გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს – ევროკავშირის წარმომადგენლობა შიო III-ს
ევროკავშირი გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.
„იმ ეტაპზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან სჭირდება მორალური სიცხადე, შერიგება და იმედი, გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სულიერი ხელმძღვანელობა და სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის, ვინც ერთიანობას ეძებს გაურკვევლობისა და განხეთქილების დროს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი 11 მაისს აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა.
