ბოლო სიახლეები

„სარისკო თამაშს თამაშობს ხელისუფლება, როდესაც ყველაფრის დაგვირგვინებას 5 ოქტომბრის გრანდიოზული მიტინგით აპირებს“

ვანო მერაბიშვილის ფრთიან ფრაზას „ორი გვამი მჭირდება“, დათა ახალაიას ხატოვანი მოწოდება მოჰყვა – „მეტი დაკავებული, მეტი პრემია“.

900-ათასლარიანი პრემია დარბევის სანაცვლოდ მხოლოდ ახალაიას კუდ-ის თანამშრომლებისთვის, უამრავი დაზარალებული და დასისხლიანებული, შენობის სახურავზე შემოდებული გვამები. თუმცა ეს საქართველოა და, როგორც სტალინურ რეპრესიებს ჰყავს გამმართლებლებიც და მოწინააღმდეგეებიც, ნაციონალურ ბანაკში გადაბარგებული ადამიანებიც იწონებენ ჩეკისტურ აგრესიას საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

„სპეცრაზმმა იმუშავა ისე, როგორც ნორმალური სახელმწიფოს სპეცრაზმი იმუშავებდა“,- ამ სიტყვების ავტორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წამომადგენელი მამუკა გამყრელიძეა, რომელსაც ავიწყდება, რომ ნორმალურ ქვეყნებში ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც უფრთხიან, არათუ ხელფეხშეკრული ადამიანების ხოცვას.

წაადგება თუ არა 26 მაისის მიტინგის დაშლის მორიგი ვიდეოს ჩვენება „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო რეჟიმში მაშინ, როცა მოვლენების კომპლექსური შეფასება არ მომხდარა და ნებისმიერ ნაციონალს უფლება აქვს, „ანტისახელმწიფოებრივი მიტინგის“ დარბევა საკუთარ სიუზერენს დადებით მოვლენად ჩაუთვალოს?! ამ შეკითხვით დავიწყეთ საუბარი პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან.

ვახტანგ ძაბირაძე: მე არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს მამუკა გამყრელიძე, მაგრამ ეს არ იყო დაშლა, ეს იყო პირდაპირი მიმართულებით მიტინგის დარბევა, ეს იყო დასჯა და არა -დაშლა. თუ ვინმე ცდილობს სპეცნაზელთა ქმედება გაამართლოს რაღაც იურიდიული დოკუმენტებით, ეს სწორი საქციელი არ არის. 2011 წლის 26 მაისის პროცესების განხილვა შეუძლებელია იმ დროს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებისგან დამოუკიდებლად. თანაც, ეს არ ყოფილა ერთეული შემთხვევა. 2007 წლიდან მოყოლებული, სპეცრაზმის ოპერაციები მოსახლეობისა და ხალხის წინააღმდეგ თანდათან იხვეწებოდა სწორედ დაშინება-დასჯის კუთხით და არა – წესრიგის აღდგენის მიმართულებით. გარდა ამისა, ალბათ, მაინც საჭირო იყო არა ამ კადრების ჩვენება, არამედ მთლიან კონტექსტში განხილვა იმისა, რაც ხდებოდა მაშინ ქვეყანაში.

რამდენად იმუშავებს ეს „ქართული ოცნების“ პოპულარიზაციის მხრივ, ან რამდენად მომგებიანია დღეს „ქართული ოცნებისთვის“ ეს კადრები?! მოდით, ასე ვთქვათ, სტრატეგია, რომელიც „ოცნებამ“ აირჩია, ნიშნავს, რომ მოსახლეობას შეახსენონ, ან მათ დასანახად წარმოაჩინონ, თუ ჩვენ არ მოვალთ, ისევ ნაციონალები დაგიბრუნდებიან. ანუ ცდილობენ, გააცოცხლონ „ნაცმოძრაობა“. სამწუხაროდ, სწორედ ამ კონტექსტში ჯდება ეს კადრები. ეს არ ნიშნავს, რომ სამართლებრივი მხარე არ აინტერესებს ხელისუფლებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხელისუფლება შეეცადა, ერთმანეთისთვის დაემთხვია ეს ორი ფაქტი და აემუშავებინა ეს მომენტი მეტი ხმის მიღების სასარგებლოდ.

