“დროა, დაიწყოს საინოვაციო პოლიტიკის დანერგვა ქვეყანაში”
ცნობილმა ამერიკულმა ორგანიზაციამ რენდ ქორფორეიშენმა, მსოფლიო ბანკის დაკვეთით, 2001 წელს 150-ზე მეტი სახელმწიფოს სამეცნიერო პოტენციალი გამოიკვლია. საქართველო რამდენიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყანასთან ერთად “ჩამორჩენილი” ქვეყნების კატეგორიაში მოექცა, პანამასა და ბურკინა-ფასოს შორის. 2006 წელს რენდ ქორფორეიშენმა, აშშ დაზვერვის ეროვნული საბჭოს დაკვეთით, გამოაქვეყნა ანგარიში ქვეყნების ინოვაციური პოტენციალის შესახებ. აქცენტი ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარზე იყო გაკეთებული. გამოკვლეულ იქნა ქვეყნების უნარი 2020 წლისთვის აითვისონ 16 უმნიშვნელოვანესი (კრიტიკული) ტექნოლოგია სხვადასხვა სფეროში. საქართველო აღმოჩნდა იმ უსუსტეს ქვეყანათა ჯგუფში (კამერუნი, ჩადი…), რომლებიც შეძლებენ 16-დან არა უმეტეს ხუთის ათვისებას. გამოკვლევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სამედიცინო ტექნოლოგიების ათვისების უნარს. მკვლევარების აზრით, საქართველო განხილული 5 ახალი სამედიცინო ტექნოლოგიიდან 2020 წლისთვის ვერც ერთს ვერ აითვისებს.
2012 წლიდან ის უმთავრესი მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც შეფასება წარმოებდა, საქართველოში გაუარესდა. ეს მაჩვენებლებია: მეცნიერებაზე წლიური ხარჯები, გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტით; მეცნიერთა რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე; გამოგონებების რაოდენობა მშპ ერთ მილიარდ დოლარზე და ზოგიერთი სხვა. ამდენად, შედეგი მოულოდნელი არაა. თუ ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი სუსტია, სხვისი მიღწევების ათვისების უნარიც სუსტია. 2011 წელს შესრულდა ორი გამოკვლევა. ისრაელის ცნობილმა კვლევითმა ცენტრმა INSEAD-მა გამოაქვეყნა გლობალური საინოვაციო ინდექსი, რომლის თანახმად საქართველო 73-ეა (ტრინიდად და ტობაგოსა და პარაგვაის შორის). მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2014 წელს შეადგინა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ინდექსი, რომელშიც საინოვაციო ინდიკატორებს თვალსაჩინო ადგილი უკავიათ. საქართველო 93-ეა.
ზემომოყვანილი მონაცემები ნიშნავს შემდეგს: საქართველომ განსაკუთრებული ზომები თუ არ მიიღო, მისი ჩამორჩენა გაიზრდება და იგი განვითარებული ქვეყნების რიგში ვერ ჩადგება. მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ეს იმასაც ნიშნავს, რომ ასეთი ზომების მიღების შემთხვევაში, მომავალი შეიძლება ბრწყინვალე აღმოჩნდეს. საკმაოდაა ქვეყნები, რომლებიც უარესი მდგომარეობიდან გამოვიდნენ და დიდ წარმატებებს მიაღწიეს.
მსოფლიო გამოცდილებიდან ვიცით, რომ მე-20 საუკუნეში მხოლოდ ის ქვეყნები განვითარდნენ, რომლებმაც მიზანდასახული და გრძელვადიანი საინოვაციო პოლიტიკა განახორციელეს. მაგალითებია – სინგაპური, ირლანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ბრაზილია, ჩინეთი, თურქეთი. ამ ქვეყნებში მაღალია ხარჯები მეცნიერებაზე როგორც საზოგადოებრივ, ასევე კერძო სექტორებში. ამ ქვეყნებმა ეფექტიანად გამოიყენეს როგორც უცხოური კრედიტები, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეფექტიანობის “საიდუმლო” მდგომარეობდა ისეთი ინვესტიციების განსაკუთრებულ ხელშეწყობაში, რომელსაც ქვეყანაში ახალი ცოდნა და ტექნოლოგია შემოჰქონდა.
მაგალითად, სინგაპურში “პიონერული ინდუსტრიის” ცნება დაამკვიდრეს – დარგების დამტკიცებული ჩამონათვალი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო (ინოვაციური) იყო სინგაპურისთვის. ინვესტიცია, რომელიც ამ ჩამონათვალს პასუხობდა, დიდი უპირატესობით სარგებლობდა. მაგალითად, შექმნილი საწარმო 15 წლამდე ვადით თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ჩამონათვალი პერიოდულად ახლდებოდა.
მეორე მაგალითია ირლანდია. მან განსაკუთრებით შეუწყო ხელი იმ ფირმებს, რომლებიც ირლანდიაში საკუთარ კვლევით ცენტრებს აფუძნებდნენ.
