გენდერული დეზინფორმაცია – ქალების საფრთხე
გენდერული დეზინფორმაცია თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ქალების დიდ როლი და მნიშვნელობა, შესაძლებლობები ყველასთვის ცხადია, მათ მიმართ ნეგატიური, დისკრიმინაციული დამოკიდებულება კვლავ პრობლემად რჩება.
სხვადასხვა დროს ,მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაბადებულმა ქალებმა, არაერთხელ შეცვალეს მსოფლიო. თავიანთი საქმიანობით პოზიტიური გავლენა იქონიეს საზოგადოებებზე, სოციუმებსა თუ კონკრეტულ პიროვნებებზე. ქალების აქტივიზმი მუდამ იყო და იქნება ცვლილებების, პროგრესის საფუძველი. ამას კი თან ახლავს რიგი დაბრკოლებები, მათ შორისაა გენდერული დეზინფორმაცია. ეს არ არის საფრთხე მხოლოდ „სუსტის სქესის ძლიერი წარმომადგენლებისთვის“ , არამედ, დამაზიანებელია დემოკრატიისთვის.
დოკუმენტში სახელწოდებით „გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება“ ვკითხულობთ:
„გენდერული დეზინფორმაცია მრავალმხრივ დამაზიანებელია. ის არა მხოლოდ პერსონალურად უქმნის საფრთხეს საჯაროდ აქტიურ ქალებს, არამედ, ქალებისთვის მონაწილეობის უფლების წართმევითა და საჯარო პროცესებში მათი ჩართულობის შემცირებით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიასაც.“[1]
EU Disinfo Lab-ი გენდერული დეზინფორმაციას შემდეგნაირად განმარტავს:
„გენდერული დეზინფორმაცია გენდერისა და დეზინფორმაციის ინტერსექციაზე აკეთებს აქცენტს, როდესაც ქალები, არაბინარული ადამიანები და საზოგადოების ისეთი მარგინალიზებული წევრები, როგორიცაა LGBTQIA+ თემი, არაპროპორციულად ხდებიან ყალბი და არაზუსტი ინფორმაციის სამიზნე. გენდერისა და დეზინფორმაციის შერწყმის ტექნიკები მრავალგვარია; მაგალითად, ისეთი მიზოგენური კომენტარების გავრცელება, რაც გენდერულ სტერეოტიპებს ამძაფრებს; გრაფიკული კონტენტის სექსუალიზება, ონლაინ შევიწროება, მათ შორის ძალადობრივი მუქარების გავრცელება, კიბერთავდასხმები და ა.შ. “[2]
გენდერული დეზინფორმაცია აქტიური ქალების გაჩუმების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევა. ხაზგასასმელია ის, რომ სოციალური მედია ყველას აძლევს შესაძლებლობას გაავრცელოს ის ამბავი რაც მას სურს და როგორც სურს. ამ ფონზე ქალების მიმართ ხშირად ვრცელდება მიზანმიმართულად, ყალბი ინფორმაცია და ისინი სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან.
საყურადღებოა , რომ „ონლაინ სივრცეში ქალების წინააღმდეგ მიმართული მზარდი სიძულვილი მათ სოციალური მედიის ყველა სიკეთით სარგებლობის საშუალებას ართმევს. ქალები არჩევანის წინაშე დგებიან, აიტანონ უწყვეტი შეურაცხყოფა და თავდასხმები და რისკის ქვეშ დააყენონ როგორც თავიანთი, ასევე ოჯახის წევრების ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა და სიცოცხლეც კი, ან თვითცენზურას მიმართონ, მეტიც, საერთოდ დატოვონ ონლაინ სივრცე და, შესაბამისად, უარი თქვან თავინთი ცხოვრების საჯარო განზომილებაზე, რომელსაც ციფრული გარემოს მიღმა უბრალოდ ვერ განავითარებენ. ზოგიერთი მათგანი იძულებული ხდება, რომ თავდამსხმელებს დაემალოს ან სულაც ქვეყანა დატოვოს.“[3]
მასალაში, „გენდერული დეზინფორმაცია – მახასიათებლები, ტაქტიკა და ამოცნობის მეთოდები“ განხილულია გენდერული დეზინფორმაციის შემდეგი მახასაითებლები:
– გენდერული სტერეოტიპების/მცდარი წარმოდგენების გავრცელება – ქალისთვის გენდერული როლების მიკუთვნება (სექსიზმი)
– გენდერული თანასწორობის იდეის ხელყოფა – მაგ., ფემინიზმის ან ქალთა უფლებების დაცვის, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების საფრთხედ წარმოჩენა;
– ძალადობის მსხვერპლი ქალების დადანაშაულების ნარატივები – მსხვერპლის მიმართ სტიგმის გაძლიერება და მსხვერპლთა დადანაშაულება, მაგ., ქალები, პროვოცირებენ ძალადობას, ან იმსახურებენ ძალადობას მათი ქცევის, ჩაცმულობის თუ ქმედებების გამო;
– ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხის მნიშვნელობის და სერიოზულობის დაკნინება: რაც ხელს უწყობს მსხვერპლის მხრიდან დუმილს და დახმარების ძიებისგან თავის შეკავებას და ისეთი სტერეოტიპების გაძლიერებას, რომელთა თანახმად პირადი საკითხი არ უნდა გამჟღავნდეს;
– მავნე ქცევის ნორმალიზება: გენდერული დეზინფორმაცია ახდენს მავნე ქცევების (ტოქსიკური მასკულინობა, აგრესია და დომინირება) ნორმალიზებას, რაც უფრო მეტად ამკვიდრებს უთანასწორობას და დისკრიმინაციის კულტურას.[4]
გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი გზავნილების გავრცელება, მათი გაჩუმების მცდელობა უკვე ტენდენციად იქცა. დეზინფორმაციული კამპანიები აქტიურად მიმდინარეობს ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეში. გენდერული დეზინფორმაცია საზოგადოებაში ქალების შესაძლებლობების დაკნინებას და მათ მიმართ უნდობლობის გაჩენას ემსახურება.
