ბოლო სიახლეები

მამუკა არეშიძე – “ვერ ვიტყვით, რომ მთელი საქართველო რუსეთთან უვიზო რეჟიმზეა ჩამოკიდებული”

“მოსახლეობის ნაწილი სერიოზულ იმედებს ამყარებს იმაზე, რომ რუსეთთან ვაჭრობით სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ ეს უფრო ნოსტალგიური განწყობაა, ვიდრე რეალობა,” – ამბობს პოლიტოლოგი, კოფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას და დასძენს, რომ უვიზო მიმოსვლა, რომლის აღსადგენადაც მუშაობა უკვე დაწყებულია, არც ისეთი დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ამას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფიქრობს.

მამუკა არეშიძე  რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასაც ეხმაურება იმის თაობაზე, რომ რუსეთსა და საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე დიალოგის გაგრძელებითაა დაინტერესებული.

ჩვენს კითხვაზე, არსებული ფორმატების გაგრძელებაზეა საუბარი, თუ ახლის შექმნაზე, არეშიძე გვპასუხობს, რომ ამ განცხადებაში არსებული ფორმატის გაგრძელებაზეა ლაპარაკი, თუმცა პერსპექტივაში სხვა ფორმატებიც იგულისხმება.

რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატმა ხაზი გაუსვა ახალი ფორმატების შექმნის აუცილებლობასაც პარლამენტის დეპუტატების დონეზე. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოსთან თუნდაც 90-იანი წლებისთვის არსებული ურთიერთობის აღდგენას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხრიდან მუდმივად ისმის საყვედურები ოკუპაციასთან დაკავშირებით, ამ მცდელობას მაინც ჯიუტად აგრძელებენ.

როგორც ჩანს, ეს რუსეთის ხელისუფლების ახალი პოლიტიკა, ახალი “რბილი ძალაა”. ანუ, ამ “რბილი ძალის”, ამ იდეოლოგიის ნაწილია. ასე რომ, აქ გასაკვირი არაფერია. მოვლენების ასეთი განვითარებისათვის მზად უნდა ვყოფილიყავით.

ქართული მხარის მზაობაზე რას იტყვით, ელით თუ არა, რომ ახალი პარლამენტის პირობებში აქედანაც მეტი აქტიურობა იქნება?

 არსებობს ტერმინი პოლიტიკური მიზანშეწონილობა. თუ ჩვენ შედეგზე ორიენტირებული პროექტი გვაქვს, მაშინ იქ ყველა შეხვედრა აუცილებელი და საჭიროა. ხოლო თუ ასეთი პროექტი არ გაგვაჩნია, მაშინ შეხვედრებს შეხვედრისთვის აზრი არ აქვს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ხელს არ გვაძლევს შეხვედრები შეხვედრებისთვის.

აი, მაგალითად, ჟენევის მოლაპარაკებებით ხშირად ვერანაირ შედეგს ვერ ვიღებთ, მაგრამ ეს სხვა მომენტია. ჟენევის მოლაპარაკებები საჭიროა თუნდაც იმისთვის რომ იგი შედეგს დღეს თუ არა, მიმავალში მაინც მოგვცემს. რაც შეეხება უშუალოდ ქართულ-რუსულ შეხვედრებს, აუცილებელია თითოეული შეხვედრა კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული იყოს. კონკრეტული პროგრამა და ინიციატივები უნდა გვქონდეს, რომლებიც შეიძლება იმავე შეხვედრაზე არ გადაწყდეს, მაგრამ სამომავლოდ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ჩვენი მთავარი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, აქედან გამომდინარე, ყველა საკითხი ამ თემას უნდა უკავშირდებოდეს. შეიძლება პირდაპირ ბმაში არ იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ მიზანს მოხმარდება.

მაგალითად, ვაჭრობის თემა. ეს საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ ასეთი ტიპის ურთიერთობა ნოყიერ ნიადაგს ამზადებს მომავალში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის და არსებული რეალობის შესაცვლელად. რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი გააზრებული და სწორად დაგეგმილი იქნება.

რომელი თანამდებობის პირების დონეზე უნდა შედგეს ეს შეხვედრები?

