საზოგადოება

“ახალი კანონით დასაქმებულთა უფლებები უკეთესად იქნება დაცული”

 

“ბოლო პერიოდში აქტიური განხილვის საგანს წარმოადგენდა ჩინოვნიკთა ანაზღაურება, რაც ამ კანონის შედეგად დარეგულირდება”

2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის ოქტომბერში მიიღო. კანონის მიღებასა და მზადებას ამოქმედებისთვის თითქოს და არ ეთმობა ჯეროვანი ყურადღება. ამ კანონის შესახებ ინტერვიუ ვთხოვეთ ექსპერტ ვაჟა ბერიძეს.

– როგორია თქვენი ინფორმირებულობა რეფორმის მიმართ?

– მე პირადად არ ვყოფილვარ ამ რეფორმის შემუშავებაში ჩართული. თუმცა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თვალს ვადებნებდი.

– როგორ შეაფასებთ რეფორმის გატარების საჭიროებას?

– გამომდინარე იქედან, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაა. ჩვენთან ჯერ კიდევ არაა საჯარო სექტორში დასაქმებისას სამართლიანობის პრინციპი სათანადოდ დაცული. სამწუხაროდ, კვლავ მაღალია ნეპოტიზმი სახელმწიფო სტრუქტურებში. თუმცა ეს პრობლემა სხვა განვითარებული ქვეყნების წინაშეც დგას. ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით პერიოდული ცვლილებების განხორციელება არსებული რეალობიდან გამომდინარე. ამასთან, ბოლო პერიოდში აქტიური განხილვის საგანს წარმოადგენდა ჩინოვნიკთა ანაზღაურება, რაც ამ კანონის შედეგად დარეგულირდება.

– რა ნაკლოვანებები და უპირატესობები გააჩნია ახალ კანონს?

– ნაკლოვანებებიდან გამოვყოფდი საკმაოდ დიდ სსიპ–ების სიას, რომელზეც ეს კანონი არ ვრცელდება. გამომდინარე იქედან, რომ სსიპ–ებში სახელმწიფო ფინანსები იხარჯება, მიმაჩნია, რომ ისეთ დაწესებულებათა რაოდენობა, რომელიც ამ რეგულაციის ქვეშ არ მოხვდება, უნდა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული.

მოხელის გამოსაცდელი ვადა გაიზარდა 6–დან 12 თვემდე, რაც ასევე კანონის ნაკლოვანებად მიმაჩნია;

რაც შეეხება დადებით მხარეებს, გამოვყოფდი ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვას, რაც უდაოდ მისასალმებელია. რადგან დღეს მოქმედი პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს მონიტორინგის ელემენტარულ დონესაც კი. რომ აღარაფერი ვთქვათ შეცდომის აღმოჩენის ჯარიმების სისტემაზე. დღეს თუ დეკლარაციაში დამალე ინფორმაცია, ამის გამო ფულად ჯარიმას იხდი და თუ შეცდომა დაუშვი, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ეს სისტემა ინფორმაციის დამალვისკენ უბიძგებს ჩინოვნიკებს.

– როგორ შეაფასებთ კანონს ნორმათა დეტალიზების კუთხით?

– ასეთი შემთხვევები ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობრივი დებულებების არსებობას ან კიდევ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების არარსებობას, რაც განაპირობებს კანონის არასათანადოდ გამოყენებას; ბუნდოვანი და ორაზროვანი ფორმულირებები არაერთგვაროვანი პრაქტიკის საშუალებას იძლევა (მაგალითად, კლასიფიკაცია და ანაზღაურება) იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც უნიფიცირებულ მიდგომას საჭიროებს; რეგულაციების არარსებობა განსხვავებული პროცედურების (მაგალითად, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში) არსებობას განაპირობებს, რომელთა უნიფიცირებაა საჭირო.

– როგორ შეაფასებთ კანონპროექტის მოსამზადებლად ჩატარებულ სამუშაოს?

– საკმაოდ დადებითად. რადგან კანონპროექტი მომზადების ეტაპზე ჩართული იყო არასამთავრობო სექტორიც, რომელთა შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულ იქნა. როგორც ცნობილია, კანონი მომზადებულია 2013 წელს განხორციელებული ანალიზისა და საკონსულტაციო პროცესის შედეგად, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები.

– თქვენი აზრით რამდენად იცავს ახალი კანონი გამჭვირვალობის პრინციპს?

– ამ კანონით საჯარო სამსახურის სისტემაში გაუმჯობესდება გამჭვირვალობის პრინციპი, რაც შესაძლებელს გახდის ნათლად გაიმიჯნოს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა კატეგორიები და მათი სამართლებრივი სტატუსი. თუ არ ჩავთვლით 34 მუხლის 2 პუნქტს, რომლის თანახმადაც მეორე, მესამე ან პირველი რანგის პირის მოხელის შერჩევა ხდება დახურული კონკურსით, რაც ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის პრინციპებს.

– კლასიფიკაციის სისტემის შემოღება გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა?

– დადებითად. რა თქმა უნდა, დასაქმებულთა კლასიფიკაცია, კანონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. საჯარო მოხელის კანონში მკაფიოდ არის განმარტებული საჯარო მოხელის ცნება. შესაბამისად, აღნიშნული მხარე ცალსახად შეიძლება დადებითად შეფასდეს. მოხელეების სწორი კლასიფიკაციის საშუალებით, ერთი-ორად ადვილდება სახელმწიფო სტრუქტურისა და პოტენციური დაქირავებულის ურთიერთობები.