საინტერესოა ის, რომ 2023 წელს ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ „მითების დეტექტორი“ 62 გენდერული დეზინფორმაცია გამოავლინა. კვლევის მიხედვით, გენდერული ნიშნით დეზინფორმაციის ყველაზე მეტი შემთხვევა დასავლეთის წინააღმდეგ იყო მიმართული (27), საიდანაც ჰომოფობია (18) დომინირებდა.
კვლევა 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. მედია მონიტორინგის სუბიექტებად კი შეირჩა იყო როგორც ტრადიციული ,ისე სოციალური მედია.[5]
იმისთვის , რომ გენდერული დეზინფორმაციის გამოწვევას გავუმკლავდეთ, გადამწყვეტია იმის ცოდნა, თუ როგორ ამოვიცნოთ ამ ტიპის მასალა მედიაში. დოკუმენტში „გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება“ წარმოდგენილია ის ხერხები და მეთოდები, რომლებიც ამაში დაგვეხმარება. მათ შორისაა შემდეგი:
წყაროს შემოწმება: ყოველთვის გადაამოწმეთ წყაროს სანდოობა. შეამოწმეთ, ეყრდნობა თუ არა ინფორმაცია სანდო წყაროს. ფრთხილად იყავით დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილი წყაროების მიმართ. თუ სტატიაში მითითებულია მხოლოდ ანონიმური წყარო, ან წყარო საერთოდ არ არის მითითებული, მას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. გადაამოწმეთ ინფორმაცია: გადაამოწმეთ ინფორმაცია მრავალი დამოუკიდებელი წყაროდან. თუ ინფორმაცია არ არის დადასტურებული სხვა სანდო წყაროებით, ეს შეიძლება იყოს დეზინფორმაცია;
შეამოწმე ავტორი: იცით, ვინ არის სტატიის ავტორი? შეგიძლიათ მისი წინა ნაშრომების პოვნა? პატივსაცემ და სანდო ჟურნალისტს ყოველთვის აქვს წარსული პროფესიული მიღწევების სია. ასევე გადაამოწმეთ, არსებობს კი ეს ჟურნალისტი? ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ავტორი ინფორმაციას ყალბი სახელით აქვეყნებს;
გავრცელებული ინფორმაციის დრო: ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციის გავრცელების დროს. დეზინფორმაცია შეიძლება ემთხვეოდეს მნიშვნელოვან მოვლენებს ან დისკუსიებს, რათა გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე. ზოგჯერ ამოტივტივდება ხოლმე წლების წინ დაწერილი სტატია ან ვიდეო, რომელსაც იყენებენ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით, თავდაპირველი ან შეცვლილი ფორმით. ყოველთვის შეამოწმეთ პუბლიკაციის თარიღი.[6]
გენდერულ დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის მნიშვნელოვანია მედიის როლი. ღირებულია , ამ კუთხით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ წარმოდგენილი ძირითადი პრინციპები:
- მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. ყურადღებით იყავით, რომ თქვენი მასალა არ აძლიერებდეს სოციუმში გავრცელებულ მოსაზრებას ქალის და კაცის როლის შესახებ.
- სხვა პირთა მიერ სტერეოტიპული ენის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ ეხსნება მედიას. ასეთ დროს ისევე უნდა მოიქცეთ, როგორც სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში. თუ პირდაპირი ეთერია, იქვე უნდა გაემიჯნოთ, ჩანაწერის დროს კი, შესაბამისად უნდა დაარედაქტიროთ თუ, რა თქმა უნდა, გაშუქების მიზანი არ არის ის, რომ აჩვენოთ როგორ შეუფერებელ ტერმინოლოგიას იყენებს ესა თუ ის საჯარო პირი.
- მასალის მომზადებისას წყაროებს შორის ბალანსი შეძლებისდაგვარად დაცული უნდა იყოს.[7]
გენდერულმა დეზინფორმაციამ თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში შეიძლება ითქვას, მყარად მოიკიდა ფეხი. ქალები, რომლებიც მის სამიზნედ იქცნენ საზოგადოების მხარდაჭერას საჭიროებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე , რომელიც მათ ემუქრებათ, დემოკრატიულ ღირებულებებს შეიწირავს.
[1] იხ.for-guidebook.pdf (genderbarometer.ge)
[2] იხ.Genderl-Report-GEO-2022.pdf (mdfgeorgia.ge)
[3] იხ. გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება, მედიის განვითარებისბფონდი, 2023, გვ,8;
[4] იხ.Gender Disinformation Info-Brichure GE.pdf (fsokhumi.ge)
[5] იხ.მედია ჩეკერი სექსისტური ენისა და გენდერული დეზინფორმაციის კვლევის შედეგები (mediachecker.ge)
[6] იხ.Gender Disinformation Info-Brichure GE.pdf (fsokhumi.ge)
[7] იხ. გენდერული საკითხების გაშუქება – სახელმძღვანელო წესები (qartia.ge)