 კარგი კითხვაა. ამ ტიპის ფორმატი რამდენიმე შეიძლება შეიქმნას. თუმცა, თითოეული მათგანი კონკრეტული გეგმის რეალიზაციას უნდა ემსახურებოდეს. ეს გეგმა შეიძლება დროში გაიწელოს, მაგრამ აუცილებელია, რომ მის შესასრულებლად ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ. როცა უფრო მაღალი დონის შეხვედრა გახდება საჭირო, მაშინ უკვე პრემიერების ან პრეზიდენტების ვიზიტიც შესაძლებელია.

ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენაზე მუშაობს. იყო მოლოდინი, რომ ეს პროცესი უფრო დინამიურად წარიმართებოდა. რატომ გაიწელა?

ეს თემა ნამდვილად დროშია გაწელილი, წერტილი ჯერ არ დასმულა. ყველა ასეთი ტიპის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ვითარებასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც საქართველოში იღებენ.

მაგალითად დღეს, როცა ვიზალიბერალიზაციის პროცესის გააქტიურებას ველოდით, უცებ ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო შესყიდვების სამსახური საქართველოს ტერიტორიაზე იმ ცნობილი ბაზების ასაშენებლად კონკურსს აცხადებს – ნატოს საწვრთნელ ბაზებს ვგულისხმობ.

საქართველოს ზოგიერთი უწყება კი ამბობდა, რომ ეს ქართული პროექტია, რომელიც საქართველოს ბიუჯეტის ფულით აშენდებოდა. თუკი ამ პროექტის რეალიზაცია აშშ-ს ფულით ხდება, მაშინ აბსოლუტურად სხვა პროდუქტთან გვაქვს საქმე.

რასაკვირველია, ეს მოსკოვში აღიქვეს ამერიკის მიერ ნატო-ს ან აშშ-ს საწვრთნელი ბაზის მშენებლობად და შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა. ანუ, თითოეულ ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, რუსეთიდან კონტრნაბიჯი მოჰყვება. შესაბამისად, რუსეთის მიერ კავკასიაში გადადგმული გეოპოლიტიკური ნაბიჯი პასუხია საქართველოს ხელისუფლების, ან მისი დასავლელი პარტნიორების ქმედებაზე.

ესაა პროცესი, რომელიც კონტრღონისძიებებისაგან შედგება. ამიტომ, ნუ გაგვიკვირდება, რომ ზოგიერთი ჰუმანიტარული პროცესი დროში იწელება. მაგალითად უვიზო რეჟიმი.

საქართველოსთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია – რუსეთთან უვიზო რეჟიმი, თუ იმ ბაზების აშენება?

 ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, რასაკვირველია, იმ საწვრთნელი ბაზების აშენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების პროექტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ფრანგებთან ერთად ანხორციელებს.

რუსეთთან ვიზალიბერალიზაცია კი საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილის დაკვეთაა. ვერ ვიტყვით, რომ მთელი საქართველო რუსეთთან უვიზო რეჟიმზეა ჩამოკიდებული. მართალია, მოსახლეობის ნაწილი სერიოზულ იმედებს ამყარებს იმაზე, რომ რუსეთთან ვაჭრობით სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ ეს უფრო ნოსტალგიური განწყობაა, ვიდრე რეალობა.

მაგალითად, დღევანდელი მონაცემებით, რუსეთთან ვაჭრობით მიღებული თანხა ბევრად ნაკლებია, ვიდრე ტურისტების მიერ დატოვებული. ვგულისმობ არა რუს ტურისტებს, არამედ მაგალითად არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულებს. ასე რომ, ეს არაა გადამწყვეტი, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია და მისი გაძლიერება, ანუ რუსეთთან ვაჭრობის გააქტიურება, აუცილებელია.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რუსეთს ახლა ალკოჰოლურ სასმელზე და მათ შორის ღვინოზე აქციზი შემოაქვს. ასე რომ, ქართული ღვინის ფასი გაიზრდება, მყიდველთა რიცხვი კი, შესაბამისად, დაეცემა. გარდა ამისა, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანაც პრობლემებთანაა დაკავშირებული, რადგან რუსებმა თურქეთიდან აღადგინა იგივე პროდუქტის შეტანა და ის ბევრად იაფია, ვიდრე ქართული.

