25/04/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სტაჟირებას იწყებს

თბილისის მერია ახალი პროგრამის “დაიწყე კარიერა” განხორციელებას იწყებს. პროგრამის პრეზენტაცია მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გამართა.

პროგრამის ფარგლებში თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მათი განათლების პროფილისა და პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით, სთავაზობს სამთვიანი პრაქტიკის გავლას მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში.

თბილისის მერიის ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტთა ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების სრულყოფას და მათ მომზადებას დასაქმებისა და კარიერული ზრდისთვის. ამ ეტაპზე განსაზღვრულია 600-მდე სტუდენტის პროფესიული პრაქტიკა.

პროგრამა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დასაქმებას საჯარო სამსახურში.

„მერიის ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას, გულისსხმობს მერიის დაქვემდებარებულ შპს-ებში, და აიპ-ებში დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სტაჟირებას. პირველ ეტაპზე ჩვენ სამთვიანი სტაჟირების საშუალებას მივცემთ 600-მდე სტუდენტს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გია შერვაშიძის განცხადებით, თბილისის მერიის ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯია, რათა მოხდეს სტუდენტის დაკავშირება მომავალ დამქირავებელთან.

სტაჟირების პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მერიის დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სტაჟირების მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა, რომელიც სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმებთან ერთად მერიის ვებ-გვერდზე: www.tbilisi.gov.geმომავალ კვირაში განთავსდება.