– როგორ შეაფასებთ კანონში შესულ კონკრეტულ ცვლილებას პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობების გამიჯვნასთან დაკავშირებით?

– კანონის ბოლო რედაქციის საფუძველზე მკაფიოდ იმიჯნება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობების პირების სამოქმედო არეალი. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების უფლება-მოვალეობები. რომლებიც არ ახორციელებენ საჯარო მმართველობას.

– როგორია თქვენი შეფასება საჯარო სექტორის ცენტრალიზებული მოდელის შემოღებასთან დაკავშირებით?

– აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია სწორედ ასეთი ტიპის ცენტრალური მოდელის შემოღებას უწევდა რეკომენდაციას. შესაბამისად მთავრობამ ეს გაითვალისწინა და შესაბამისი რეფორმაც განახორციელა.

– რას იტყოდით კლასიფიკაციის სისტემასთან დაკავშირებით?

– კლასიფიკაციის სისტემა მაქსიმალურად ზრდის მოხელეთა მუშაობის ეფექტიანობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ კანონში მკვეთრად განისაზღვრა პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ცნება. კანონის ახალი რედაქციით, პროფესიული მოსამსახურეები მაქსიმალურად დაცულნი არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან, რაც სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას ერთმნიშვნელოვნად ამაღლებს, იმდენად, რამდენადაც პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი დაფუძნებულია კარიერის პრინციპზე და საჯარო მოხელის ინსტიტუტი არის საჯარო სამსახურის სტაბილურობის გარანტი.

– თქვენი აზრით დაიხვეწა თუ გართულდა მოხელის სამსახურში აყვანისა და გათავისუფლების  პროცედურები?

– შეიძლება ითქვას, რომ სამსახურში აყვანისა და გაშვების პროცედურები მცირედით გართულდა. თუმცა გარკვეული მიმართულებით მოხდა სისტემის დახვეწა. მაგალითად, ახალი რეგულაციებით უფრო სამართლიანი გახდა ახალი კადრების აყვანის წესი, თუმცა მოხელის განთავისუფლება გართულდა და ახლა ერთი ხელის მოსმით ვეღარ გააგდებენ ადამიანებს სამსახურიდან. ამას ერთის მხრივ დადებითი მხარე აქვს, დასაქმებულთა უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული.

– როგორია თქვენი შეფასება საჯარო მოხელის უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებით? რამდენად დაცულია თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის პრინციპები?

-კანონის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ მკაფიოდ განისაზღვროს მოხელეთა უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული კანონის დასახვეწად, მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს დისწიპლინური პასუხისმგებლობისა და გადაცდომების დეფინიცია, რაც  დაქირავებულის უფლებების მყარად დაიცავს უკანონო და დამქირავებლის მხრიდან პირადი უთანხმოების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებისგან.

რაც შეეხება, თანასწორუფლებიანობის პრინციპს, მიმაჩნია, რომ ამ კუთხით პრობლემები მეტნაკლებად გამოსწორებისკენ მიდის. რა თქმა უნდა, კანონი მაქსიმალურად უნდა იცავდეს როგორც გენდერული, ისე რელიგიური და სექსუალური უმცირესობების შრომის უფლებას.

ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ამ კუთხით გარკვეული ტიპის ვალდებულებები აღებული აქვს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურში თანასწორუფლებიანობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვის კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა.

– რამდენად იქნა გათვალისწინებული საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების და საჯარო უწყებების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები კანონპროექტთან დაკავშირებით?

– უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი შენიშვნები იქნა გათვალისწინებული. თუმცა რამდენიმე შენიშვნა კვლავ დარჩა. თუმცა მთლიანობაში დადებითად შევაფასებდი ამ პროცესს.

– თქვენი აზრით რა ძირითადი სირთულეებია მოსალოდნელი კანონის იმპლემენტაციის ეტაპზე?

– როგორც ვიცით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის იმპლემენტაციის პროცესს კოორდინაციას უწევს საჯარო სამსახურის ბიურო. მიმაჩნია, რომ რეფორმის მიმდინარეობისას ზედმიწევნით კარგად უნდა განისაზღვროს ყველა ის გამოწვევა, რაც აღნიშნული კანონის იმპლემენტაციას გააჩნია. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ კარგად იქნას შესწავლილი ის გამოცდილება, რაც განვითარებულ ქვეყნებს აქვთ.

– რა მოლოდინები გაქვთ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ?

– აღნიშნული კანონის ამოქმედებით გაუმჯობესდება საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეთათვის პირობები. სახელმწიფო სექტორში დასაქმების მოთხოვნები და პრინციპი გახდება უფრო სამართლიანი. ამასთან, გაუმჯობესდება დასაქმებულთა უფლებების დაცვა. კანონმა უნდა დაარეგულიროს ასევე დეკლარირების მოუწესრიგებელი სისტემა, რომელიც დღეისათვის უამრავ ნაკლს შეიცავს.

ნინო მეტრეველი

GIPA-ს საჯარო პოლიტიკის მაგისტრანტი