ამიტომ, ეს ყველაფერი მარტივი არაა და ჩვენ აუცილებლად სხვა ფორმებზე უნდა ვიფიქროთ. რუსეთთან ვიზალიბერალიზაცია არაა მთავარი, მთავარი ისაა ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით სწორად ვიმოქმედოთ.

რას გულისხმობთ სწორად მოქმედებაში?

 დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს ოქროს შუალედი დაიცვას დასავლეთსა და რუსეთს შორის. ძალიან კარგია და ეს პუნქტი პირველია. პუნქტი მეორე კი ისაა, რომ გაჩერებული არ უნდა იყო და არ უნდა გეშინოდეს, რომ რამე არ მოხდეს.

ისეთი ტიპის ინიციატივები უნდა გქონდეს, რაც შენ პარტნიორებსაც და მოწინააღდეგეებსაც აიძულებს შენთან უფრო პრაგმატული დიალოგის ფორმატი შექმნას. ასეთი ინიციატივების საშუალება გვაქვს. ოღონდ ეს ინიციატივები კონსოლიდირებული და ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერილი უნდა იყოს.

ეს ნაბიჯები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აგრესიული. მაგალითად, “ნაცმოძრაობის” ასეთი ინიციატივა იყო თავის დროზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარება – ეს იყო აგრესიული და არ იყო გათვლილი იმაზე, თუ რას მოუტანდა ეს საქართველოს. მხოლოდ რუსეთის გამწარებაზე იყო გათვლილი. ასეთი ტიპის ნაბიჯები არ გვჭირდება.

შკშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განგაშის ზარებს უნდა შემოვკრათ იმის გამო, რომ “მკვეთრად პრორუსული პარტია” – “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში შევიდა. თქვენი აზრით, რატომ უწოდებენ “ალიანსს” ღიად პრორუსულ ძალას?

როცა ასეთი ტიპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთ განცხადებას აკეთებს, არგუმენტებიც უნდა მოიყვანოს – რაში გამოიხატება “პატრიოტთა ალიანსის” პრორუსულობა?

მთელმა “ნაცმოძრაობამ”, ოპოზიციის ნაწილმა და მათ შორის საქართველოში მოღვაწე ზოგიერთმა დასავლურმა სტრუქტურამაც “ქართულ ოცნებას” პრორუსულის იარლიყი კარგა ხნის წინ მიაკერა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბიძინა ივანიშვილს “ბორიას” გარდა სხვა სახელით არ მოიხსენიებენ, მაგრამ არანაირი არგუმენტი არ მოჰყავთ.

ასე რომ, ამ თემის მარგინალიზაცია ხდება უკვე. “ნაციონალურ მოძრაობას” ზუსტად ასეთი არაარგუმენტირებული განცხადებების ხარჯზე დააკლდა მხარდამჭერები და მის მიმართ საზოგადოებაში აგრესია გაიზარდა. სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გააქტიურდა განსაკუთრებულად დასავლეთთან ურთიერთობა, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შექმნის მხრივ, რაც რუსეთისათვის ძალიან გამაღიზიანებელია.

ასევე, არჩევნების შემდგომ ხშირად ისმის, რომ პროდასავლურმა პარტიებმა კრახი განიცადეს…

 ესეც მხოლოდ ნათქვამია ნათქვამისთვის. შეიძლება “ნაციონალური მოძრაობა” დასავლურ პარტიად ითვლებოდეს, მაგრამ მათი ზეობის პირობებში რუსეთს ყველაზე მეტად ეწყობოდა ხელი იმაში, რომ სამხრეთ კავკასიაში თავისი მდგომარეობა განემტკიცებინა.

საერთაშორისო მოლაპარაკების საფუძველზე, 2006 წელს რუსებმა ჯარები გაიყვანეს, “ნაცმოძრაობის” გაუაზრებელმა პოლიტიკამ კი 2008 წელს ეს ჯარი უკან დააბრუნა. აღარ ვლაპარაკობ ენერგოსისტემების რუსეთისათვის გადაცემაზე. დეკლარირებული პროდასავლური კურსი იყო, პრაქტიკული ქმედებებით კი რეგიონში რუსეთის გაძლიერებას ხელი ეწყობოდა.

“ოცნების” არც ერთი ნაბიჯი კი საქართველოში რუსეთის გაძლიერებაზე არ მეტყველებს. ერთი პატარა ნიუანსის გარდა – ვგულისხმობ “რბილი ძალის” გაძლიერების ფონს. თუმცა, სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია მეზობლის ასეთი ტიპის აქტივობებს მოუაროს, სახელმწიფო არაა.

არჩევნების შემდგომ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშიებით ორი იდეა გაჟღერდა – პარლამენტის თბილისში დაბრუნებასთან და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით. რამდენად მიზანშეწონილად და დროულად მიგაჩნიათ ამ იდეების განხორციელება?

 პარლამენტის თბილისში გადმოტანას აბსოლუტურად ვეთანხმები. თავიდანვე ქუთაისში გადატანის წინააღმდეგი ვიყავი. საქმე ისაა, რომ პარლამენტის შენობა არაფრად ვარგა. გარდა ამისა, იმ შენობის, თანამშრომლების შენახვა და დეპუტატების აქეთ-იქით ტარება უზარმაზარი ფული ჯდება. რატომ უნდა ვხარჯოთ ამდენი ფული ეფემერული შედეგისათვის?

არსებობს მეორე პროექტი ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე, რომელიც 10 ათას სტუდენტზეა გათვლილი და რომელმაც მუშაობა 2019 წელს უნდა დაიწყოს. თუ ეს პროექტი შედგა, ქალაქისათვის და რეგიონისათვის ბევრად მეტი დივიდენდის მომტანი იქნება, ვიდრე ეს პარლამენტის შენობა. მისი იქ ფუნქციონირებით მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ბინათმფლობელმა და ზოგიერთმა რესტორანმა იშოვნა ფული. მეტი რეგიონს არაფერი დასტყობია.

რაც შეეხება პრეზიდენტის პარლამენტის მხრიდან არჩევას, ეს დასაფიქრებელია. ვერ ვიტყვი, რომ წინააღმდეგი, ან მომხრე ვარ. ვფიქრობ დაფიქრება და კონსულტაციების გავლა ღირს. არ მინდა, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ დაკნინდეს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას, “ნაცმოძრაობა” არ უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, რომ ეს ქვეყანას დააქცევს. პარტია, რომელსაც ხელში საკუნსტიტუციო უმრავლესობაც ჰქონდა და ყველა სხვა ტიპის ძალაუფლებაც. უბრალოდ, ახლა ისინი ცდილობენ ამ თემისგან საფრთხობელა შექმნან და ელექტორატი თავის მხარეს გადმოიბირონ.

საქართველოში, სადაც არც პოლიტიკური კულტურაა მაღალი და არც დემოკრატიული ინსტიტუტებია ისეთი ძლიერი, რომ განსაკუთრებული პრეტენზიები ჰქონდეს, ვფიქრობ, აბსოლუტურად სულერთია ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ამას ერთი პლიუსიც კი აქვს – თუკი “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, ყველაფერზე პასუხისმგებელი ის იქნება და ვეღარ იტყვიან, რომ ვინმემ რამეში ხელი შეუშალათ.

ანუ, ამას დადებითი შედეგიც კი შეიძლება ჰქონეს?

კი, შეიძლება, თუკი “ოცნება” თავის მდგომარეობას სწორად გამოიყენებს, თუ ქვეყნის აღმშენებლობისათვის მყარ ბაზას შექმნის. საერთოდ, ყველაფერზე შედეგების მიხედვით მსჯელობენ. თუ “ოცნებას” ასეთი შედეგი ექნება, მაშინ არავის გაახსენდება მას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა თუ არა. თუ ვერ ექნება, მაშინ მაინც მაგათ გალანძღავს ყველა, თუნდაც უბრალოდ უმრავლესობა ჰქონდეთ.

წყარო: “რეზონანსი”

 

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...