აფბა: მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება
10 მაისს „პირველი“-ის პრეს-კლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“, ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრირების აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა და ინიციატივის ეკონომიკური მხარე შეაფასა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის მიღება, უარყოფითად არ აისახება ავტოიმპორტიორ კომპანიებზე.
„დღეისათვის საქართველოს ავტოპარკი მილიონ ავტომობილს აჭარბებს, ანუ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით გამოდის, რომ თითქმის ყოველ მესამე ადამიანს ავტომანქანა ყავს, შესაბამისად, კანონპროექტის ინიცირების ერთ–ერთი მთავარი მოტივაცია არის დედაქალაქის საცობებისგან გაწმენდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ავტოპარკის 35%-ზე მეტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილებია. ხოლო მთლიანი ავტოპარკის 40%-ზე მეტი დედაქალაქშია თავმოყრილი. კანონის ინიციატორები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ასევე საქართველოს გზების ინფრასტრუქტურას ასახელებენ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საზგაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მარცხენა საჭიან ავტომობილებზეა გათვლილი და მარჯვენასაჭიანი მანქანების მსგავსი ტემპით ზრდამ შესაძლოა მთლიანი ინფრასტრუქტურის გადაწყობა მოითხოვოს. 2014 წლის მონაცემებით (ეს არის უკანასკნელი ოფიციალური მონაცემები) იაპონიიდან, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ძირითადი იმპორტიორი ქვეყანაა, 2.5-ჯერ მეტი ავტომობილი შემოვიდა 2013 წელთან შედარებით და საერთო იმპორტის 39%-ი შეადგინა.
ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დაშვებულია როგორც მარჯვენა ისე მარცხენა საჭიანი ავტობობილები, უპირატესობა ენიჭება ერთ კონკრეტულ მხარეს და საპირისპირო მხარეს მქონე საჭიანი ავტომობილების რაოდენობა ავტოპარკში მიზერულია.
კანონპროექტის მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს იმით, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა, ერთის მხრივ უარყოფითად აისახება ავტომობილების იმპორტიორ კომპანიებზე, მეორეს მხრივ კი დარტყმას მიაყენებს ქვეყნის რეექსპორტს. ვინაიდან მთლიან ექსპორტში სწორედ ავტომობილების რეექსპორტს უჭირავს „ლომის წილი“. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ინიციატივა ითვალისწინებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში რეგისტრაციის აკრძალვას. ხოლო, ავტომობილების საქართველოში შემოყვანა მისი შემდგომი გადაყიდვის მიზნით არ იკრძალება.“
ანალიტიკოსმა ასევე სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ძირითადად ქვეყნის შიგნით რჩება და რეექსპორტზე არ გადის.
„აღსანიშნავია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეძენით დიდათ არ არიან დაინტერსებული ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები. აზერბაიჯანში, რომელიც დღემდე ერთ-ერთი მთავარი რეექსპორტის მიმართულებაა, საერთოდ აკრძალულია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა. რაც შეეხება ერთ-ერთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ სომხეთს, მართალია ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა კანონით არ იკრძალება მაგრამ ქვეყანა გაწევრიანებულია საბაჟო კავშირში რაც თავისმხრივ, ფაქტობრივად უკეტავს არაწევრ ქვეყნების ბაზარს.
2014 წლის მონაცემებით ავტომობილების იმპორტი 21%-ით გაიზარადა, ხოლო ექსპორტ-რეექსპორტი 38%-ით შემცირდა. ასევე მკვეთრად მოიმატა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტმა და მთელი იმპორტის 33% შეადგინა. თუმცა თუ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი მკვეთრად იზრდება, უმნიშვნელო ზრდა არის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ექსპორტსა და რეექსპორტზე რომელიც 5%–ს არ აღემატება. შესაბამისად ქვეყანაში შემოსული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების დიდი უმრავლესობა ისევ ქვეყნის შიგნით რჩება. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით კი ხელისუფლება ცდილობს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ქაოტური შემოდინება ქართულ ბაზარზე შეაჩეროს. იმდენად, რამდენადაც საქართველოში ავტოპარკის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და ამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი სწორედ მარჯვენა საჭიანი ავტომანქანები არიან, მხოლოდ 2014 წელს ზრდის მაჩვენებელმა 9.7% შეადგინა. „