არა მგონია, ამით მომგებიანი სვლა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, პირიქით, შეიძლება, ამან მის საწინააღმდეგოდაც იმუშაოს, რადგან ყველა ხვდება, რომ ამ საკითხის გამოყენება მარტო სამართლებრივ კი არა, პოლიტიკურ კონტექსტშიც ხდება. მეორე და მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი კადრების ჩვენებამდე ისედაც ვიცოდით და, მესამე, გუშინ რომ არ აღმოაჩინა ეს ვიდეოფირი პროკურატურამ, ამასაც ყველა ხვდება. აქედან გამომდინარე, მეეჭვება, რომ ამით „ქართული ოცნება“ რაიმე ქულებს დაიწერს ამომრჩევლის თვალში. მოსახლეობა წარსულის ამ ფენომენს შეეჩვია, დღესდღეობით საარჩევნო ბობოქრობა მიმდინარეობს მხოლოდ მედიასაშუალებებში, მაგრამ ქვეყანაში და, ზოგადად, მოსახლეობაში ეს აქტიურობა დიდად არ იგრძნობა. საერთოდაც, სხვათა შორის იგრძნობა, რომ არჩევნები მოდის. არანაირი დაძაბულობა ამ მხრივ არ არის, მით უმეტეს, „ნაციონალების“ გაცოცხლება, მათი მტრად წარმოჩენა და ამით მოსახლეობის დაშინება, რომ არჩევნებზე მივიდნენ და მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ, მე მგონი, ფუჭი მცდელობაა.

სავარაუდოდ, ოთხი წელი, ჰქონდათ ეს ჩანაწერები და ამდენ ხანს არ დადგა ამ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. არავინიცის, რამდენად სანდოა თეა თუთბერიძის ნათქვამი, მაგრამ თუთბერიძე აცხადებს, რომ ეს მასალა ოცნების წარმომადგენლებსარაერთ ევროპულ სასამართლოზე ჰქონდათ წარდგენილი და დემოკრატრიის დასასრულად ევროპელებს ეს ფირები არჩაუთვლიათ. ამას ემატება არასამთავრობოების საყვედურიც, რომ კადრების ჩვენება არ უნდა დაემთხვიათ წინასაარჩევნოპერიოდისთვის. თუმცა ესეც საკითხავია, რა უფრო დიდი დანაშაულია, რაც იმ კადრებში ისმის, თუ კადრების ჩვენებისთვისშერჩეული არასწორი პერიოდი?

– თუ სამართლებრივ მხარეს გულისხმობენ არასამთავრობოები, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამის ჩვენება დანაშაულია, ეს არ გახლავთ სწორი შეფასება. იურიდიული თვალსაზრისით, ეს არანაირი დანაშაული არ არის, მაგრამ იმის თქმა, ეს ფირი ახლა აღმოვაჩინეთ და იმიტომ ვაჩვენეთო, გულუბრყვილობაა. არა მგონია, იმდენად გულუბრყვილო იყოს ჩვენი საზოგადოება, ეს დაიჯეროს. მე არ ვგულისხმობ ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ხელისუფლების ყველა საქციელს ამართლებენ და მხარს უჭერენ, არც მედროვეებს ვგულისხმობ. პოლიტიკური თვალსაზრისით, ალბათ, „ოცნებაში“ ვიღაც თვლის, რომ ამ კადრების ჩვენება თუ არ მოუტანს ქულებს, არც დააკარგვინებს. მე მგონი, დღეს ასეთი მიდგომაა „ქართულ ოცნებაში“ და მცდარად ფიქრობენ, მოდით, გავუშვათ ეს ფირები და, რაც იქნება, ის იქნება.