საქართველოსთვის, ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსთან დაკავშირებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპის გამოცდილება. ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის იმედებს ევროკავშირი მთლიანად საინოვაციო პოლიტიკაზე ამყარებს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგმა “ევროპა – 2020” შედგება შვიდი საინოვაციო საფლაგმანო ინიციატივისგან. ესენია, – “ციფრული დღის წესრიგი ევროპისთვის”, “ინოვაციური კავშირი”,”ახალგაზრდობა მოდის”, “ევროპა – რესურსების ეფექტიანი მომხმარებელი”, “ინდუსტრიული პოლიტიკა გლობალიზაციის ერაში”, “ახალი პროფესიებისა და უნარების დღის წესრიგი” და “ევროპული პლატფორმა სიღარიბის წინააღმდეგ”. ცალკე მდგომი სოფლის განვითარებისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიები ასევე საინოვაციო პოლიტიკის საფუძველზე განვითარებას ეფუძნებიან. ცხადია, რომ ევროინტეგრაციის გზით მიმავალი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება საინოვაციო პოლიტიკას უნდა ეფუძნებოდეს, თუმცა, მისი კონკრეტული შინაარსი საწყის ეტაპებზე ევროპულისგან განსხვავებული იქნება. მთავარია დაინერგოს ინოვაციური განვითარების საერთო გეზი და ეტაპობრივად ინერგებოდეს ევროპული პრაქტიკა. ამის გარეშე განვითარებული ქვეყნების ჯგუფთან მიახლოება შეუძლებელია.
უცხოელმა მკვლევარებმა და პარტნიორებმა, მათ შორის ევროპული პროგრამების ჩარჩოებში, არაერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოს ეროვნული საინოვაციო პოლიტიკა არ გააჩნია. ამ მიზეზით, ერთი მხრივ, არსებული სპონტანური საინოვაციო პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა პოლიტიკის არსებობის შემთხვევაში, ხოლო მეორე მხრივ, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს უნარი აითვისოს ტექნოლოგიები დაბალ შეფასებებს იღებს, რაც ნეგატიურად მოქმედებს მაღალტექნოლოგიურ სფეროებში ინვესტორების ინტერესზე საქართველოს მიმართ.
ევროპულ სახელმწიფოებში ეკონომიკური განვითარების მართვა ხორციელდება თანაბარი და მაღალი სტატუსის მქონეორი ტიპის საბჭოების მეშვეობით. ერთია ეკონომიკური განვითარების საბჭოები, მეორე – ინოვაციური განვითარების საბჭოები. ორივეს პრემიერ-მინისტრები თავმჯდომარეობენ. ორივეში ძირითადი მინისტრები შედიან. პირველში თავმჯდომარის მოადგილე ფინანსთა მინისტრია, ხოლო მეორეში – მეცნიერების მინისტრი. დანარჩენი წევრების შემადგენლობა განსხვავდება. პირველში ჭარბობენ სამრეწველო სფეროს წარმომადგენლები, ხოლო მეორეში – მეცნიერების წარმომადგენლები. საქართველოში თავისი სტატუსით ამ საბჭოებს უშიშროების საბჭო უტოლდება.
ამავე დროს, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ 2014-2015 წლებში საინოვაციო განვითარების მიმართ ინტერესი საქართველოში გაიზარდა. მაგალითად, პარლამენტში შიქმნა საინოვაციო საბჭო. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტიდიდ ინტერესს იჩენენ აღნიშნული საკითხების ყველა ასპექტის მიმართ, მათ შორის კვლევითი სისტემის განვითარების მიმართ. ცხადია, კვლევითი სისტემის განვითარების საკითხს იხილავს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტიც. მან კვლევითი ორგანიზაციების დაფინანსების მიმართ მეტი ყურადღება და მათი, როგორც იურიდიული პირების, სტატუსის აღდგენა მოითხოვა.
საინოვაციო საქმიანობის გასაძლიერებლად საქართველოში შეიქმნა რამდენიმე სასარგებლო ახალი ორგანიზაცია, მაგალითად, საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტო (GITA).
მაგრამ ზემოაღნიშნული მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ღონისძიებები, ჯერჯერობით, ფრაგმენტულია. საქართველოს მთავრობის თხოვნით, მსოფლიო ბანკის მიერ 2013-2014 წლებში მომზადებულ საქართველოში საინოვაციო სტრატეგიის თაობაზე რეკომენდაციებშიც კი, თუმცა ნათქვამია, რომ ხარჯები მეცნიერებაზე უნდა გაიზარდოს, არაფერია ნათქვამი კვლევითი ორგანიზაციებისთვის იურიდიული პირების სტატუსის აღდგენის შესახებ. ასე რომ, ჯერ შორს ვართ სისტემური მიდგომისგან, რომელიც მთავრობისა და პარლამენტის ქმედებების ძლიერ ურთიერთკავშირსა და ყველა რელევანტური სამსახურის მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფს.
ინოვაციური განვითარების მხარდაჭერა დღეს კარგი მმართველობის აუცილებელი ნიშანია. იგი გულისხმობს მეცნიერებასა და წარმოებასთან სახელმწიფო მანქანის განსაკუთრებულ, პრიორიტეტებზე დაფუძნებულ, ურთიერთობას. ეს ურთიერთობა შეიძლება გამოვლინდეს: საწარმოებისთვის კვლევასა და საინოვაციო პროექტებზე სახელმწიფო გრანტების გაცემაში; მრავალფეროვანი შეღავათების შემცველ საგადასახადო რეჟიმში; ხელსაყრელ საკრედიტო და საბაჟო რეჟიმში;მოწყობილობების დაჩქარებულ (შემოკლებულ)საამორტიზაციო ვადებში; საინოვაციო პროექტებში მონაწილე მეცნიერთა საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებაში და სხვა. რას, როგორ და რა ზომით შევუწყოთ ხელი – ამის გადაწყვეტას კვლევა სჭირდება. სხვა სიტყვებით, კვლევაზე დაყრდნობის გარეშე მიზანშეწონილ პოლიტიკას მთავრობა ვერ შეიმუშავებს. მრავალ კითხვაზე პასუხის მიღება სამეცნიერო ექსპერტიზას მოითხოვს. მაგალითად, უნდა დაეხმაროს თუ არა მთავრობა “არაკვლევით” ინოვაციას, ანუ განვითარების ღონისძიებებს, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, მაგრამ საქართველოსთვის ახალია? უნდა დაწესდეს თუ არა შეღავათები “მიზანშეწონილი ინოვაციის” მიმართ? უნდა გავავრცელოთ თუ არა კვლევისთვის დაწესებული შეღავათები საცდელ სამუშაოებზე? როგორი იქნება სოციალურ-ეკონომიკური შედეგები თითოეულ ამ კითხვაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში? პასუხების გაცემის აუცილებლობას კვლევითი სისტემის ქმედითუნარიანობასთან მივყავართ – მის უნართან ამოხსნას სახელმწიფო მართვის ამოცანები.
ეროვნული საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ეროვნული კვლევითი სისტემა მრავალმხრივ და გადამწყვეტ როლს თამაშობს. მისი ცალკეული ფუნქციის განხილვას არაერთი სტატია შეიძლება მიეძღვნას. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სისტემა კარგად დაბალანსებული უნდა იყოს. მხედველობაში მაქვს შემდეგი ტიპის შეფარდებების დაბალანსება: ფუნდამენტური/გამოყენებითი კვლევა, კვლევა საჯარო სექტორში/კერძო სექტორში, ხარჯები ინსტიტუტების მიერ საწესდებო ფუნქციების შესრულებაზე/ხარჯები საკონკურსო სამუშაოებზე და მრავალი სხვა. კვლევას უნდა ეფუძნებოდეს სამინისტროების მუშაობა. აქედან გამომდინარეობს ინსტიტუტების, უნივერსიტეტებისა და სამინისტროების ურთიერთობის ამოცანა. ჩამონათვალს აღარ გავაგრძელებ.
ამჟამად ეროვნული კვლევითი სისტემა ძლიერაა დასუსტებული იმასთან შედარებით, რასაც იგი ორი ათეული წლის წინ წარმოადგენდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი წარვმართეთ ყველაზე უარესი სცენარით – საინოვაციო საქმიანობის მსოფლიო პრაქტიკის სრული იგნორირებით. ჯერ კიდევ სამი წლის წინ შესაძლებელი იყო ფიქრი კვლევითი სისტემის რეაბილიტაციაზე. დღეს, როდესაც ინსტიტუტების უმრავლესობა იურიდიულად აღარ არსებობს, მათ ნარჩენებში ხშირად სულ რამდენიმე თანამშრომელია დასაქმებული, შენობები გაყიდულია, საუბარი მხოლოდ ეროვნული სისტემის ხელახალ აწყობაზე შეიძლება. აწყობა საინოვაციო პოლიტიკის კონტექსტში უნდა მოხდეს – ეს ერთადერთი რაციონალური მიდგომაა.
საინოვაციო სისტემის (რომლის ნაწილია კვლევითი სისტემა) განვითარებაზე მსჯელობის დაწყება გარდუვალია. მნიშვნელოვანია, რომ ძველი მეთოდოლოგიური შეცდომები არ გავიმეოროთ, რისი საფრთხეც, ზოგიერთი ნიშნით, არსებობს. უნდა ვიმსჯელოთ პრობლემაზე იმ ცნებებისა და კონცეფციების გამოყენებით, რომელიც ამ სპეციფიურ სფეროშია მიღებული. უნდა გავათავისუფლოთ მსჯელობა ემოციებისგან და ჯგუფური ინტერესებისგან, რაც ახლდა მეცნიერების რეფორმაზე დისკუსიას. ამისთვის ფართო საჯარო დისკუსიის წამოწყება მეტად სასურველი იქნებოდა. საკითხი ამას იმსახურებს, რადგანაც მასთან ქვეყნის მომავალია დაკავშირებული.
ავტორი: ოლეგ შატბერაშვილი