საზოგადოება

ბავშვთა/ადრეული ქორწინების პრობლემა საქართველოში

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ადრეულ ასაკში ქორწინება საკმაოდ აქტუალური და პრობლემატური თემაა. ის დიდი ხანია ბევრ ქვეყანაში გამოწვევად იქცა. პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის ნატალია კანემის პოზიციაც, რომლის მიხედვით, „მთელ მსოფლიოში, გოგონები გენდერულ სტერეოტიპებს უპირისპირდებიან და თავს აღწევენ ტრადიციულ როლებს, რომელსაც საზოგადოება მათ თაობების განმავლობაში კარნახობდა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება ბავშვობის ასაკში ქორწინებას და ამ პრაქტიკის დასრულებას ემხრობა. ისინი მხარს უჭერენ გოგონების უფლებას, დაამთავრონ სკოლა და იცხოვრონ ძალადობისა თუ ზიანისგან თავისუფალ გარემოში. „

საინტერესოა ის,რომ ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმება, კონვენცია და სამოქმედო პროგრამა არსებობს. მათ შორისაა: ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია (1979); ბავშვის უფლებათა კონვენცია (1989), სტამბოლის კონვენცია (2011), მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამა და მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის 25-ე წლისთავზე ნაირობიში გაკეთებული განცხადება: „პირობის შესრულების დაჩქარება“.
საქართველომ გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW) და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციების რატიფიცირება 1994 წელს, ხოლო სტამბოლის კონვენციისა – 2017 წელს მოახდინა.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემების მიხედვით, ადრეულ ასაკში დაქორწინების პრაქტიკა ყველაზე გავრცელებული აფრიკასა და სამხრეთ აზიაშია. ამ კუთხით არასახარბიელო ვითარებაა საქართველოშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, (მუხლი 1108) ქორწინება დაშვებულია მხოლოდ 18 წლის ასაკიდან, თუმცა ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები მთელი ქვეყნის მასშტაბითა ხშირად ფიქსირდება.
გაეროს მოსახლეობის ფონდის 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით საქართველოში 18 წლამდე დაქორწინებული 20-24 წლის ქალების პროცენტული მაჩვენებელი 2010 წელს 14 % ყო,2018 წელს – 13,9 %. ეს მონაცემი მამაკაცებში კი 0,5 %. ამის საფუძველზე კვლევაში აღნიშნულია, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება „ გენდერულად განპირობებული ფენომენია“.

საყურადღებოა ისიც, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინება უფრო ხშირად სოფლად ხდება – სადაც 20-დან 24 წლამდე ასაკის ქალების 25 პროცენტი 18 წლამდე დაქორწინდა – ვიდრე ქალაქებში (8 პროცენტი).

დოკუმენტში, „ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება საქართველოში“ ვკითხულობთ, რომ ადრეული, ანუ ბავშვობის ასაკში ქორწინება, ეს არის ორი ადამიანის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი, სადაც, ერთი მათგანი მაინც 18 წელს მიუღწეველია. იმის გამო, რომ 18 წლამდე პირი ჯერ კიდევ ბავშვია, იგულისხმება, რომ მას გააზრებული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინებას განიხილავენ, როგორც, ფაქტობრივად, იძულებით ქორწინებას და ეს ადამიანის, ასევე, ბავშვის უფლებების დარღვევად უნდა იქნას მიჩნეული.

ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების არაერთი მიზეზი არსებობს. შედეგი კი ისა, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგონები განათლების, დასაქმების პერსპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე რჩებიან. ამას ადასტურებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელებული კვლევაც.

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება ასევე კავშირშია სიღარიბესთან და დაბალ სოციალურ სტატუსთან. ის გოგონებისთვის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან ერთგვარი გამოსავალია. შემდეგ კი , ძირითადად, სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება. ქორწინების შედეგად, გოგონები იძულებულები არიან სწავლის პროცესი ან შეკვეცილი ფორმით გააგრძელონ, ან სულაც შეწყვიტონ.
დოკუმენტში , სახელწოდებით „ადრეული ბავშვობის ასაკში ქორწინება „ აღნიშნულია, რომ ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება გოგონების უფლებების დარღვევაა, ის მათ ართმევს ბავშვობას, ხელს უშლის სრულფასოვანი განათლების მიღებაში, საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და ზღუდავს მათ შესაძლებლობებს.
ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებაზე, როგორც მნიშნელოვან გამოწვევაზე , საუბარია სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც:
„ ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მოხვდა. კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს 679 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, არასრულწლოვან მშობლად კი – 409 პირი დაარეგისტრირეს. „ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ქორწინების საფრთხეებსა და მის ნეგატიურ შედეგებზე საზოგადოებაში ინფორმირების დონე თანდათანობით იზრდება, ბავშვობის ასაკში ქორწინება კვლავ დაუძლეველი პრობლემაა.

კომენტარის დატოვება