სავარაუდოდ, წინასაარჩევნო პერიოდისთვის კიდევ ექნებათ მსგავსი ფირები შემონახული.

– ალბათ, მაგრამ ძალზე სარისკო თამაშს თამაშობს ხელისუფლება, როდესაც ამ ყველაფრის დაგვირგვინება სურს 5 ოქტომბრის გრანდიოზული მიტინგით, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ სახიფათოა, რადგან დღეს 2012 წლის ვითარება არ არის. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მან შეაცდინა სააკაშვილი და 2012 წელს სტადიონზე ხალხი შეაკრებინა, თუმცა ამ მახეში დღეს შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ თვითონვე გაიბას საკუთარი თავი. თუნდაც რეგიონების ხარჯზე მოახერხონ 5 ოქტომბრის მიტინგის ორგანიზება, მაინც ჩემი რჩევა იქნება, ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ამგვარი სარისკო ნაბიჯებისგან. 2012 წლის პერიოდის განმეორება ყოველთვის დიდი რისკის და მარცხის შემცველია. გულწრფელად ვამბობ, ნამდილად არ მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადოს, რადგან ძალიან მაშინებს შემდეგი ოთხი წელი.

ადრე ჩვენთან საუბრისას ბრძანებდით, რომ ჩვენ განვლილი 20 წლის შეფასებაც ვერ მოგვიხერხებია და არ ვიცით, რა გვჭირს,გამუდმებით რატომ ვტრიალებთ ამ წრეზე. ოფიციალურ დონეზე ჩვენ არ შეგვიფასებია ჩვენი უახლესი ისტორია და ვერგავრკვეულვართ 26 მაისის მიტინგის რეალური მიზანი რა იყო. ამით ძალიან კარგად სარგებლობენ ნაციონალები და აქვთაპელირების საშუალება, რომ 26 მაისის ანტისახელმწიფოებრივი მიტინგის დაშლის ფაქტი თურმე დადებითი მოვლენა იყო.ასევე ხდებოდა 2007 წელსაც, როცა 7 ნოემბრის მიტინგი ბადრი პატარკაციშვილის ანტისახელმწიფოებრივ ზრახვებსდაუკავშირეს და ზუსტად იმ პერიოდში ბადრის მისამართით გამუდმებით ტრიალებდა ნაციონალების სკაბრეზულივიდეორგოლი -„ბადრის რა“… „ქართულ ოცნებას რომ ამ ფაქტების კომპლექსური ანალიზი მოეხდინა, არ გაქრებოდალექსიკიდან ანტისახელმწიფოებრივი მიტინგების ცნება?

– როდესაც ფრაგმენტულად ხდება საკითხების წამოწევა, როცა მოვლენების განვითარების პოლიტიკური შეფასება არ მიმინარეობს და ამას არ აქვს ერთიანი ბაზა, იშვიათად რომ ხელისუფლება მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში, მარტო ეს შეფასება არ კმარა, მაშინ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და მონოპოლია აღადგინოს მედიაზე, დაიწყოს რეპრესიები ისევე, როგორც ამას თავად „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა. ამიტომ, თუ ხელისუფლებას უნდოდა ნაცმოძრაობის შეფასება, ეს უნდა მომხდარიყო ძალზე სერიოზული კვლევების, ანალიზის საფუძველზე, რაც საკმაოდ რთული, შრომატევადი პროცესია.

თუნდაც ისტორიკოსების დონეზე?

– ისტორიკოსებს, პოლიტოლოგებს, ექსპერტებს, იურისტებს-მთლიანობაში უნდა შეეფასებინათ პროცესი, თუ როგორ მოვედით 2007-დან 2011 წლამდე. 2007-ის დარბევებში არ ვგულისხმობ მხოლოდ რიყეს, არამედ -რუსთაველზე დარბევას. თუმცა იმავე დღეს რიყეზე მომხდარ დარბევას უკვე სულ სხვა ელფერი ჰქონდა. რა „ევოლუცია“ გაიარა პოლიტიკურმა სპექტრმა და სახელმწიფომ 2007-დან 2011-მდე, თუნდაც ეს პერიოდი აეღოთ და მთლიანობაში განეხილათ. არა მარტო სამართლებრივი, რეპრესიული მიმართულებით, არამედ საკანონმდებლო მიმართულებით, საკადრო მიმართულებით. ეს ხელისუფლება იქნება, თუ სხვა ხელისუფლება, ცალკე ფრაგმენტებით საზოგადოების დამუხტვა შეუძლებელია, ეს არ მუშაობს. განა ვინმესთვის მოულოდნელი იყო, რომ მსგავსი ბრძანებები გაიცემოდა? დათა ახალაიას ბრძანებულების ამსახველი კადრები მხოლოდ იურიდიული დასაბუთებაა იმისა, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, თორემ პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ეს ისედაც ნათელი იყო, რომ ვიღაცა ბრძანებას გასცემდა. აბა, რას იზამდა?

თუკი გასცემდნენ ბრძანებას ორი გვამის საჭიროების თაობაზე, რატომ არ გასცემდნენ ამ ბრძანებას?

– რასაკვირველია, რა პრობლემა იყო? ამიტომ ეს კადრები გულგატეხილ ამომრჩეველს უკან არ მიაბრუნებს. პოლიტიკური თვალსაზრისით, არ მუშაობს მოვლენების ასეთი მიწოდება. ეს ხმებს არ მოიტანს. ამას სჯობდა, მეტი ელაპარაკათ პოლიტიკურ პროგრამაზე.

ალბათ, ამიტომაც გვესმის სარკასტული გამოხმაურებებიც, „გოგა ხაინდრავას ფილმით გვიჩვენებთ გიგა კვინტრაძე ვინ მოკლა?“პარალელურად, ნინო ბურჯანაძეს აინტერესებს, რატომ არის ოცნებისსიის ერთერთ მთავარ სახედ ადამიანი, რომელიცამერიკის ელჩთან ერთად, იყო მწვანე შუქის მიმცემი 26 მაისის აქციის დარბევისას? საუბარია თამარ ჩუგოშვილზე.

– მე არ ვიცი ეს ფაქტი და ვერ გეტყვით, რამდენად სწორია ნინო ბურჯანაძე. შეიძლება, ჩუგოშვილმა რაღაც გამართლება მისცა ხელისუფლებას, მაგრამ ის, ალბათ, მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ წარმოადგენდა. თუმცა ძალიან გაზვიადებულად მიმაჩნია, რომ ჩუგოშვილი შუქნიშანთან იდგა და მწვანე შუქს უნთებდა ადამიანების ხოცვასა და დარბევას. ამერიკის საელჩოს რაც შეეხება, მათთან ცოტა სხვა ურთიერთობა ჰქონდათ „ნაციონალებს“. ამიტომ ასეთი კითხვები რომ არ გაჩნდეს და ცალკეული პიროვნებების დადანაშაულება არ მოხდეს, ყველაფერს პასუხს გასცემდა მოვლენათა პოლიტიკური ანალიზი. როგორ გგონიათ, ჩუგოშვილის ჭკუაზე დადიოდა ამერიკის საელჩო? მახსოვს, მაშინდელი ელჩის განცხადება, რომელმაც 26 მაისის პროცესებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არც მხარი დაუჭირა და არც გააკრიტიკა ხელისუფლება. ამერიკის საელჩო მაშინ შეეცადა, არც მწვადი დაეწვა, არც შამფური და ამ პროცესებისგან გვერდზე გადგა. ესეც გასარკვევია. პოლიტიკურ პროცესებში ყველა ეს ფაქტი მოიყრიდა თავს და გავარკვევდით, რა უნდოდა ხელისუფლებას, რას მოითხოვდნენ მომიტინგეები, რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი, რატომ იყო ეს დარბევა და არა დაშლა? ასეთ შემთხვევაში, კითხვები ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით მოიხსნებოდა.

წყარო: for.ge

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...