ბოლო სიახლეები

ქართულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა აქვთ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების მოცულობა მაქსიმალურ ზღვრამდე გაზარდა. თუ ზაფხულში სებ-ი მუდმივმოქმედ და ერთდღიან სესხს, პრაქტიკულად, არ გასცემდა, აგვისტოს ბოლოდან ჯერ ერთდღიანის, შემდეგ კი დამატებით მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხების გაცემა დაიწყო. გასულ კვირას სებ-მა ჯამურად 830 მლნ ლარის სესხი გასცა. ეს ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა აქვთ.

სებ-ი ცდილობს საბანკო სექტორს დანაკლისი შეუვსოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა მთავარი ისაა, რეფინანსირების სესხების მოცულობამ ქადაგიძის მმართველობის დროინდელ მაჩვენებელს არ მიაღწიოს და 1 მილიარდ ლარს არ გადააჭარბოს. ეს გარკვეულწილად წარსულში დაბრუნებას ნიშნავს.

სებ-ის ოფიციალური სტატისტიკით წელს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რეფინანსირების სესხი სულ 20-ჯერ გაიცა. 19 აგვისტოს სებ-მა 760 მლნ ლარის რეფინანსირების სესხი გასცა, მას შემდეგ მუდმივად ზრდიდა და ბოლო აუქციონზე, რომელიც 15 სექტემბერს გაიმართა, 800 მლნ ლარამდე ავიდა. ამავე პერიოდში სებ-ი პერიოდულად გასცემდა ერთდღიან და მუდმივმოქმედ სესხებსაც, თუმცა მინიმალური ოდენობით. 19 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე ერთდღიანი 7-ჯერ გაიცა, მუდმივმოქმედი კი – 4-ჯერ. საბოლოო ჯამში, ამ პერიოდის განმავლობაში, ბაზარზე ნაღდი ფულის მოცულობა 2,754 მლრდ ლარიდან 2,813 მლრდ ლარამდე ავიდა. მთლიანად წლის განმავლობაში კი ნაღდი ფულის მოცულობა 309 მლნ ლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი – რეფინანსირების სესხები – 2008 წლის სექტემბრიდან აამოქმედა. მისი მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. “ეროვნული ბანკი არის ლარის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად, მას აქვს საშუალება რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს”, – აღნიშნავენ სებ-ში.

რაც შეეხება მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხებს, იგი 2010 წლის აპრილიდან ამოქმედდა. მისი საშუალებით კომერციულ ბანკებს საშუალება აქვთ, მიიღონ სესხი გარანტირებულად, აუქციონის გარეშე.

ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებს ყოველ ხუთშაბათს გასცემს, მუდმივმოქმედ სესხებს – “საჭიროებისამებრ”, ერთდღიან სესხებსაც, “საჭიროებისამებრ” ყოველდღიურად.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ დავით ასლანიშვილის განცხადებით, წინა წლებში რეფინანსირების სესხების ზრდა სახელმწიფოს მიერ შიდა ვალის მატებას უკავშირდებოდა. ახლა კი, როდესაც ბოლო თვეებში სესხის მოცულობა ისევ გაიზარდა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბანკები ლიკვიდობის პრობლემის წინაშე დგანან.

“რეფინანსირების სესხის მოცულობა ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად და საგანგაშოდ გაზრდილი ნამდვილად არ არის, შარშან ამ დროს 1,2 მლრდ ლარიც კი იყო. ზაფხულში ასეთი მატება სეზონურ ფაქტორს უკავშირდება. ცნობილია, რომ ზაფხულის თვეები კომერციული ბანკებისთვის, როგორც წესი, არის მკვდარი სეზონი. ხალხი მიდის დასასვენებლად და ბანკებიდან გამოაქვთ როგორც მიმდინარე ანგარიშზე არსებული თანხა, ასევე ანაბრების ნაწილიც. ხალხი ხარჯავს ფულს. კომერციულ ბანკებს კი იმ პერიოდში დასაკრედიტებელი ობიექტებისთვის რესურსი აღარ რჩებათ.

