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურაც იყო. სარჩელის არმიღება ნიშნავდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვებას და შესაბამისად ”რუსთავი-2”-ის ახალი მფლობელისათვის გადაცემის პროცედურების დაწყებას. არჩევნების წინ კი ეს არ იქნებოდა კარგი ნიშანი.
აი ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება და მისი განმარტებები კი ჩემთვის არის კიდევ ერთი მაჩვენებლი თუ რა დონეზეა დასაწმენდი ჩვენი პოლიტიკური კლასი. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ”რუსთავ-2”-თან დაკავშირებული ეს ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაახმაურა, რაც მისი თანაგუნდელი საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. აქ რომ იტყვიან კომენტარებიც ზედმეტია. მისი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, გადამოწმებას საჭიროებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდა, აშკარად გამოჩნდა ამ პროცესების სერიოზული პოლიტიკური კონტექსტი, რომელმაც ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დისკრედიტაცია გამოიწვია. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებად ისეთი კანდიდატები უნდა იყოს შერჩეული, რომელთაც მაღალ კვალიფიკაციასთან ერთად საზოგადოებაში მაღალი ნდობა ექნებათ და რაც მთავარია მაქსიმალურად თავისუფალი იქნებიან პოლიტიკური გავლენებისგან, რომლისგანაც სავარაუდოდ არ იყვნენ თავისუფალი საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლებსაც სექტემბრის ბოლოს ვადა ეწურებათ.
რაც შეეხება ქალბატონ იმერლიშვილს, როგორც ვიცი ის რამდენიმე წელი ”რესპუბლიკურ” პარტიაში გავლენიან თანამდებობაზე იყო, შემდეგ გარკვეული ხანი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად და მითუმეტეს თავმჯდომარედ, პოლიტიკურად და პარტიულად აფილირებული პირი?! ნუთუ საქართველოში არ მოიძებნა პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალკვალიფიცური იურისტი? პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი მეორე კანდიდატი ხომ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს?! შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ იმერლიშვილის ამ თანამდებობაზე გაყვანაში გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური ინტერესები შეიძლება იყოს ჩადებული.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პასუხი გასცა ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას რომ მას, როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ”თითი თითზე არ დაუკრავს”. ფაქტია, რომ უსუფაშვილის პასუხი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. მან ასევე ურჩია ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობას ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ მიაწოდოს, რადგან ”პოლიტიკურ სივრცეში ვაკუუმია”, არ უნდა რომ ქვეყანა უავტორიტეტო პიროვნების ამარა დარჩეს. კაცმა რომ თქვას, უსუფაშვილმა საკმაოდ საინტერესო რამ თქვა – ვითარებაში, როცა ამდენი ხალხი იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ქვეყანაში ”პოლიტიკური ვაკუუმია”. ქართულ პოლიტიკურ მოედანზე პოლიტიკაში კაშკაშა ფიგურების ნაკლებობა რომაა, ისედაც ჩანს, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენადაა ”პოლიტიკურ სივრცეში ვაკუუმი”?
– ჩემი აზრით, არავითარი პოლიტიკური ვაკუუმი ქვეყანაში არ არსებობს. რა მაჩვენებლებია პოლიტიკურ ვაკუუმის? პოლიტიკური ინსტიტუტები მეტ-ნაკლებად გამართულად მუშაობენ, გამოკითხვების თანახმად, 4-5 პოლიტიკურ პარტიას შეუძლია პარლამენტში მოხვედრა და არჩევნებზე უპრეცენდენტოდ პლურალისტული გარემოა.
გვყავს ისეთი პოლიტიკური ფიგურები როგორიც გვყავს და როგორიც შეესაბამება ჩვენს პოლიტიკურ კულტურას ამ ეტაპზე. „კაშკაშა ფიგურების“ ნაკლებობა ახსენეთ და შეგახსენებთ, რომ ყველაფერი რაც ბრჭყვიალებს ოქრო არ არის. უსუფაშვილის განცხადება ერთგვარი სტილია, დამახასიათებელი ცალკეული პარტიებისათვის, რომ მოახდინონ სიტუაციის უტრირება და გამწვავება პოლიტიკური მიზნით.
სხვათა შორის, თუ ჩვენს უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, განცხადებები პოლიტიკურ და სახელისუფლებო ვაკუუმზე კეთდება სრულიად გამიზნულად, არსებული ხელისუფლების დელეგიტიმაციისა და დემორალიზაციის მიზნით.
დავით უსუფაშვილმა პოლიტტექნოლოგიურად სწორი ტაქტიკა აირჩია, როდესაც დოკუმენტების მოშველიებით გასცა პასუხი კრიტიკას. მაგრამ სად არის ხელისუფლების მყისიერი პასუხი? მმართველი პარტია მოგვიანებით ალბათ რაღაც პასუხს გასცემს, მაგრამ ამ პასუხს დიდწილად უკვე ფასი და ძალა დაკარგული ექნება.
შსს-ს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით ”მოსალოდნელ პროვოკაციებზე”. თქვენი დაკვირვებით, 2016 წლის არჩევნების მიმდინარეობისას, ან მის შემდეგ, რამდენად დიდია პროვოკაციების ალბათობა?
– შს-ს მინისტრმა, ახსენა „რიგი პარტიები,“ რაც ნიშნავს, რომ ამ პროცესში ჩაბმულია არაერთი პოლიტიკური ძალა. არ მაქვს საფუძველი არ ვენდო მის განცხადებებს. ასეთი საჯარო განცხადებები ასე ჰაიჰარად არ კეთდება.
ჩემი აზრით, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ პროვოკაციების ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგანაც ამაზე ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროებიდან. მინისტრმა ფაქტიურად მინიშნება გააკეთა „ფერადოვანი რევოლუციის“ მზადებაზე და ამის მოსურნე პოლიტიკურ ძალებს, ვისზედაც ეჭვი აქვს საზოგადოებას, საამისოდ აქვთ რესურსები, კონტროლირებადი მედიიდან და ფინანსებით დაწყებული, საერთაშორისო კავშირებით დამთავრებული.
ერთი რაც მათ ჯერჯერობით არ აქვთ, ეს არის ფართო მასების მხარდაჭერა. თუმცა, პასიონარულ უმცირესობას ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებით შეუძლია მოსახლეობის მერყევი ნაწილის მიმხრობა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვისურვებდი რომ ხელისუფლებამ დასაშვების ფარგლებში ამ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო დამკვირვებლებსაც.
მე აუცილებლად მინდა ერთი რამ აღვნიშნო. ყველა ის პოლიტიკური პარტია თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ვინც პირდაპირ ან ირიბად ჩაერთვება ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობის პროცესში, კარგ სამსახურს გაუწევს ჩვენს არაკეთილმოსურნეებს. იმიტომ, რომ არჩევნების ჩაშლა, ქვეყნის განვითარების კონსტიტუციური ციკლის მორიგი დარღვევა და რევოლუციის თანმდევი გარდუვალი შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივად გადააქცევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო ინვესტორებისათვის არახელსაყრელ ქვეყანად წარმოაჩენს. როგორ ფიქრობთ, ვის აძლევს ეს ხელს?

”ინტერპრესნიუსი”

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...