გერმანიის 13 აეროპორტში, ხელფასის ზრდის მოთხოვნით, გაფიცვა დაიწყო
გერმანიის უდიდეს აეროპორტებში დღეს 24-საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აეროპორტების ოპერატორებს, მიწისზედა მომსახურების თანამშრომლებს და საავიაციო უსაფრთხოების მუშაკებს პროტესტის გამოხატვისკენ გერმანიის პროფკავშირმა, Ver.di-მ მოუწოდა.
გერმანული აეროპორტების ასოციაციის, ADV-ის შეფასებით, Ver.di-ს მიერ გამოცხადებული გაფიცვის შედეგად 3 400-ზე მეტი ფრენა გაუქმდება და დაახლოებით 510 000 მგზავრი დაზარალდება. პროფკავშირი ითხოვს ხელფასის 8%-ით გაზრდას, ასევე პრემიების გაზრდას და დასაქმებულებისთვის დასვენების დამატებით დღეებს. Ver.di-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფიცვა აუცილებელია დაახლოებით 25 000 თანამშრომლის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად..