სხვა

ევროკავშირის უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი ძალაში დღეიდან შედის

ევროკავშირის ახალი მექანიზმი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი, ევროკომისიის წინადადების საფუძველზე, ვიზების შეჩერების უფრო ძლიერ და მოქნილ მექანიზმზე შეთანხმდნენ.

„ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ გაუმკლავდეს უვიზო სქემებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, უვიზო რეჟიმების შეჩერების ახალი საფუძვლებით, შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად უფრო დაბალი ზღვარით, ასევე უფრო სწრაფი და მოქნილი პროცედურით. შეჩერების გადახედილი მექანიზმი ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიამ 19 დეკემბერს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მე-8 ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომისიამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევის შესახებ და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

 

კომენტარის დატოვება