ახლა კი სიტუაცია ასეთია: მიმოქცევაში ლარის მასა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამასთან, ფინანსთა სამინისტროს გამოშვებული აქვს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიც. შედეგად გვაქვს სიტუაცია, როდესაც რამდენჯერმე დაანონსებული ლარის გამყარების ამბავი არის არარეალური. ეროვნულ ვალუტას დაკარგული აქვს მთავარი ფუნქცია – ნდობა”, – განუცხადა “ბაზნეს-რეზონანსს” ასლანიშვილმა.

ახლა მთავარი ისაა, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობა გიორგი ქადაგიძის მმართველობის დროინდელ მაჩვენებლამდე არ ავიდეს: “თუკი მოცულობა 1,2 მლრდ ლარამდე გაიზარდა, მაშინ რთული იქნება პროგნოზი და მიზეზის ძიება. დღეს რომ ამ მოცულობამდე ჯერ ბევრი გვიკლია და ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსის მკვეთრი დაცემა არ მოხდება”, – დასძინა ასლანიშვილმა.

მაშინ, როდესაც კომერციული ბანკები სებ-ისგან იღებენ კრედიტს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბანკმა ვერ გათვალა თავისი ლიკვიდურობის პოზიცია: “რეფინანსირების სესხის ოდენობა ზრდა, ანუ მოთხოვნა კომერციული ბანკებისგან ნიშნავს, რომ ბანკმა ზედმეტი რესურსი გასცა სესხად ან დააბანდა აქტივებში. ძირითადი მიზეზი რეფინანსირების სესხის ზრდის მაინც არის ლიკვიდობის პრობლემა”, – განაცხადა ასლანიშვილმა.

საბანკო სფეროს სპეციალისტ გოჩა თუთბერიძის თქმით, დღეს რეფინანსირების სესხის ზრდის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის, ლიკვიდობის და ამიტომაც, სებ-ი ვალდებულია, ბანკებს დაეხმაროს. ეს არის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მექანიზმი.

“როდესაც კომერცულ ბანკებს ლიკვიდობასთან დაკავშირებით ექმნებათ გარკვეული პრობლემა, ისინი მიმართავენ სებ-ს და პრობლემის მოგვარების მიზნით, ის გასცემს ფულს. შეიძლება სესხის ზრდა განპირობებული იყოს იმით, რომ ბანკებს პრობლემა ჰქონდეთ რეზერვებთან დაკავშირებით. მათ აქვთ რამდენიმე ნორმატივი: ერთ-ერთი არის მიმდინარე ლიკვიდობის ნორმატივი, ანუ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, ერთ წლამდე მოზიდული სახსრების 30% ჰქონდეთ დარეზერვებული. როდესაც ამ ნორმატივის დაცვას ექმნება საფრთხე, ისინი იღებენ რეფინანსირების სესხს, რათა ეს ნორმატივი შეასრულონ. სხვა შემთხვევაში მათ მიმართ სანქციები ამოქმედდება”, – განაცხადა გოჩა თუთბერიძემ.

არის შემთხვევა, როდესაც კლიენტს სურს ლარში სესხის აღება, ბანკს კი ეს ფული არ აქვს: “კომერციულმა ბანკმა ან უცხოური ვალუტის კონვერტაცია უნდა მოახდინოს, ან კიდევ დახმარებისთვის სებ-ს მიმართოს. ბანკები, ძირითადად, ერიდებიან კონვერტაციას, რადგან უკუკონვერტაცია ფინანსებთანაა დაკავშირებული.

ამიტომ ურჩევნიათ, მცირე პროცენტი გადაიხადონ და ცენტრალური ბანკიდან ერთდღიანი ან 7-დღიანი სესხი აიღონ. ამისთვისაც იყენებენ რეფინანსირების სესხებს.

ასე რომ, რეფინანსირების სესხის მოცულობის ზრდის რამდენიმე მიზეზი არსებობს და კონკრეტულად იმის თქმა, თუ დღეს რატომ გაიზარდა, რთულია. მთავარი მიზეზი ლიკვიდობის პრობლემის აღმოფხვრაა”, – დასძინა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას გოჩა თუთბერიძემ.

წყარო: “რეზონანსი”

 

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

ბათუმში ხვალიდან თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ხვალიდან მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტის ხუთი ახალი ელექტროავტობუსი მოემსახურება, რამდენიმე ...