აფბა: ქართული ნავთობკომპანიები საწვავის ფასს კვლავ არ ამცირებენ
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო 3 თვეში 45.74%–ით შემცირდა
ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია–„აფბა“, ქართული საწვავის ბაზარზე არსებული ფასების კლების ტენდენციას შეუსაბამოდ მიიჩნევს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად. როგორც აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას, „აფბას“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს და 7 წლიან მინიმუმზეა, ხოლო ნიუ–იორკის ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ბარელის ფასი 2.23 დოლარით შემცირდა და 38.06 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასის მსგავსი ვარდნა ბოლოს 2009 წელს დაფიქსირდა.
„მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი არის ირანისთვის მოხსნილი სანქციები. როგორც ირანის ნავთობის მინისტრი აცხადებს, ირანი ნებისმიერ ფასად დაიცავს თავის წილს ნავთობის ბაზარზე, ეს კი თავის მხრივ ნიშნავს მოპოვების კიდევ უფრო გაზრდას, რაც ძალაუნებურად ფასის კიდევ უფრო დაწევას გამოიწვევს. ამ ფაქტს კიდევ უფრო ამყარებს ისეთი ნავთობ გიგანტების განცხადებები, როგორებიცაა BP და Royal Dutch Shell-ი, რომლებიც ირანთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ემზადებიან. „ოპეკის“ ქვეყნები ბაზარზე საკუთარი წილის შესანარჩუნებლად იძულებულნი არიან მოპოვება გაზარდონ, თუმცა იმის გათვალიწინებით, რომ ყველა ქვეყანას მოპოვება სხვადასხვა ფასი უჯდება, რიგ შემთხვევებში ქვეყნები ნავთობს საკუთარი ეკონომიკისთვის არახელსაყრელ ფასად ყიდიან. დღეისათვის ნავთობის ყველაზე მსხვილი მომპოვებელი საუდის არაბეთია“ – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
მისივე თქმით, ბოლო დროს ნავთობის ფასის შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ერაყმაც, რომელმაც ნავთობის მოპოვება 4 მილიონ ბარელამდე გაზარდა დღეში.
„რაც შეეხება ქართულ ბაზარს, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების პარალელურად, ცვლილება მოხდა ქართულ საწვავის ბაზარზეც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობ კომპანიებმა ფასი 3–5 თეთრით შეამცირეს, თუმცა საკითხავია, თუ რამდენად ადეკვატურია ეს შემცირება გარე ფაქტორების გათვალისწინებით.
საქმე იმაშია, რომ მხოლოდ ბოლო ერთი თვის მანძილზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 22,44%–ით შემცირდა, საქართველოში კი ეს შემცირება 2.5%–ს არ აღემატება. მეტად საგულისხმო ფაქტია ასევე ისიც, რომ ნავთობის ფასი ბოლო 2 თვეა დაღმავალ ტრენდს ინარჩუნებს, უფრო დეტალურად კი ივლისის თვეში ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 23.3%–ით იყო შემცირებული ივნისის თვესთან შედარებით, მსგავსი შემცირების მიუხედავად, საქართველოში ივლისის თვეში არცერთ კომპანიას არ შეუმცირებია ფასები. მაგალითისთვის ამერიკაში ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი უკვე ჩამოვიდა 0.62 ცენტზე, რაც დღევანდელი კურსით 1.46 ლარს უდრის.
რათქმაუნდა გასათვალისწინებელია ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი დევალვაციაც, მაგრამ ამ ფაქტის მიუხედავად, ქართული საწვავის ფასი მაინც არ გამოდის ადეკვატური, იმდენად რამდენადაც, ლარი ბოლო 2 თვეში გაუფასურდა 5.08%–ით, მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობის ფასი ბოლო 3 თვის მანძილზე 45.74 %–ით შემცირდა.“ – აცხადებს აფბას ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.